სოციალურ ქსელებში, Facebook-სა (დაარქივებული ბმული) და TikTok-ზე (ბმული), ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ლიდერების (ნიკა გვარამია – „ახალი“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, პაატა მანჯგალაძე – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, თენგო თევზაძე – „ახალი“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“) ფოტოს ფონზე ჩანს ამერიკელი მსახიობისა და კომედიანტის, ჯონ სტიუარტის, გადაცემიდან ეპიზოდი, რომელშიც ის თითქოს ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და სტიუარტი სიტყვიერ შეურაცხყოფას აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, რიჩარდ ბრიუს ჩეინს (დიკ ჩეინს), აყენებს.
2024 წლის 11 სექტემბერს The Daily Show-ს ერთ-ერთ ეპიზოდში წამყვანი, ჯონ სტიუარტი, მიმდინარე პროცესებს განიხილავს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს. მათ შორის, ის ყურადღებას ამახვილებს კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნების დებატებზეც. ერთ-ერთ მონაკვეთში ჯონ სტიუარტი კომენტარს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ რესპუბლიკელმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა (2001-2009),რიჩარდ ბრიუს ჩეინმა, იგივე დიკ ჩეინმა, წინასაარჩევნო კამპანიისას მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიის კანდიდატ – კამალა ჰარისს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯონ სტიუარტი თავდაპირველად ხუმრობს, შემდეგ კი დიკ ჩეინს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ TikTok-ზე ზუსტად იმავე შინაარსის ვიდეო სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების (ბადრი ჯაფარიძე – „ლელო“, „ძლიერი საქართველო“, გიგი უგულავა – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრობა“, ხატია დეკანოიძე – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“) ფოტოს ფონზეც გავრცელდა (ბმული).
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და რეალობას არ შეესაბამება.