29 ოქტომბერს სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა Xaxutaishvili Irma გამოაქვეყნა პოსტი (დაარქივებული პოსტი), რომელშიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეო 28 ოქტომბერს ჩატარებული აქციის ამსახველ კადრებადაა წარმოდგენილი, თუმცა ის სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა დამონტაჟებული.
კერძოდ, Facebook-ანგარიში აქვეყნებს ეკრანის ანაბეჭდებს ორი სხვადასხვა ვიდეოდან, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელს ეკუთვნის, მისი თქმით, აქციის რეალურ კადრებს ასახავს, მეორე ვიდეო კი, რომელსაც, Facebook-ანგარიშის მიხედვით, აქციის კადრებად წარმოაჩენენ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს/დაამონტაჟეს.
პირველი ბმული, რომელიც პოსტში Facebook-ანგარიშს აქვს მითითებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ პირდაპირი ეთერია, რომელიც ნამდვილად 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ასახავდა.
მეორე ბმული კი, რომელსაც Facebook-ანგარიშის მტკიცებით, იმის დამადასტურებლად აქვეყნებენ, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა, ასევე 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
თუმცა სინამდვილეში, ვიდეო 28 ოქტომბრის აქციას არ ასახავს და სავარაუდოდ, აქციაზე მისასვლელად ადამიანების მოტივაციას ისახავს მიზნად. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქციის დაწყება 28 ოქტომბრის 19:00 საათზე იყო დანიშნული, ხოლო ვიდეო, აქციის დაწყებამდე, 28 ოქტომბრის 17:50 საათზე გამოქვეყნდა Facebook-გვერდზე „Pirveli ambebi • პირველი ამბები“. გამოქვეყნებულ ვიდეოს თან ერთვის აღწერა: „აღსდექ საქართველოვ! ყველა ქართველი ვაზიარებთ“. შესაბამისად, არც ვიდეოს აღწერა ამტკიცებს იმას, რომ ის 28 ოქტომბრის აქციის კადრს ასახავს, არამედ აღწერა მხოლოდ მოწოდებას შეიცავს.
ამდენად, შეუძლებელია, ვიდეო 28 ოქტომბრის აქციის ამსახველი ყოფილიყო ან ასეთი მიზანი ჰქონოდა. შესაბამისად, Facebook-ანგარიშის Xaxutaishvili Irma-ს მიერ გაჟღერებული მტკიცება, რომ ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ 28 ოქტომბრის აქციაზე მყოფ ადამიანთა რაოდენობა აესახათ, ყალბია.
დამატებით, ვიდეოს იგივე ვერსია Tiktok-ზე არჩევნებამდე ორი დღით ადრე ანგარიშმა lukakurshubadze-მ გამოაქვეყნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ კადრებს მოქალაქეების მოტივაციისთვის იყენებდნენ. ამაზე მიუთითებს ვიდეოზე დატანილი აღწერა, რომლის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 დღე იყო დარჩენილი.
დამატებით, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ასევე ყალბია.
ვიდეო, რომელიც თითქოს 28 ოქტომბრის ამსახველ კადრებად გამოაქვეყნეს, სინამდვილეში, თბილისში 2022 წლის 20 ივნისს გამართულ აქციას – „შინ ევროპისკენ!“ ასახავს. ამაზე მეტყველებს 2022 წლის 20 ივნისს გადაღებული სხვა კადრები, რომლებიც მსგავსებების ამოცნობას შესაძლებელს ხდის.
კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ეკრანი, ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ხელში ქაღალდები უჭირავთ, მოშორებით საპოლიციო მანქანის ნათება. კადრის დაშორებისას ასევე ჩანს პარლამენტის წინ მდგარი მანქანები და პარლამენტის პირდაპირ ცენტრალურ ნაწილში – ეკრანი.
ფოტო: კადრები 28 ოქტომბრის აქციის დაწყებამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან
იგივე მახასიათებლები ჩანს 2022 წლის 20 ივნისს გადაღებულ სხვა კადრებში. კერძოდ, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 2022 წლის 20 ივნისის ფართომასშტაბიანი აქციის კადრები გამოაქვეყნა, სადაც ასევე ჩანს გვერდითა ეკრანი, ხალხი თეთრი ქაღალდებით, თეთრი მანქანები პარლამენტის გასწვრივ, მის მოპირდაპირე ცენტრალურ ნაწილში კი ეკრანი.
ფოტო: კადრი მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 2022 წლის 20 ივნისს საკუთარ Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოდან
შესაბამისად, აქციის ამსახველ სხვადასხვა კადრებში მსგავსია როგორც ადამიანთა რაოდენობა, ისე სხვა, მათ შორის ზემოთ აღნიშნული, მახასიათებლები, რაც იმას ადასტურებს, რომ ვიდეოები 2022 წლის 20 ივნისს გამართულ რეალურ აქციას ასახავს და ის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ან რედაქტირებული არაა.