სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცებები, რომ მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში ასახვის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გაყალბდა დადებითი პასუხის სასარგებლოდ, რადგან საბოლოო შედეგი თავდაპირველად გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებზე არსებითად დიდი იყო (მაგალითად, იხილეთ 1, 2, 3, 4; არქივირებული ბმულები: 1, 2, 3, 4).
მტკიცებები მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების ან/და რეფერენდუმის გაყალბების შესახებ რიგ შემთხვევებში ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის, მტკიცებულების ან არგუმენტის გარეშე არის მოცემული, ხოლო სხვა შემთხვევებში მტკიცებები მიუთითებს, რომ არჩევნების თავდაპირველი შედეგებით, როდესაც ყველა უბანი ჯერ დათვლილი არ იყო, ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმში „არა“ პასუხი ლიდერობდა.
რეალურად, მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმში თავდაპირველი შედეგებით, როდესაც ჯერ ყველა უბანი დათვლილი არ იყო, ევროკავშირში გაწევრების მიზნის კონსტიტუციაში ასახვის საწინააღმდეგო ხმები მეტი იყო. თუმცა შედეგები დიდი უბნებიდან შედარებით გვიან აიტვირთა (სადაც „კი“-ს მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც შედარებით დიდ ქალაქებში მოსალოდნელი იყო). რაც მთავარია, თავდაპირველ შედეგებში არ იყო და შედარებით ბოლოსკენ აისახა საზღვარგარეთის უბნების ხმები. მოლდოვას უცხოეთში დიდი დიასპორა ჰყავს, რომლის დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შესაბამისად, დიასპორის შედეგებმა საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინა და საბოლოოდ „კი“-მ გაიმარჯვა 50.38%-ით (750137 ხმა) 49.62%-ის წინააღმდეგ (738737 ხმა).
მოლდოვის არჩევნებში/რეფერენდუმში ჩარევასა და მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით ეჭვები და ფაქტები მართლაც არსებობს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა პრორუსული ძალების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისთვის და არა – პირიქით. კერძოდ, რუსეთიდან მოქმედი პრორუსული ძალები სხვადასხვა სახით (ნაღდი ფულით და საბანკო გადარიცხვებით) ცდილობდა მოლდოვაში ფულის შეტანას, რომელიც ამომრჩევლების მოსასყიდად იქნებოდა გამოყენებული. მოლდოვას პოლიციის უფროსის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისისთვის 130 ათას ადამიანს ჰქონდა ფული მიღებული არჩევნებში/რეფერენდუმში მოსყიდვის მიზნით. პრეზიდენტ მაია სანდუს ინფორმაციით, უკვე არჩევნების დღისთვის არსებობდა ცხადი მტკიცებულებები, რომ 300 ხმა მოსყიდული იყო მის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში ასახვის საწინააღმდეგოდ. მოლდოვის პოლიცია საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს და ამ დროისთვის უკვე ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულის აღების 400 კონკრეტული ფაქტი აქვს მტკიცებულებებით გამოვლენილი.
შესაბამისად, მტკიცებები, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან პროევროპული კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბდა, არ დასტურდება. აღნიშნული მტკიცების მხარდასაჭერად არ იძებნება არავითარი მტკიცებულება ან ფაქტები, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ხმების მოსყიდვის მრავალი შემთხვევა და რუსეთის ჩარევა არჩევნებში უკვე იდენტიფიცირებულია.