11-12 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირის რვა წევრი ქვეყნის პარლამენტთა კომიტეტების თავმჯდომარეებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის და პოლონეთის წარმომადგენლებმა დღის განმავლობაში პრეზიდენტთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ და მათ მიმართეს. სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა, მათ შორის „ფანტი ნა“, „ვასალური ლიბერალი“ და TikTok-ანგარიშმა „gamoitseret“, გაავრცელეს ვიდეო (ბმული 1, 2, 3, 4), რომელშიც ჩანს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი, რომელიც თითქოს საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობისას ყურებზე ხელს იფარებს. ვიდეოებს ახლავს აღწერა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა (დაარქივებული ვიდეო).
სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და მასზე საქართველოს ჰიმნის მელოდიაა დამატებული. კერძოდ, ვიდეოს დასაწყისში ჩანს ტელეკომპანია „ფორმულას“ ლოგო და ზუსტი საათი (20:38), რა დროსაც დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ყურებზე ხელებს იფარებს.
ფოტო: კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული რედაქტირებული ვიდეოდან
„ფორმულას“ 11 ნოემბრის პირდაპირი ეთერის გადამოწმებისას, დგინდება, რომ 20:38 საათზე, როდესაც სცენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ადიან, არა საქართველოს, არამედ ევროპის ჰიმნად მიჩნეული მელოდია – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო ნაწილი – ისმის. იმავე მომენტის ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-ანგარიშზეც გამოქვეყნდა (დაარქივებული ვიდეო). მასში ასევე ჩანს, რომ იმ დროს, რასაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობად წარმოადგენენ, ბეთჰოვენის სიმფონია ისმის.
სავარაუდოა, რომ ერიკ ოტოსონის ეს ქმედება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროპის ჰიმნი სცენაზე მისთვის ზედმეტად ხმამაღალი იყო.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, როდესაც საქართველოს ჰიმნი ირთვება, დელეგაციის ყველა წევრი, მათ შორის ერიკ ოტოსონი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ჰიმნს ისმენს და ყურებზე ხელს არ იფარებს (იხილეთ ფოტო ქვემოთ).
ფოტო: კადრი 11 ნოემბრის აქციიდან, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები საქართველოს ჰიმნს ისმენენ
ამდენად, მტკიცება, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ჰიმნმა შეაწუხა, ყალბია, ხოლო ვიდეო, რომელიც ამ მტკიცების დამადასტურებლად გაავრცელეს – რედაქტირებული.