სოციალურ ქსელებში, TikTok-სა (1, 2) და Facebook-ზე (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) მომხმარებლები და გვერდები, მათ შორის, „POSTV – ანალიტიკა“, ვირუსულად ავრცელებენ მანიპულაციურად მოჭრილ ვიდეოს, რომელშიც ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ინტერვიუს წერს ერთსა და იმავე რესპონდენტთან სხვადასხვა ტანისამოსში. პოსტის ავტორები მიუთითებენ, რომ ერთი რესპონდენტის სხვადასხვა ტანისამოსში გამოჩენა გაშუქებულ უბნებზე მოწყობილი „პროვოკაციების“ დასტურია. მაგალითად, ერთ-ერთი ანგარიში წერს: „სხვადასხვა ტანსაცმლით დადის და აძლევს ინტერვიუს, ტანსაცმელი გამოიცვალა მეტი ხმაურისა და პროვოკაციისთვის! ვაი რა დღეშია ოპოზიცია“; „მეტი ხმაურისთვის ერთი რესპოდენტი სხვადასხვა ტანსაცმლით“, – წერს „POSTV – ანალიტიკა“ ტელევიზიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე. რეალურად, ინტერვიუები დღის სხვადასხვა მონაკვეთშია გადაღებული და ტანისამოსის სხვადასხვაობაც შეიძლება ამით აიხსნებოდეს. თითოეულ შემთხვევაში, ჟურნალისტი რესპონდენტის ვინაობას ასახელებს და მის სხვადასხვა რესპონდენტად წარმოჩენას არ ცდილობს. ამასთან, გავრცელებულ პოსტებს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ინციდენტების აღმნიშვნელი კადრები ამოჭრილია.
გავრცელებულ ვიდეოში პირველი კადრი „ტვ პირველის“ საგანგებო ეთერიდანაა ამოჭრილი. კერძოდ, ეთერის სხვადასხვა მონაკვეთში მაყურებელი ხედავს, რომ ისნის რაიონის საარჩევნო უბნებზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს სწორედ ამ ოლქის უბნებს აშუქებდა (სპეცეთერი 5:04:28), რამდენიმე ტიპის დარღვევაზე საუბრობს: მარკირების სითხის სავარაუდო გადამალვა, ადგილობრივების მიერ დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და სხვა. ამავე სიუჟეტში, 2:55:30 წუთზე ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი კითხვით მიმართავს მარიამ დოლიძეს, რომელიც ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია.
მარიამ დოლიძე ისნის ოლქში 30-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფების სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად, ის საარჩევნო უბანთან მობილიზებულ უცხო პირებზე, რომლებიც სავარაუდო აგიტაციას ეწეოდნენ, ამბობს, რომ „გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, იგინებოდნენ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც 41 ნომრის გარდა სხვა ნომერს გააფერადებდნენ“. „POSTV – ანალიტიკის“ მოჭრილი ვიდეოს პირველ ნაწილში მარიამ დოლიძის აღნიშნულ კომენტარს ვხედავთ.
აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტის დასაწყისშივე, მარიამ დოლიძის გამოჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კერძოდ, 2:53:40 წუთზე, კადრში საარჩევნო უბანთან ჩანს პირი, რომელსაც აკრედიტაციის ნიშანი არ აქვს და რომელზეც მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მას საარჩევნო უბანთან არასათანადო ქცევაში ადანაშაულებს. ამავე კადრში ხსენებული მამაკაცი ჟურნალისტსა და ოპოზიციას პირდაპირ ეთერში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. აღნიშნულ კადრში არაერთხელ ჩნდება მარიამ დოლიძე და მას თეთრი მაისური და შავი მოსაცმელი აცვია.
ამ ინციდენტამდე, ამავე სპეცეთერში (1:34:10) ჩანს, რომ მარიამ დოლიძე იმავე ტანსაცმლით საუბრობს ისნის ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე მარკირების სითხესთან დაკავშირებულ სავარაუდო დარღვევაზე.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელებული ვიდეოს მეორე კადრს, აღნიშნული „ტვ პირველის“ დღის მეორე ნახევრის საგანგებო ეთერში გვხვდება, სადაც დაფიქსირებულ ინციდენტზე საუბარი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეპიზოდში მარიამ გაფრინდაშვილი ისნის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამბობს: „აქ იყო ე.წ. „ძველი ბიჭების“ მობილიზება“. ჟურნალისტის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
პირდაპირ ეთერში, მარიამ გაფრინდაშვილის საუბრის პარალელურად, ვხედავთ ვიდეოს, რომელშიც ჩანს საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირების დაპირისპირება მარიამ დოლიძესთან, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობებიც. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მანიპულაციურ ვიდეოებში ინციდენტის ამსახველი ეს კადრები ამოჭრილია.
დამატებით, „ტვ პირველის“ სპეცეთერის 1:57:08 წუთზე ვხედავთ სამართალდამცავების კომენტარსაც, რომლებიც მობილიზებული პირების საარჩევნო უბანთან არსებობას ადასტურებენ და მათი გარიდების შესახებ მარიამ დოლიძეს ინფორმაციას აწვდიან. დოლიძე პოლიციელს კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დააკავეს დამნაშავე, როდესაც დაინახეს, რომ მას შუშის ბოთლი ესროლეს. ამავე ინციდენტზე მარიამ დოლიძე მარიამ გაფრინდაშვილთანაც აკეთებს კომენტარს (1:55:39 წუთზე): „მარიამ, დაახლოებით 15-20 კაცამდე ადამიანი იყო, ისინი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, წარმოუდგენლად იქცეოდნენ… შუშის ბოთლები გვესროლეს, როგორც კი დაინახეს, რომ ვიღებდით, იმწამსვე გახდნენ აგრესიულები, გვაგინებდნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ“. ამრიგად, მარიამ დოლიძის კომენტარის გარეშეც 9-წუთიან ჩართვაში ჩანს ისნის მე-9 საარჩევნო უბანთან უცხო პირების მობილიზება და დაპირისპირება, რასაც პოლიციაც ადასტურებს.
განხილულ ეპიზოდში ვხედავთ, რომ მარიამ დოლიძეს ამჯერად თეთრ მაისურზე ნაცრისფერი ქურთუკი აცვია, რასაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები იყენებენ იმის დასამტკიცებლად, თითქოს აღნიშნულ უბნებზე სავარაუდო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სხვადასხვა ტანსაცმელში ჩაცმული ერთი და იმავე რესპონდენტის მოყოლილი „პროვოკაციებია“. მარიამ დოლიძის გარეგნობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ერთადერთი სხვაობა პირველ და მეორე კადრებს შორის მოსაცმელია – ერთ შემთხვევაში მუქი ფერის მოსაცმელი, ხოლო მეორეში – ნაცრისფერი ქურთუკი. სხვა გარეგნული მახასიათებლები კი უცვლელია (თეთრი მაისური, თმის გაშლილი ვარცხნილობა).
დამატებით, „ტვ პირველის“ გარდა, მარიამ დოლიძეზე, როგორც ისანში „ენმ-ს“ წარმომადგენელზე, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სხვა მედიებმაც გამოაქვეყნეს (1, 2).
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები მცდარად ამტკიცებს, თითქოს „ტვ პირველის“ მიერ გაშუქებულ უბნებზე სავარაუდო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სხვადასხვა ტანსაცმელში ჩაცმული ერთი და იმავე რესპონდენტის მიერ მოყოლილი „პროვოკაციებია“.
რედაქტორის შენიშვნა: 2024 წლის 16 დეკემბერს სტატია შესწორდა. ტელეკომპანია „POSTV-ის“ საჩივრის საფუძველზე „ჯეოფაქტსის“ სარედაქციო საბჭომ სტატია ხელახლა განიხილა.
დეტალური განხილვის შედეგად სარედაქციო საბჭომ სტატიაში აღმოაჩინა ფაქტობრივი შეცდომა. სტატიაში მცდარად იყო მითითებული, რომ მარიამ დოლიძე 38-ე საარჩევნო უბანზე მიმაგრებული დამკვირვებელი იყო და, შესაბამისად, გამოტანილი იყო მცდარი დასკვნა, რომ „ტვ პირველის“ სპეცეთერიდან მოჭრილი ორივე ინციდენტი ისნის 38-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.
აღნიშნული შეცდომის აღმოჩენის შემდეგ ხელახლა გაანალიზდა სპეცეთერის ორივე მონაკვეთი და სტატიას დაემატა დამატებითი გარემოებები. კერძოდ, დადასტურდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების საპირისპიროდ, „ტვ პირველის“ სპეცეთერში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევები მარიამ დოლიძის კომენტარის გარეშეც დასტურდება, მათ შორის, ინციდენტების ამსახველი ვიდეოკადრებითა და ერთ-ერთ მონაკვეთში ინციდენტის არსებობის შესახებ პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით. ამდენად, განახლებულ სტატიაზე დაყრდნობით, სარედაქციო საბჭო ვერდიქტს უცვლელად ტოვებს.