Home » დეზინფორმაცია: „ტვ პირველის“ ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე არსებულ სიმშვიდეს არ აღიარებს
არჩევნები 2024 გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: „ტვ პირველის“ ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე არსებულ სიმშვიდეს არ აღიარებს

სოციალურ ქსელ Facebook-სა და TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო (ბმული 1, 2, 3, 4), სადაც ჩანს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი, რომელიც ამბობს „მეოცე საარჩევნო უბანზე ახლა არის სიმშვიდე, მაგრამ ეს სიმშვიდე არის მოჩვენებითი“. ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ შექმნას წარმოდგენა, თითქოს ოპოზიციური არხის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე არსებულ მშვიდ გარემოს  მიუხედავად, ამ ფაქტს არ აღიარებენ.

ვიდეოების ნაწილს თან ახლავს აღწერაც, რომ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი სიმშვიდით შეწუხებულია.

სინამდვილეში, ვიდეო არასრული კონტექსტითაა ამოღებული ტელეკომპანია პირველის გადაცემიდან [56:40-დან], სადაც ჟურნალისტი ამბობს „[ჩუღურეთის] მეოცე საარჩევნო უბანზე ახლა არის სიმშვიდე, მაგრამ ეს სიმშვიდე არის მოჩვენებითი იმიტომ, რომ ჩვენს გამოჩენას მოყვა ის, რომ ეს ბიჭები ახლა დაიშალნენ და, ალბათ, ჩვენი წასვლის შემდეგ ისევ გამოჩნდებიან“.

ამ განცხადებამდე „ტელეკომპანია პირველის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართიდან ერთვება და საუბრობს იქ მდებარე საარჩევნო უბანთან არსებულ ვითარებაზე. ჟურნალისტის თანახმად, ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ ე.წ. „ძველი ბიჭები“, რომლებსაც ჰქონდათ სიები და ელოდებოდნენ მათთვის სასურველ ამომრჩეველს და საარჩევნო უბნამდე მიაცილებდნენ. შემდეგ ჟურნალისტი ამბობს: „ახლა როდესაც ჩვენ გამოვჩნდით – „ტვ პირველი“ – მათ დატოვეს აქაურობა, გაჩვენებთ, სად არიან“. შემდეგ მაკა ჩიხლაძე აჩვენებს უბნის მიმდებარე ტერიტორიას – თონეს, მაღაზიას და აღნიშნავს, რომ: „სამწუხაროდ ამ ადამიანებთან თანამშრომლობდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, რომელიც არ გვეუბნებოდა ვინ არის პირი, რომელიც მოაცილებს აქ ავტომობილებს, ამომრჩევლებს და ასევე გავლენას ახდენს მათ ნებაზე იმიტომ, რომ საარჩევნო უბანში შესვლამდე ისინი აუცილებლად ესაუბრებოდნენ ყველა ამომრჩეველს“.

შემდეგ, გადაცემაში აჩვენეს ჩაწერილი კადრები [59:49 წუთიდან], რომელიც, ჟურნალისტის მიხედვით, მეოცე საარჩევნო უბანზე მათსა და სავარაუდო ე.წ. „ძველ ბიჭებთან“ დაპირისპირებას აჩვენებდა.

სწორედ ამ ჩანაწერების შემდეგ ჟურნალისტი ისევ ლაივში ბრუნდება და ამბობს, „მეოცე საარჩევნო უბანზე ახლა არის სიმშვიდე, მაგრამ ეს სიმშვიდედ არის მოჩვენებითი იმიტომ, რომ ჩვენს გამოჩენას მოჰყვა ის რომ ეს ბიჭები ახლა დაიშალნენ და ჩვენი წასვლის შემდეგ ალბათ ისევ გამოჩნდებიან“.

ამდენად, ჟურნალისტის განცხადება „მეოცე საარჩევნო უბანზე ახლა არის სიმშვიდე, მაგრამ ეს სიმშვიდე არის მოჩვენებითი“ მანიპულაციურად ისეა მოჭრილი, რომ ვიდეოების მაყურებლებს სრული კონტექსტის წარმოდგენის საშუალებას არ აძლევს. სრულ კონტექსტში ჟურნალისტი გულისხმობს, რომ უბანზე სიმშვიდე მოჩვენებითი იმიტომაა, რომ მისი განცხადებით, ე.წ. „ძველი ბიჭები“, რომლებიც, სავარაუდოდ, ახდენდნენ გავლენას ამომრჩეველზე, დროებით გაეცალნენ უბანს და სავარაუდოდ, მოგვიანებით დაბრუნდებოდნენ.

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]