Facebook-გვერდმა „შიგ ევროპაში“ 24 ოქტომბერს გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია (არქივირებული ბმული): „ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ცნობილი ფესბუქ-ცენზორი ეთო ბუზიაშვილი თაღლითურ სქემაში იყო ჩართული“ და პოსტს თან დაურთო სურათი, სადაც ეთო ბუზიაშვილი ე.წ. „ქოლ-ცენტრის“ თანამშრომლის ფორმაში არის ნაჩვენები (იხილეთ ფოტო), რითაც მიანიშნა, რომ თაღლითური საქმიანობა ე.წ. „ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდებოდა.
24 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის, სახლებიც. პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა მიმდინარეობდა რამდენიმე კომპანია „კონცენტრიქსის“ ოფისსა და სხვა ფიზიკური პირების სახლებში, სადაც გამოძიება ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ (თაღლითურ) საქმეზე შევიდა. სისხლის სამართლის საქმე, განჩინების თანახმად, სამი მუხლით – ფულის გათეთრება, თაღლითობა და გადასახადებისგან თავის არიდება – არის აღძრული. ერთ-ერთი მოქალაქე – ვალერი ტყეშელაშვილი, რომელსაც გამოძიება ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან კავშირს ედავება, ბრალს უარყოფს. ხოლო „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების – ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას – მიმართ ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. დაგეთანხმებით, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მხრივ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება, ბუნებრივია, დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე სამართალდამცავები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან“.
ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა, ანა გახოკიძემ, განაცხადა, რომ მათ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და ზემოაღნიშნული სამი მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში“ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“.
გამოძიებას „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილისთვის, ბრალი არ წაუყენებია. ისინი გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა სოფო გელავას ადვოკატის 24 ოქტომბრის განცხადებით, გელავას გამოკითხვა 25 ოქტომბერს გაუქმდა.
ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, ეთო ბუზიაშილის სახლში ჩატარებული ჩხრეკა კანონის სრული დარღვევით ჩატარდა.
„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას, განცხადებით, „სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ამ კომპანიის წინააღმდეგ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით. მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ კომპანიაზე, არის ის, რომ ეს არის HR კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს „ატლანტიკურ საბჭოს“, რომელთანაც მე ვმუშაობ და ის მხოლოდ სამართლებრივ შრომით ხელშეკრულებებს აგვარებს. სხვა კომუნიკაცია ჩვენ ამ კომპანიასთან არ გვაქვს და საერთოდ არანაირი კომუნიკაცია და მიწერ-მოწერა არ მქონია. ამის იქით ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ ეს არის რაღაც დიდის [თაღლითური სქემის] ნაწილი და ამის გამო იყვნენ ჩემთან სახლში“.
„ატლანტიკური საბჭო“ მისი მკვლევრების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენით ღრმად შეშფოთებულები არიან. ორგანიზაციის განცხადებით, მათი „ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას, და სხვა ზიანს“. „ატლანტიკური საბჭო“ მოელის, რომ „საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი [„ატლანტიკური საბჭოს“] თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა“. შესაბამისად, „ატლანტიკურმა საბჭომაც“ უარყო მათი ჩართულობა რაიმე თაღლითურ სქემაში და მათი საქმიანობა დემოკრატიის დაცვასა და სხვადასხვა ტიპის კვლევით საქმიანობას დაუკავშირა.
შესაბამისად, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის მიმართ, ჩატარებული ჩხრეკის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის არ არსებობს არავითარ მტკიცებულება, რომ ის რაიმე თაღლითურ „ქოლ-ცენტრების“ სქემაში იყო ჩართული, მისთვის გამოძიებას ბრალდება არ წაუყენებია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაა ნახსენები, რომ ის თაღლითურ სქემაში იყო ჩართული ან გამოძიება ეთო ბუზიაშვილს აღნიშნულს ედავება.
საქმის ირგვლივ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ის თაღლითურ სქემაში იყო ჩართული და ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, ფაქტობრივი მტკიცებულებებით არ დასტურდება და ტყუილია.