სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „ამერიკის მოქალაქეებს ხმის უფლებას ართმევენ. როგორ აყალბებენ არჩევნებს “დემოკრატიულ ამერიკაში”. ვიდეოში ჩანს ეკრანი, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებია ჩამოთვლილი, ხოლო დონალდ ტრამპის სახელზე დაწკაპუნებისას, მისი არჩევა არ ხდება და მის ნაცვლად აპარატი კამალა ჰარისს ირჩევს (არქივირებული ბმული).
აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა, შესაბამისად, ის ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც შეამოწმეს. ამერიკული Associated Press-ის (AP) ინფორმაციით, აღნიშნული მტკიცება მცდარია. შემთხვევა კენტუკის შტატში, ლორელის ოლქში მოხდა. როგორც ლორელის ოლქის მდივანმა ტონი ბრაუნმა განაცხადა, ეს იყო იზოლირებული შემთხვევა, გამოწვეული მომხმარებლის შეცდომით.
მან Facebook-ზე დაწერა, რომ გენერალური პროკურატურის ოფისი ადგილზე იმყოფებოდა და მათ მოახერხეს ინციდენტის აღმოფხვრა. რამდენიმე წუთიანი მცდელობის შემდეგ, რათა შემთხვევა განმეორებულიყო, ინციდენტი გამეორდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უჯრებს შორის არსებულ ნაწილზე აწკაპუნებდნენ. ამის შემდგომ მათ კიდევ სცადეს გაემეორებინათ შემთხვევა, თუმცა, შეცდომა აღარ მომხდარა. საგულისხმოა, რომ ამომრჩევლებმა, არჩევანის დაფიქსირებისას, კვადრატის შუაში უნდა დააწკაპუნონ. ბრაუნის თქმით, აპარატის გამოყენება შეწყდა კენტუკის გენერალური პროკურორის ოფისის გამოძიებისა და აპარატის შემოწმების დასრულებამდე, ხოლო შემდგომ მან მუშაობა განაახლა. ტონი ბრაუნმა ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აპარატი გამართულად მუშაობს. ამასთან, სხვა საჩივარი აპარატთან დაკავშირებით არ ყოფილა – არც ინციდენტამდე და არც შემდეგ. ვიდეოში ნაჩვენებმა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ შეძლო თავისი სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა.
BBC-სთან საუბრისას ჯოზეფ გრინიმ, საარჩევნო ექსპერტმა აშშ-ს საარჩევნო ვებსაიტ Ballotpedia-დან განაცხადა, რომ „ასეთი მასშტაბის არჩევნებში ყოველთვის იქნება გარკვეული პრობლემები“. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინციდენტი აღმოფხვრილია და მას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.