Home » სოციალურ ქსელში ევროკავშირთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული მტკიცება ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ევროკავშირთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული მტკიცება ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში სახელით „ტიტე ნატუტარი” პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში შეჩერებული გაწევრიანების საკითხის ხელახლა გაგრძელებისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის ამგვარად აყენებს საკითხს: „1. აღიარეთ გაყალბება, ჩაატარეთ ახალი არჩევნები და ხელისუფლებაში მოიყვანეთ ჩვენი ერთგული, ჩვენი მონა-მორჩილი, ჩვენს მიერ კონტროლირებადი ძალები. 2. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და გადააბარეთ ძალაუფლება. 3. ჩაებით პირდაპირ ღია სამხედრო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციასთან“.

 

რეალურად, გავრცელებული მტკიცებები ყალბია, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშსა თუ ოფიციალური პირების განცხადებებში მსგავსი მოთხოვნები არ იძებნება და მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო კრიტერიუმები მკაფიოდაა განმარტებული.

ევროკომისიამ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსით  შეფასდა ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველომ მიაღწია „უმნიშვნელო პროგრესს“ ევროკომისიის მიერ გასულ წელს განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის შესრულებაში და ხაზი გაუსვა „ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ნების ნაკლებობას“ საჭირო რეფორმების გასატარებლად.

ანგარიში აჯამებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 28 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მოჰყვა უარყოფითი პროცესები, რომლებიც არ ასახავს ხელისუფლების გაცხადებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე. ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია.

ევროკომისიის ანგარიში ასევე მიმოიხილავს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნებს, რომლებშიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ ხარვეზებზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ხარვეზები მიუთითებს საარჩევნო რეფორმის საჭიროებაზე, რაც უკვე ხაზგასმული იყო ადრე გაცემულ საკვანძო რეკომენდაციებში.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას, სასამართლო სისტემისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უკუსვლა [სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტურ უფლებებში] უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“.

ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად: „დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს“.

აღსანიშნავია, აგრეთვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მთავრობას სთავაზობს ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო გზას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში: „საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მნიშვნელოვანი დარღვევებით გამოირჩეოდა და ამაზე აუცილებელია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება და რეაგირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად, მაგრამ არც საწინააღმდეგო პოზიცია დაუკავებიათ. აქედან გამომდინარე, საჭიროა გამოძიება, რათა ცხადი გახდეს, რა მოხდა, რამდენად ხშირი იყო დარღვევები და როგორ იმოქმედა ამან არჩევნების შედეგზე. ეს აძლიერებს იმ ტენდენციას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში ვხედავთ: ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში გვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირთან ხელახალი დაახლოებისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობას ამის პოლიტიკური ნება ექნება, ესენია: „უცხოური გავლენის [გამჭვირვალობის] შესახებ“ კანონის გაუქმება, რაც დამთრგუნველ ზეგავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, ასევე ე.წ. „ოჯახის ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმება, რადგან დისკრიმინაცია მიუღებელია ჩვენს ევროპულ ოჯახში. ეს იქნებოდა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები”.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებაზე აქამდეც გაუმახვილებია ყურადღება.

კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ევროპულმა საბჭომ 2024 წლის 27 ივნისს მიღებულ დასკვნებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშკარა უკუსვლაა ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებით, ხოლო ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან… საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.

2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა სერიოზული შეშფოთება „საქართველოს  მთავრობის მოქმედებების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“. საბჭომ დაადასტურა, რომ „მსგავსი მოქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.

ხაზგასასმელია, აგრეთვე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მწვავე განცხადებებიც, სადაც საუბარია, თუ რატომ არ გაიხსნა საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

ასე მაგალითად, შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგმა, განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული და სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველოს უკან დახევა ჰქონდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია“.

ესტონეთის ელჩმა, მარგე მარდისალუ-კაჰარმა, X პლატფორმაზე დაწერა: „ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროინტეგრაციის გზაზე, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი გზავნილი“.

ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრს, ნიკოლოზ სამხარაძეს უპასუხა სიტყვებით: „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული“. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ X-ზე დაწერა: “ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას ფუნდამენტური უფლებების თავში“.

ლიეტუვის ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა აღნიშნა, რომ „პროგრესი არ არის, არის განგრძობითი ჩიხი, თუ არა რეგრესი“.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა დათქმით, რომ ქვეყანა 9 პირობას/ნაბიჯს შეასრულებს. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა სწორედ 9 ნაბიჯის შესრულებაზე იყო დამოკიდებული.

არც აღნიშნული ნაბიჯები უკავშირდება რუსეთის ფედერაციასთან ომის მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისთვის ხელისუფლების გადაბარებას, თუ არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელისუფლებაში ახალი ძალის მოყვანას.

9 ნაბიჯის შესრულების შესახებ მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია მოცემული და მასში წარმოჩენილი პრობლემები მიუთითებს, თუ რა საკითხების გამო არ გასცა ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რეკომენდაცია. შესაბამისად, ისინი ასევე წარმოადგენს იმ რეალურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის შესასრულებლად არის საჭირო.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ევროკომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, თუ როგორ სრულდება 9 რეკომენდაცია (დეტალური ანგარიში ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ):

  1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულდეზინფორმაციასთან, ასევე უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლა

ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირების შემთხვევები. კერძოდ, 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებსა და დეპუტატების მიერ ევროკავშირის საწინააღმდეგო მწვავე გზავნილები აქტიურად ვრცელდებოდა. ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიის მიერ ხდებოდა. ასევე, ადგილობრივმა ანალიტიკურმა ცენტრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ფაქტების შემმოწმებელმა და საგამოძიებო საშუალებებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ ამ სფეროში არ ყოფილა დიალოგი და კოორდინაცია.

  1. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოებისპოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება

2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამისობის დონე ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) დაბალია და 49%-ს შეადგენს. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთთან, ირანთან და ბელორუსთან დაკავშირებულ შემზღუდველ ზომებს და კიდევ უფრო გაზარდა პირდაპირი ფრენების რიცხვი რუსეთის მიმართულებით.

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრამათ შორის, უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება

2024 წლის ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კვალდაკვალ. ანგარიში აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე საკვანძო ფიგურა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი სიტყვიერი დაშინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას განიცდიდნენ. 23 აგვისტოს მმართველმა პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების უმეტესობის აკრძალვის გეგმაც კი გამოაცხადა. შეფასებულია, აგრეთვე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა, რაც ანგარიშის საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, პრეზიდენტმა ვეტო დაადო მთელ რიგ კანონებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ შეფასდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ.

  1. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე

ანგარიში ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ სიტუაციას, კერძოდ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ჩატარებული ერთობლივ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზები უკავშირდება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის ფარულობას, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლა ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხზე. „ეს ხარვეზები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე ხაზგასმული იყო წინა რეკომენდაციებში“-ვკითხულობთ ანგარიშში.

  1. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ფართომასშტაბიანი უკანონო მოსმენების ბრალდებების გამოძიებას, ჯერჯერობით, არანაირი ქმედება არ მოჰყოლია. ამასთანავე, არ გადადგმულა ნაბიჯები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და გამგეობის ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დანიშვნის თაობაზე.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს პარლამენტში არსებულ „ნდობის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, ევროკომისიის რეკომენდაციით, „ნდობის ჯგუფში“ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს 2 ადგილი. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეორე კანდიდატის წარდგენა 2024 წლის მარტში შედგა, დაშვების პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე კი არჩეული პირმა ეფექტურად თანამდებობის დაკავება და მისი საქმიანობის განხორციელება საკანონმდებლო ვადის დასრულებამდე ვერ შეძლო.

  1. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რომელიც არ ითვალისწინებს 2023 წლის გაფართოების ანგარიშის სისტემურ და არსებით რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCJ) და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ. განხილულია აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაბიჯი შეეჩერებინა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ. უფრო მეტიც, 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ბაზა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

  1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. შედგეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებების, ფართო მონაცემთა ბაზა

მართალია, საქართველოს პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, ანტიკორუფციული ბიუროს (ACB) ხელმძღვანელის იმუნიტეტის გაძლიერებასა და მამხილებელთა დაცვის შესახებ. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, „ცვლილებები არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტიტუტის დამოუკიდებლობასთან, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და საგამოძიებო ფუნქციებთან მაღალი დონის კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით“.

მეტიც, ანგარიშის თანახმად, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის დასაძლევად, როგორც პოლიტიკურ, სასამართლო, ასევე ეკონომიკის სფეროებში. საანგარიშო პერიოდში არ შემუშავებულა განახლებული ანტიკორუფციული რისკების შეფასება, სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა. ამავდროულად, საქართველო არ შეუერთდა OECD-ის ანტიკორუფციული მონიტორინგის ქსელს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN).

  1. დეოლიგარქიზაციისშესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით

ანგარიში ეხება საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამავდროულად, გეგმის ამოცანების განაწილება და ვადები ზედმეტად ფართოა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის აპრილში პარლამენტში დაჩქარებულად იქნა მიღებული საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოფშორული სახსრების გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, რაც არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

  1. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა

ანგარიში ეხება 2024 წლის აპრილში მმართველი უმრავლესობის მიერ პარლამენტში რეგისტრირებულ „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს და იმ ფაქტს, რომ ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო კანონის პროექტი შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლად მიიჩნია და რეკომენდაცია არ გაუწია მის მიღებას. ანგარიშის მიხედვით, საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამო, LGBTQ+ ადამიანები საქართველოში სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოში არიან.

აგრეთვე, საქართველო აგრძელებს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, მაგრამ გენდერული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაში ხარვეზები კვლავ რჩება. საგულისხმოა, რომ ანგარიშის მიხედვით, გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია სრულად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი დღეის მდგომარეობითაც არ ითვალისწინებს მსხვერპლის თანხმობის ნაწილს და განისაზღვრება შემდეგნაირად: „გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ევროკომისიის ანგარიში მე-9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმოიხილავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კანონი მიღებულ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რეკომენდაციას უწევდა მის მთლიანად გაუქმებას. ანგარიშის მიხედვით, „კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას“. ამავდროულად, იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებებით შესაძლოა გაიზარდოს შერჩევითი და თვითნებური კონტროლის მექანიზმების გამოყენების რისკები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების მიმართ. საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, და ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის რიცხვი, განსაკუთრებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

ამდენად, მოლაპარაკებების შეჩერებას სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები იწვევს. ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ საქართველოს არ სთხოვს ომი დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან, ან მიხეილ სააკაშვილს გადააბაროს ხელისუფლება, როგორც ამას Facebook-ანგარიში ამტკიცებს.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]