Home » თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
არ შესრულდა გადამოწმებული ფაქტები

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: ბათუმში, კერძოდ, ჩაქვის დასახლებაში, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ჯერ კიდევ 2020 წლის 27 ოქტომბერს დაანონსდა.  იმავე დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო შესაბამისი ტექსტით, რომ ქალაქში ცხოველთა თავშესაფარი და რეკრეაციული სივრცე მოეწყობოდა. 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდში, ტენდერი ოთხჯერ გამოცხადდა. აქედან ერთ შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.  დანარჩენი სამი ტენდერიდან, ორი უშედეგოდ დასრულდა, ხოლო ერთი თავად სატენდერო კომისიამ შეწყვიტა.

ამდენად, თორნიკე რიჟვაძის დაპირება, რომ ჩაქვში ცხოველთა თავშესაფარი აშენდებოდა, არ შესრულდა.

ანალიზი:

2020 წელს 27 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი Facebook-ით გაავრცელა ინფორმაცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი მოწყობის შესახებ. პროექტის პრეზენტაციაზე კი მან განაცხადა: „მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც ინფრასტრუქტურულ ჭრილში, ასევე მათი უფლებების და ზრუნვის ნაწილში… გამოვდივარ ინიციატივით, რომ ახალი ცხოველთა თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ,,კუპატას” სახელს. დარწმუნებული ვარ, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ცხოველთა თავშესაფარიც ამ თემატიკით დაიბრენდება“.

 

პირველად ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ (ბათუმის მერიის ორგანიზაცია) 9 723 999 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობას, შენობების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, 2021 წლის ივლისში გამოაცხადა. შესყიდვა მრავალწლიანი იყო და  2021-2022-2023- 2024 წწ. მოიცავდა. ტექნიკური დავალების თანახმად, 12 000 მ2 ტერიტორიაზე განსაზღვრული იყო შემდეგი დანიშნულების ობიექტების განთავსება: ა(ა)იპ “ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის“ – იპოდრომი; მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი; ასევე შპს ადმინისტრაციული შენობა და სასაწყობე ტერიტორიები „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“, შპს „სანდასუფთავებისთვის“, ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურისთვისა“ და „აჭარის წყლის ალიანსისთვის“; დარჩენილ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განთავსება.  შესყიდვით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, ტენდერი არ შედგა.

იმავე წლის ოქტომბერში იმავე შემსყიდველმა ახალი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად გაზრდილი სავარაუდო ღირებულებით – 15 985 599 ლარით. საპროექტო ტერიტორიის ფართობიც უცვლელი დარჩა, თუმცა ტექნიკური დავალება დაკორექტირდა და პირვანდელი ობიექტებიდან, შენარჩუნდა მხოლოდ ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის“ იპოდრომი, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი და რეკრეაციული ზონა. შპს „საბა კონსტრაქშენმა“ მეორე პრეტენდენტზე დაბალი ფასი – 12 788 480 ლარი დაასახელა და შემსყიდველმა მასთან ხელშეკრულება 2021 წლის 16 ნოემბერს გააფორმა. სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად 2024 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრა. 2021 წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შემსყიდველს წერილით მიმართა და საპროექტო კვლევების დროს აღმოჩენილი წინააღმდეგობის შესახებ აცნობა. კერძოდ, მიმწოდებელმა სამმართველოს მისწერა, რომ  საპროექტო ტერიტორიაზე გაედინება მდინარე, ტერიტორიის რელიეფი არის რთული და მოცულია ხე-ნარგავებით, რომელთა სიხშირიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ტერიტორიაზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევებისათვის ტექნიკის შეყვანა. ტექნიკის შეყვანის მიზნით კი საჭიროა  ხე-ნარგავების ტაქსაცია (შეფასება), შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმართვის გაგზავნა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, კომპანიამ სახელშეკრულებო ვადის გაზრდა მოითხოვა. სამმართველომ არგუმენტი გაიზიარა და ვადების ცვლილებას დათანხმდა. თუმცა 2022 წლის 5 მაისს ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება გამოსცა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ „საბა კონსტრაქშენმა“ ახალი ვადაც დაარღვია და პროექტის განხორციელებას საფრთხე შეუქმნა. ამდენად, შემსყიდველმა კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტა და  პირგასამტეხლოს სახით, 639 424 ლარის გადახდა დააკისრა.

2023 წლის სექტემბერში სამმართველომ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იპოდრომის კომპლექსის მშენებლობა (სამაყურებლო ტრიბუნა და ადმინისტრაციული ფართი, საჯინიბო, საწყობი, მომსახურე პერსონალისთვის შენობა); მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი; დახურული და ღია საცხენოსნო მანეჟი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სავარაუდო ღირებულება 32 948 540 ლარით განისაზღვრა, ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. იმავე წლის 3 ნოემბერს ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, უცვლელი ღირებულებით,  კიდევ ერთხელ სცადა. 22 ნოემბერს კი სატენდერო კომისია შეიკრიბა და დაადგინა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, დაზუსტება-კორექტირებას საჭიროებდა, რისი განხორციელების შესაძლებლობაც იმ ეტაპზე არ იყო. ამიტომ სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა.

არსებული მდგომარეობით, ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და უცნობია, როდის გამოცხადდება. „AJARATIMES.GE“-თან კომენტარში ბათუმის მერი ამბობს, რომ  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, ხოლო განმეორებით გამოცხადებული ტენდერებით არავინ დაინტერესდა. მისივე განმარტებით, შეიძლება შერჩეული ტერიტორია შეიცვალოს, ასევე, განიხილება ზოოპარკისა და მიუსაფარი ცხოველების პროექტების შერწყმა. აღსანიშნავია, რომ ჩაქვის ტერიტორიაზე დაპირებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სამმართველომ ჯერ კიდევ შარშან ჩაიბარა და სს „აჭარკაპმშენს“ 587 000 ლარი გადაუხადა. სამშენებლო ტერიტორიის ცვლილების შემთხვევაში, საჭირო გახდება მომზადებული დოკუმენტაციის ცვლილება, რაც, სავარაუდოდ, საბიუჯეტო რესურსებიდან დამატებით თანხების დახარჯვას გამოიწვევს.

ამდენად, ბათუმში (და არც აჭარის დანარჩენ ტერიტორიაზე) მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი არ აშენებულა, რაც ნიშნავს, რომ თორნიკე რიჟვაძის დაპირება არ შესრულდა.

ინფორმაციისთვის: დღემდე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებაზე პასუხისმგებლობას იღებს შპს „СЕВЕР“-ი (2022 წლის შემდეგ ეწოდება შპს „რესიკაბ“), რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ტენდერში ერთადერთი მონაწილეა. ის ბათუმში ცხოველთა კერძო თავშესაფრის მფლობელია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]