სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, სადაც აღნიშნულია: „ალეკო ელისაშვილი 21:11: გაბედა თეთრიწყაროს მოსამართლემ და თქვა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 22:08-ზე დაიწყო“. ამავდროულად, ტელეკომპანიამ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტიც გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: „სკანდალი! ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა გადაწყვეტილება, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოსამართლე ხუჭუამ გამოაცხადა“. მოგვიანებით, აღნიშნული სიუჟეტი „TV იმედის“ გვერდზე აღარ მოიძებნა (არქივირებული ბმული 1, ბმული 2)
2024 წლის 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი დააკმაყოფილა. (სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იხ. ბმულზე.) საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ 22:00 საათის შემდეგ ეცნობა (იხ. ბმული 1, ბმული 2).
სხდომის მიმდინარეობისას, ჯერ კიდევ 18:50 საათიდან, საიას ინფორმაციით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები გამოითხოვა, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია. ამასთან, საიამ აღნიშნა, რომ მოსამართლემ, თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.
„ადამიანი, რომელიც მივიდოდა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა და ვერ უზრუნველყოფდა კონკრეტული საარჩევნო ბიულეტენის და ჩარჩო კონვერტის გამოყენება“, – განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სხდომის მიმდინარეობის დროს.
მედიის მეშვეობით, სხდომის აღნიშნულ მომენტს საზოგადოება ჯერ კიდევ 20:37 საათზე ანუ ალეკო ელისაშვილის მიერ განცხადების გაკეთებამდე (20:58 საათი) გაეცნო.
ალეკო ელისაშვილი, დაახლოებით 20:58 საათზე აღნიშნავს – „ხომ ხედავთ, რა მაგარი ამბავია, პირველი სერიოზული შედეგი იმისა, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა რომ ფარულობა იყო დარღვეული“. პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებაში იმ ინფორმაციას აჟღერებს, რაც სხდომის მიმდინარეობისას, ტექნიკური შემოწმების პროცესში დადგინდა. მოსამართლემ საკუთარი პოზიცია, იმის შესახებ, რომ პროცედურა ხმის მიცემის ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა, ჯერ კიდევ სხდომის დროს გააჟღერა, რის შესახებაც პოლიტიკოსი, ცხადია, ინფორმირებული იყო. აღნიშნულის საპირისპიროდ, „TV იმედი“ ირწმუნება, რომ პოლიტიკოსმა „თეთრიწყაროს მოსამართლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე“, მანამდე ისაუბრა, სანამ გადაწყვეტილებას თავად მოსამართლე გაახმოვანებდა.
ამრიგად, „TV იმედის“ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 21:11-ზე ალეკო ელისაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გაახმოვანა, ვიდრე თავად მოსამართლე სხდომათა დარბაზში გამოაცხადებდა, მცდარია.