სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) (დაარქივებული ბმული) ლაშა ტალახაძის, ოლიმპიური ჩემპიონისა და ქართული ოცნების სიის მე-7 ნომრის, ციტატას ავრცელებენ: „ხანდახან მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ღვთის მიერ ვლადიმერ პუტინსა და ჩვენს შორის შერიგებისთვის გამოგზავნილი მესიაა“. აღსანიშნავია, რომ ბარათი „მთავარი არხის“ დიზაინითაა შექმნილი, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებამ გაავრცელა. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია, მსგავსი განცხადება ლაშა ტალახაძეს არ გაუკეთებია.
არ არსებობს სანდო, ოფიციალური ან ავთენტური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ციტატა ნამდვილად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. აღნიშნული ციტატა არ გვხვდება არც მის Facebook-ანგარიშზე „ლაშა ტალახაძე – Lasha talakhadze“. ინფორმაცია არ იძებნება არც მედიასაშუალებებში, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარის“ Facebook ან Instagram-ანგარიშებზე.
აღნიშნული ყალბი ამბის მედიასაშუალების დიზაინით გავრცელება მიზნად ისახავს, მკითხველს გავრცელებული ინფორმაციისადმი მეტი სანდოობა გაუჩინოს და შესაბამისად, მის განწყობებსა და შეხედულებებზე უფრო მარტივად იმოქმედოს.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 26 სექტემბერს 170-კაციანი პარტიული სია გამოაქვეყნა. მე-7 ადგილს მსოფლიო ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე იკავებს.
ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, ლაშა ტალახაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.