Home » დეზინფორმაცია: უკრაინა საქართველოში არეულობის მოსაწყობად მებრძოლების მობილიზაციას ახდენს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: უკრაინა საქართველოში არეულობის მოსაწყობად მებრძოლების მობილიზაციას ახდენს

სოციალურ ქსელში 25 ოქტომბერს წინასაარჩევნოდ Facebook-ანგარიშებმა „შიგ ევროპაში“, „Georgia First NEWS“ და „უკვე ევროპაში ვართ“, კოორდინირებულად გაავრცელეს მტკიცება, რომ უკრაინა საქართველოში არეულობის მოსაწყობად მებრძოლების მობილიზაციას ახდენს (იხილეთ დაარქივებული პოსტი 1, 2).

მტკიცება TikTok-ზე რამდენჯერმე გაავრცელა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა TikTok-გვერდმა georgiandream.41 (იხილეთ ბმული 1, 2, 3).

მოსალოდნელია, რომ მტკიცების ნამდვილობის შემთხვევაში, მას არაერთი სახელმწიფო უწყება და მედია გაავრცელებდა. თუმცა სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება არცერთ ოფიციალურ უწყებაში, სანდო წყაროსა და მედიაში არ დასტურდება.

მაგალითად, აღნიშნული ინფორმაცია არ გვხვდება არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელ Facebook-ის ანგარიშზე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდსა და სოციალური ქსელების ანგარიშზე ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის საინფორმაციო პლატფორმებზე. ინფორმაცია არ იძებნება არც სანდო და ავტორიტეტულ მედია გამოცემებში.

მტკიცება, საქართველოში რაიმე სახის ოპერაციის ჩატარების შესახებ მობილიზაციის გამოცხადების მიზნით, არც უკრაინის ოფიციალური უწყებების, მაგალითად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდსა და სოციალური ქსელის ანგარიშებში მოიძებნება.  უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციები არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, არამედ რუსეთთან ომს უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში რამდენჯერმე გავრცელდა მტკიცება, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფიგურირებდა „ქართული ლეგიონის“ ლიდერი, მამუკა მამულაშვილი. ხოლო 2024 წლის ივლისში სუს-მა უკრაინაში მოხალისედ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაკითხვა დაიწყო. თუმცა ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნოდ გავრცელებული მტკიცება, როგორც უკვე აღნიშნულია, სახელმწიფო უწყებებს არ გაუვრცელებიათ და მასზე შეფასებები არ გვხვდება არც ქართული ლეგიონის X ანგარიშზე.

ამდენად, სავარაუდოა, რომ მტკიცება დეზინფორმაციის გავრცელებაში შენიშნულმა კოორდინირებულმა და არაავთენტურმა Facebook-ანგარიშებმა შექმნეს.

ამას ადასტურებს ისიც, რომ როგორც TikTok-ზე, ისე facebook-ზე გავრცელებული აღნიშნული მტკიცებები ზოგიერთ შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტტვ“-ის  ვიზუალის გამოყენებითაა შექმნილი (იხილეთ ფოტოები ქვემოთ). თუმცა არც ტელეკომპანია „იმედის“ და არც „პოსტტვ“-ის გვერდებზე მსგავსი შინაარსის საინფორმაციო ბარათები ან სტატიები არ იძებნება.

ფოტოები: TikTok-ზე გამოქვეყნებული დეზინფორმაციული მტკიცებები ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვ“-ის ვიზუალით.

შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინა საქართველოში არეულობის მოსაწყობად მებრძოლების მობილიზაციას ახდენს, არ დასტურდება.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]