სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა Facebook-ანგარიშები (დაარქივებული ბმული) ფოტოს ავრცელებენ მტკიცებით, რომ აშშ-ის კენტუკის შტატში აღმოაჩინეს ბიულეტენი, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი, უკვე წინასწარ არის მონიშნული. პოსტს ურთავენ ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ კამალა ჰარისის გასწვრივ უჯრაში წერტილია დასმული. რეალურად, კენტუკის საარჩევნო საბჭოს მიხედვით, კანდიდატების შერჩევის ველებში წინასწარ დატანილი ნიშნების მქონე ბიულეტენების შესახებ არანაირი შეტყობინება ან საჩივარი არ შესულა. ამავდროულად, ასეთი შემთხვევის არსებობისასაც კი, კანონის თანახმად, თუ ბიულეტენი შეიცავდა ერთ ველში წერტილს და მეორე ველი გაფერადებული იქნებოდა, სწორედ მეორე კანდიდატს ჩაეთვლებოდა ხმა.
აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. მომხმარებლები მხოლოდ ამ ერთ ფოტოზე დაყრდნობით წერდნენ, რომ კენტუკის შტატში ბიულეტენებში კამალა ჰარისი წინასწარ იყო არჩეული. BBC სტატიაში სწორედ გავრცელებულ მტკიცებას მიმოიხილავს. თუმცა, იქვე განიხილავს მტკიცების გარშემო არსებულ ინფორმაციას, რომელიც მას არ ადასტურებს. კერძოდ, BBC კენტუკის შტატის საარჩევნო საბჭოს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული მტკიცება უარყო. საბჭოს მტკიცებით, ამ დრომდე გაგზავნილია 130 ათასი ბიულეტენი და არც ერთი საჩივარი არ არსებობს საფოსტო ბიულეტენებზე წინასწარ დატანილი ნიშნის არსებობის შესახებ.
PolitiFact-ს, ამერიკულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, კენტუკის შტატის საარჩევნო საბჭოს გენერალურმა მრჩეველმა ტეილორ ბრაუნმა განუმარტა, რომ მსგავსი შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, თუ ბიულეტენს მართლაც აქვს ფოტოზე ნაჩვენები ნიშანი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩაითვლება ხმად, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია აპარატსა და მის პარამეტრებზე.
კენტუკის ადმინისტრაციული წესები განსაზღვრავს არჩევნებში ხმის მიცემად რა ტიპის ნიშნები შეიძლება ჩაითვალოს. პატარა წერტილი ჩამონათვალში არ გვხვდება.
დამატებით, ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებს მოჰყვება ინსტრუქციის ფურცელი, რომელიც ხმის მიცემის პროცესს განმარტავს. კანონის მიხედვით, ფოსტით ხმის მიცემისას, იმ შემთვევაში თუ ამომრჩევლები შემთხვევით ერთზე მეტ კანდიდატს მონიშნავენ და რადგანაც ბიულეტენის გამოცვლას ვერ შეძლებენ, მათ შეუძლიათ სასურველი კანდიდატი შემოხაზონ და ხმა სწორედ ამ კანდიდატს ჩაეთვლება.
აღსანიშნავია, რომ, თუ აპარატი საფოსტო ბიულეტენზე ხმას ვერ ადგენს, რადგან მას რამდენიმე მონიშვნა აქვს (overvote), საარჩევნო მუშაკებს შეუძლიათ ხელით დათვლის პროცედურა გამოიყენონ. ამ შემთვევაში, ხმების დათვლის დროს, შესაძლოა, ამომრჩევლის ნება შემდეგნაირად დადგინდეს: მაგალითად, საფოსტო ბიულეტენის შემთხვევაში, როცა ერთი კანდიდატის გრაფა გაფერადებულია, ხოლო მეორეში უბრალოდ წერტილია, ამომრჩევლის ნების ინტერპრეტირება პირველი გრაფის სასარგებლოდ მოხდება. თანაც, აქვე უნდა გავიმეოროთ, რომ კენტუკის შტატის შემთხვევაში, კანონი წერტილს ამომრჩევლის არჩევანის გამომხატველად არ მიიჩნევს.
განსხვავებული მიდგომაა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას, თუ ამომრჩეველს ბიულეტენი გაუფუჭდა, მას შეუძლია ახალი მოითხოვოს, მაქსიმუმ ორჯერ. ასევე, თუ ამომრჩეველი მონიშნავს ერთზე მეტ კანდიდატს, სკანერი ამოაგდებს, რომ ბიულეტენს რამდენიმე მონიშვნა აქვს (overvote) და ამომრჩეველს საშუალება მიეცემა თავიდან მისცეს ხმა.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბიულეტენის ფოტოსთან დაკავშირებით მტკიცება არ დასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ თავის სტატიაში BBC-ზე დაყრდნობით დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს, Facebook-ზე გამოტანილ ინფორმაციაში „იმედი“ წერს, რომ BBC-ის თანახმად, კენტუკიში აღმოაჩინეს ბიულეტენი, სადაც კამალა ჰარისი უკვე წინასწარ არის მონიშნული, რაც ტყუილია. BBC-ის სტატია, პირიქით, აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, მაგრამ დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, ეს ამომრჩევლის ნების განსაზღვრას ხელს არ შეუშლიდა. ხმა იმ საარჩევნო სუბიექტს ჩაეთვლებოდა, რომლის გასწვრივაც არსებული მართკუთხედი იქნებოდა გაფერადებული ან კანდიდატი შემოხაზული ( ეს მაშინ, როცა ამომრჩეველმა შემთხვევით ორივე მართკუთხედი გააფერადა, მისი ხმა ამ შემთხვევაში შემოხაზულ კანდიდატს ჩაეთვლება). ასევე, „იმედი“ სტატიაში ამტკიცებს, რომ BBC-ის თანახმად „ეს ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემა ბიულეტენს ბათილს გახდის“, რაც ასევე არასწორია. რეალურად, BBC აღნიშნულ მტკიცებას, რაც ტელეკომპანია „იმედს“ სათაურში აქვს გამოტანილი, მცდარად აფასებს.