სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილი ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოწყობილი ტერაქტის ერთ-ერთ მონაწილედ თურქეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და ისრაელის მოსადის აგენტი, ფარაჰ ქარიმი დაასახელეს. სინამდვილეში, ფარაჰ ქარიმი 2019 წელს გამოსული ვიდეო თამაშის, Call of Duty Modern Warfare-ის პერსონაჟია.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ყალბი მტკიცება თავდაპირველად რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი რუსი ბლოგერების, ოლეგ ცარევის და იგორ დმიტრიევის მიერ გავრცელდა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ფარაჰ ქარიმი ვიდეო თამაშის ფიქტიური პერსონაჟია. Call of Duty Modern Warfare ვიდეო თამაშის სერიაში, ფარაჰ ქარიმი ფიქტიურ სახელმწიფო ურზიკისტანში „ურზიკისტანის გამათავისუფლებელი ძალების“ დამფუძნებელი და ლიდერია. თამაშის სიუჟეტში ქარიმი ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო და სამხედრო პირების დახმარებით მისი ფიქტიური ქვეყნის რუსს ოკუპანტებს და ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქათალას“ ებრძვის.
ფარაჰ ქარიმის ზუსტი კადრი, რომელიც ირაკლი ზაქარეიშვილმა და რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო თამაშის ჩანაწერში (00:45 წუთი).
რაც შეეხება თურქეთში განხორციელებულ ტერაქტს, ოფიციალურმა ანკარამ დაადასტურა, რომ თურქეთის საკუთრებაში არსებული იარაღისა და საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანიაზე თავდასხმა, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა, ქურთების მშრომელთა პარტიის წევრების მიერ იყო განხორციელებული. ტერაქტის საპასუხოდ თურქეთმა ერაყსა და სირიაში. ქურთების მშრომელთა პარტიასთან დაკავშირებული ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ამავდროულად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ტერაქტში რაიმე სახით მონაწილეობა აშშ-ის ან ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ანკარაში განხორციელებულ ტერაქტში აშშ-ის და ისრაელის სადაზვერვო სამსახურების აგენტი მონაწილეობდა, ყალბია.