სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადოს: „ჯო ბაიდენი განცხადებას ავრცელებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რომლის შედეგებსაც არ ცნობს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არჩევნებში გამარჯვებულად ნაცები გამოაცხადოს!“. რეალურად, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მსგავსი მოწოდება არ იძებნება.
აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით 29 ოქტომბერს გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის მიერ გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს არჩევნებზე მომხდარი დარღვევები და ასევე, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან.
გთავაზობთ განცხადების ქართულ თარგმანს სრულად:
„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.
ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება“.
ამდენად, განცხადებაში არ გვხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების აღიარების მოთხოვნა. შესაბამისად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი.
ცნობისთვის, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და ხმათა უმრავლესობა (53.93%) მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 28 ოქტომბერს რუსთაველზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პარტიებმა ახალი არჩევნების გამართვა მოითხოვეს, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უნდა ჩატარდეს.