სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს შემდეგ ციტატას მიაწერს (დაარქივებული ბმული): „ახლა მათთან ვიქნები ბოლო ქართველამდე“. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, მსგავსი განცხადება ბორის ჯონსონს არ გაუკეთებია.
Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ციტატა ღია წყაროებში, სანდო მედიაში ან ბორის ჯონსონის სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2) არ იძებნება.
ბორის ჯონსონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: „საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია – თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ გუშინდელი არჩევნები მოიპარა. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისა და მომავლისთვის იბრძვის“ (იხილეთ ფოტოანაბეჭდი).
ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, ბორის ჯონსონს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აქტიურად იყენებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთის სახელმწიფოებს სურთ, უკრაინამ „უკანასკნელ უკრაინელამდე“ იბრძოლოს და ამის ხელშესაწყობად ყველაფერს აკეთებენ. ციტატა, რომელიც Facebook-ანგარიშმა ბორის ჯონსონს დაუკავშირა, ამ ნარატივის გაგრძელებაა, თითქოს, დასავლეთის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბორის ჯონსონი, უკრაინის შემდეგ უკვე საქართველოს დაეხმარებიან და „უკანასკნელ ქართველამდე“ აბრძოლებენ.
საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ბორის ჯონსონთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია).