Home » სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
არჩევნები 2024 გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, ვიდეო ავრცელებს შემდეგი აღწერით: „წაგება აღიარა ფაქტიურად“. ვიდეოში პაატა ბურჭულაძე ამბობს: „ახლა, დღეს რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ჩვენ ჯერ მზად არ ვართ“. Facebook-ანგარიში ამ მონაკვეთზე დაყრდნობით წერს: „სიმართლე წამოსცდა“. აღნიშნული ვიდეო  TikTok პლატფორმაზეც გავრცელდა.

რეალურად, აღნიშნული მონაკვეთი მანიპულაციურად არის მოჭრილი და იმგვარად წყდება, რომ მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას, თითქოს, პაატა ბურჭულაძის თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ოპოზიცია მზად არ არის და დამარცხდება. სინამდვილეში, სრულ მონაკვეთში ბურჭულაძემ განაცხადა, რომ თუ დღეს არჩევნები ჩატარდება, ოპოზიცია ჯერ მზად არ არის, რომ იმ გაყალბებას შეეწინააღმდეგოს, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვიხილეთ.

გუშინ, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას 24 საათი მისცა საარჩევნო სიების გამოსაქვეყნებლად.

პაატა ბურჭულაძეც სწორედ აღნიშნულ აქციას ესწრებოდა. მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა (იხილეთ ბმულზე 04:03 წუთიდან): „ახლა, დღეს რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, რომ ეს გაყალბება რაც იყო, იმას შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ, რომ აქ უკვე ისეთი სპეციალისტები არიან, ამდენი წლის განმავლობაში, ამდენი გაყალბება, ისეთი სპეციალისტები არიან, ძაან გაგვიჭირდება ამასთან ჩვენ ბრძოლა. ამიტომ, მე მგონი, ჯერ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ჩვენი მეგობრები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ უკვე ამაში, აღარ გვჭირდება დამტკიცება, რომ ეს გაყალბებულია და არის უამრავი ამის მტკიცებულება“.

ამდენად, სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან აღნიშნული ნაწყვეტის იმგვარად არის მოჭრილი, რომ განცხადებას კონტექსტს უცვლის. შესაბამისად, მტკიცება, რომ აღნიშნულ მონაკვეთში პაატა ბურჭულაძემ, ფაქტობრივად, წაგება აღიარა, ტყუილია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]