სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან ფოტო(1, 2, 3, 4, 5, 6, 7) (დაარქივებული ბმული) მტკიცებით, რომ პრეზენტაციაზე დატანილ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.
4 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ის დელეგატების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ დელეგატები ყველა ოლქში ჰყავდა წარმოდგენილი.
საარჩევნო კოდექსში 2024 წლის 15 მაისს შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარტიას უფლება აქვს, 30 ოლქში საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
საარჩევნო ოლქებში არ შედის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორია, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა.
პრეზენტაციის ფოტოც სწორედ იმ მონაკვეთიდან ვრცელდება, როცა პაპუაშვილი დელეგატებზე საუბრობდა (იხილეთ ბმულზე 14:07 წუთიდან).
„ჯეოფაქტსმა“ დამოუკიდებლად გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ და შალვა პაპუაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერებში რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც თეთრად აღიქმება.
თუმცა, ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, სხვა რაკურსიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით არის გამოყოფილი (იხილეთ ბმულზე 16: 10 წუთზე)
ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ რუკაზე მკრთალად ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ფერიდან გამომდინარე, ზოგიერთი რაკურსიდან თვალისთვის შეუმჩნეველი იყო.
ბრიფინგის შემდეგ, მედიებს პრეზენტაციის ფაილიც გაუგზავნეს. „პუბლიკამ“ „ჯეოფაქტსს“ აღნიშნული პრეზენტაცია მიაწოდა. მე-13 სლაიდზე ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც რუხი ფერით არის გამოყოფილი (იხილეთ ფოტო).
პრეზენტაციის ფოტო გაავრცელა „რადიო თავისუფლებამაც “. ფოტოზე ოკუპირებული ტერიტორიები მკრთალად ჩანს (იხილეთ ფოტო).
გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუკაზე რუხი ფერით არის გამოსახული. მან Facebook-გვერდზე პრეზენტაციის ფოტოც გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის შემდეგი ნაწილი ოპოზიციის დელეგატებს ეხებოდა. პირდაპირ ეთერში ყურებისას, ფოტოზე რუკა საერთოდ არ ჩანს. როგორც შალვა პაპუაშვილმა დაწერა, პრეზენტაციის ამ ნაწილში საქართველოს რუკაა ჩასმული, თუმცა აქაც მკრთალი ფერია გამოყენებული, შესაბამისად, კამერების მიერ მისი აღქმა რთული იყო.
ამდენად, რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები, იქ ოლქების არ არსებობის გამო, განსხვავებული ფერით არის წარმოდგენილი. რადგან ფერი მკრთალია, ზოგიერთი რაკურსიდან იქმნება წარმოდგენა, რომ რუკის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.