Facebook-ანგარიშმა გაავრცელა ინფორმაცია თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა „ლიბერალებს“ მილიონი ლარი ჩაურიცხა (არქივირებული ბმული).
რეალურად, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთი პარტიისთვის ფული არ შეუწირავს. მას შეწირულებები მხოლოდ 2014 წელს იმ დროს მისი პარტიის – „საქართველოს გზა“ – სასარგებლოდ, 2016 წელს თავისი თავისთვის, როგორც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატისთვის და 2018 წელს თავისი თავისთვის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის აქვს შეწირულება განხორციელებული, ჯამში – 79 170 ლარი. თუმცა მას არ განუხორციელებია შეწირულობა სხვა პარტიისთვის, მათ შორის არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „ლიბერალებს“ მილიონი ლარი ჩაურიცხა, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და ტყუილია.