Home » სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
არჩევნები 2024 გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ (1, 2, 3), რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამბობს: „მე დღეს მივეცი, მე მგონი, ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპელ ქვეყნების პრეზიდენტებს”. ვიდეო გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. რეალურად, აღნიშნული ვიდეო დამონტაჟებულია, სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე მიმართვის დროს აღნიშნა, რომ 17 ევროპულ მედიას მისცა ინტერვიუ და ასევე, ესაუბრა 6 პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

 სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერს აქციაზე შეკრებილებს მიმართა და ფიცი დადო, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროპულ გზაზე ბოლომდე დარჩება, სანამ ერთად არ მიაღწევენ ევროპის კარს, რაც მისი თქმით, ოცნება კი არა – რეალობაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს კონტაქტი. სწორედ ამ მონაკვეთში პრეზიდენტი ამბობს (იხილეთ ბმულზე 02:03 წუთიდან): „ახლა მე მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში. მე დღეს მივეცი, მე მგონი, 17 ინტერვიუ უცხოურ მედიაში, რომ ავუხსნა აქ რა მოხდა. ვესაუბრე ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპელ ქვეყნების პრეზიდენტებს. ვესაუბრე საგარეო მინისტრებს. თქვენ ალბათ წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებებს და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან“.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებიდან სიტყვები იმგვარად არის ამოჭრილი, რომ მისი შინაარსი იცვლება.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ხმათა უმრავლესობა (53.93%) მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 28 ოქტომბერს რუსთაველზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პარტიებმა ახალი არჩევნების გამართვა მოითხოვეს, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უნდა ჩატარდეს.

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]