Home » დეზინფორმაცია: გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინაში ომი გააჩაღა და ამიტომ თანამდებობიდან მოხსნეს
არჩევნები 2024 გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინაში ომი გააჩაღა და ამიტომ თანამდებობიდან მოხსნეს

სოციალ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია (დაარქივებული ბმული), თითქოს გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელმაც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დაგმო, უკრაინაში ომი გააჩაღა და თანამდებობიდან ამის გამო მოხსნეს (იხილეთ სურათზე).

ბორის ჯონსონმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია პლატფორმა X-ზე მართლაც დააფიქსირა:

„საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია – თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ გუშინდელი არჩევნები მოიპარა.

მე მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისა და მომავლისთვის იბრძვის“.

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 24 ივლისს გახდა და თანამდებობიდან 2022 წლის 6 სექტემბერს გადადგა. მან 2022 წლის 7 ივლისს იმ დროს მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციის დატოვების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ის სექტემბერში პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებდა, მას შემდეგ რაც „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს (და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს) აირჩევდა. აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული წყაროები ჯონსონის გადადგომას პოზიტიურად გამოეხმაურნენ, რაც განპირობებული იყო რუსეთთან ომში უკრაინისადმი ბორის ჯონსონის აქტიური მხარდაჭერით. თუმცა ჯონსონის გადადგომის დაკავშირება მისი რუსეთის ან/და უკრაინისადმი პოლიტიკასთან დაკავშირება რეალობას არ შეესაბამება.

რეალურად, ბორის ჯონსონის გადადგომა იმ პერიოდში მომხდარმა სკანდალებმა განაპირობა. სკანდალებს მისი მინისტრების გადადგომა მოჰყვა და „კონსერვატიული პარტია“ ჯონსონზე გადადგომის მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდა.

ბორის ჯონსონის ირგვლივ განვითარებული სკანდალები, რომლებსაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა, ძირითადად 2020 წელს დაიწყო. 2020 წელს მედიაში გაჟონა სურათებმა, სადაც პრემიერ-მინისტრი ჯონსონი თავის რეზიდენციაში წვეულებას მასპინძლობდა, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი შეკრებები COVID-19-ის პანდემიის გამო აკრძალული იყო. პანდემიის პირობებში, ჯონსონის რეზიდენციაში გამართული წვეულებების შესახებ გამოძიებაც დაიწყო და საბოლოო ანგარიში ჯონსონისთვის დამაზიანებელი იყო.

2021 წელს, ნოემბერში, ბორის ჯონსონი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როდესაც „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატის მიმართ, რომელსაც ლობიზმის შესახებ წესების დარღვევა ბრალდებოდა, გარკვეული ზომები თავდაპირველად არ გაატარა, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ მისი თავდაპირველი პოზიცია შეცდომა იყო.

2022 წლის იანვარში ჯონსონი კიდევ ერთ დამაზიანებელ სკანდალში გაეხვა. კერძოდ, მან ბოდიში მოიხადა, რომ დამალა „კონსერვატიული პარტიის“ დონორებთან გაგზავნილი შეტყობინებები, რომლებშიც ის მისი რეზიდენციის ინტერიერის განსაახლებლად დონორებს 52 ათას ფუნტს სთხოვდა, თუმცა აღნიშნულისთვის ბიუჯეტში ყოველწლიურად ისედაც იყო გათვალისწინებული 30 ათასი ფუნტი. საკითხთან დაკავშირებით, მისი განმარტება, რომ ახალი ტელეფონის გამო წინა შეტყობინებები წაშლილი ჰქონდა, ბევრმა არასერიოზულად მიიჩნია და მცდარად შეაფასა.

შემდეგ თვეში, თანამდებობიდან გადადგა ბორის ჯონსონის პოლიტიკის დანაყოფის დირექტორი, რადგან, მისი აზრით, ჯონსონმა ოპოზიციის ლიდერის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს იმდროინდელმა ოპოზიციის ლიდერმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კიერ სტარმერმა, პროკურორის თანამდებობაზე მუშაობისას სექსუალური მოძალადე ვერ დასაჯა. ჯონსონმა შემდგომ აღიარა, რომ რეალურად სტარმერს აღნიშნულ საქმეში პერსონალური ბრალეულობა არ მიუძღოდა.

ამავე დროს კვლავ აქტუალური იყო კორონავირუსის პანდემიის დროს წვეულებების სკანდალი, რომლის შესახებაც მიმდინარეობდა, როგორც საპოლიციო გამოძიება, ისე შიდა მოკვლევა. ჯონსონის პოზიცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შეიცვალა კიდევაც, თუმცა, ჯონსონის თანახმად, მას პარლამენტარები განზრახ არ შეუყვანია შეცდომაში. როგორც ზემოთაა აღნიშნული, შიდა მოკვლევის ანგარიში საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და მისი ავტორის თანახმად, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაჰკისრებოდათ. პოლიციამ დაადგინა, რომ ჯონსონმა მართლაც დაარღვია კანონები და ამისთვის 50 ფუნტით დააჯარიმა. ჯონსონის გამართლების მიხედვით, მან არ იცოდა, რომ ის წვეულებას ესწრებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის მაინც გახდა გაერთიანებული სამეფოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს პოლიციის მიერ კანონის დარღვევაში იყო მხილებული.

განხილულმა სკანდალებმა უარყოფითად იმოქმედა, როგორც ჯონსონის რეიტინგზე (ყველაზე დაბალ ნიშნულზე ის იყო 2022 წლის იანვარში, კერძოდ, ამ დროს მისი უარყოფითი რეიტინგი 71%-ს შეადგენდა), ასევე მის პარტიაში ჯონსონისადმი დამოკიდებულებაზე. 2022 წლის თებერვალში „კონსერვატიული პარტიის“ ზოგ დეპუტატს უკვე საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ და ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ ჯონსონს „კონსერვატიულ პარტიაში“ უნდობლობის ხმის მიცემა (vote of no confidence) მოუწევდა. ამავე პერიოდში „კონსერვატიული პარტია“ რამდენიმე ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში დამარცხდა, მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე აღნიშნული ოლქები მოგებული ჰქონდა, რაც ჯონსონის პოპულარულობის შემცირებაზე მიუთითებდა. ეს კი „კონსერვატიული პარტიის“ წევრებისთვის მომავალი არჩევნების კონტექსტში შემაშფოთებელი იყო. ჯონსონი იმ დროს უნდობლობის შესახებ ხმის მიცემას გადაურჩა, რა, დიდწილად, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რთული ვითარების შედეგად შეცვლილი დღის წესრიგით იყო განპირობებული.

თუმცა, მოგვიანებით, „კონსერვატიული პარტიის“ მინიმუმ 54-მა პარლამენტის წევრმა ჯონსონისადმი უნდობლობის წერილი გაგზავნა, რაც უნდობლობის ხმის მიცემის პროცედურის დაწყებისთვის საჭირო რაოდენობაა. მართალია, ჯონსონი 6 ივნისს უნდობლობის ხმის მიცემას გადაურჩა (211 ხმით 148-ის წინააღმდეგ), თუმცა აღნიშნულმა პროცედურამ და მისი დეპუტატების 41%-ის მიერ მის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემამ ჯონსონი არსებითად დააზიანა. ამ დროს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ უნდობლობის პროცედურაში გადარჩენა ჯონსონის საბოლოო პოლიტიკურ გადარჩენას ვერ უზრუნველყოფდა (ისევე როგორც ეს ჯონსონის წინამორბედის, ტერეზა მეის, შემთხვევაში მოხდა).

პარტიის შიგნით მის წინააღმდეგ უკმაყოფილებას აღვივებდა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის საკითხიც, რომელთან დაკავშირებითაც ბორის ჯონსონი სადავო ცვლილებების განხორციელებას უჭერდა მხარს.

აღნიშნულის შემდეგ ჯონსონი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა – კერძოდ, მანდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა დეპუტატი, რომელთან დაკავშირებითაც მან იცოდა საფუძვლიანი ეჭვების შესახებ, რომ დასახელებულმა დეპუტატმა ნასვამ მდგომარეობაში ორი კაცი სექსუალურად შეავიწროვა.

მორიგმა სკანდალმა ჯონსონის პოზიციები საბოლოოდ შეარყია და მისმა მინისტრებმა გადადგომა დაიწყეს: 5 ივლისს გადადგნენ ჯანდაცვისა და ხაზინის მდივნები (იგივე მინისტრები საქართველოს რეალობაში; ხაზინის მდივანი შეესაბამება ფინანსთა მინისტრის თანამდებობას), რასაც სხვა შედარებით დაბალი მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა (ჯამში 40-ზე მეტის). ამავე პერიოდში ჯონსონმა აღიარა, რომ 2018 წელს, საგარეო საქმეთა მდივნობის (მინისტრობის) დროს კგბ-ს ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევის ასისტენტებს ოფიციალური პირების ან/და უსაფრთხოების თანამშრომლების გარეშე შეხვდა.

მიუხედავად მრავალი სკანდალისა და შესუსტებული პოლიტიკური პოზიციისა და რეიტინგისა, ჯონსონი თავდაპირველად გადადგომას არ აპირებდა და მსგავსი მოწოდების გამო მთავრობის კაბინეტის წევრი, მაიკლ გოუვი, თანამდებობიდან მოხსნა. თუმცა საბოლოოდ „კონსერვატიული პარტიის“ წევრებისა და ერთგული მინისტრებისგან მომდინარე წნეხის გამო გადადგა.

რაც შეეხება მის შემდგომ პრემიერ-მინისტრებს – ლიზ ტრასს და რიში სუნაკს („კონსერვატიული პარტიიდან) და კიერ სტარმერს („ლეიბორისტული პარტიიდან), უკრაინისა და რუსეთის მიმართ მათ ბორის ჯონსონის პოლიტიკა – უკრაინის აქტიური დახმარება და რუსეთის კრიტიკა – განაგრძეს.

ამდენად, აშკარაა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის გადადგომაში უკრაინისა და რუსეთისადმი მის პოლიტიკას არავითარი როლი არ ჰქონია და აღნიშნულ პოლიტიკას  შემდგომი პრემიერ-მინისტრები გაერთიანებული სამეფოს ორივე მთავარი პოლიტიკური პარტიებიდან აგრძელებენ.

რაც შეეხება უკრაინაში ომის გაჩაღებას, უკრაინის წინააღმდეგ ომი თავდაპირველად რუსეთმა 2014 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო, ხოლო 2022 წელს კი რუსეთმა უკრაინაში, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში ომის გაჩაღებასა და მის მიერ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ტყუილია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]