Home » ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება
არჩევნები 2024 გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში პროსამთავრობო არხი „პოსტვ“ ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოს ავრცელებს, აღწერით „მიჰილიზმი“ (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ჯაფარიძე ამბობს: „თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა არ უნდა, თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა ეზარება, ვიღაცას სცივა, ვიღაცა ხასიათზე არ არის, ვიღაცა შეყვარებულია, ვიღაცა უხასიათოდაა, ვიღაცა აფექტშია… არაფერს აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს“.

ინტერვიუდან მონაკვეთი შერჩევით, კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის წარმოდგენას, რომ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საპროტესტო აქციებს აზრი არ აქვს. რეალურად, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთერთმა ლიდერმა გადაცემაში აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აზრი არ აქვს სხვადასხვა მიზეზს, რომელთა საშუალებითაც ადამიანები აქციებზე არ ყოფნას გაამართლებენ, რადგან აქცია ახლა არის  ერთადერთი  გამარჯვების ფორმულა  და  ხალხის გამოსვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ზურაბ ჯაფარიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასა და ოპოზიციური კოალიციების სამოქმედო გეგმაზე გადაცემაში (02:15 წუთიდან) „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, 6 ნოემბერს ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში დადგება კონკრეტული კულმინაციური მომენტი, როდესაც მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და გამოვიდეს ქუჩაში. სწორედ ამ მონაკვეთში პოლიტიკოსი ამბობს: ფიზიკურად უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში და ხელი შევუშალოთ ყველანაირად, როგორც შეგვიძლია, რომ ისინი პარლამენტში არ შევიდნენ, საკუთარ თავს ლეგიტიმაცია არ მისცენ. ეს არის ერთადერთი გასაგები გამარჯვების ფორმულა, რომელიც ახლა ჩვენს ხელშია. თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა არ უნდა, თუ ვინმეს ქუჩაში გამოსვლა ეზარება, ვიღაცას სცივა, ვიღაცა ხასიათზე არ არის, ვიღაცა შეყვარებულია, ვიღაცა უხასიათოდაა, ვიღაცა აფექტშია… არაფერს აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს, ეს არის კრიტიკული მომენტი, რომლის იქითაც ეს ქვეყანა ხდება ბელორუსი. როგორც კი ესენი ლეგიტიმაციას მიიღებენ, ამის შემდეგ რუსული კანონი ამუშავდება სრული ძალით. ამის შემდეგ ის ანტიკორუფციული ბიურო ისევ განაახლებს, თავის რაღაცა ნაგაზივით რომ დასდევს პარტიებს და ენჯეოებს“.

ამდენად, სრული ვიდეოდან ნათელია, სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი მანიპულაციურადაა მოჭრილი და სინამდვილეში, ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქციებს ბრძოლის მთავარ გზად ასახელებს.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ცესკოს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა (53.93%) მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 4 ნოემბერს ოპოზიციურმა კოალიციებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]