Home » სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის პოსტის გაყალბებული ვერსია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის პოსტის გაყალბებული ვერსია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ოპოზიციის მადისკრედიტებელი Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“ ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თითქოს ქსენოფობიურის/ქსენოფობიის ნაცვლად ჰომოფობიური/ჰომოფობია დაწერა, შემდეგ კი ჩაასწორა. პოსტი დასათაურებულია შემდეგნაირად: „უვიცი მევახშე“ და მისი აშკარა მიზანი ოპოზიციური ძალების ლიდერის დისკრედიტაციაა. რეალურად, ფოტო გაყალბებულია და მამუკა ხაზარაძეს ქსენოფობიურისა და ქსენოფობიის ნაცვლად ჰომოფობიური/ჰომოფობია არ დაუწერია.

მამუკა ხაზარაძის პოსტი (დაარქივებული ბმული) 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა იმ მტკიცების საპასუხოდ, რომ თითქოს ის წარმომავლობით სომეხია. პრო-სახელისუფლებო და ანტი-ოპოზიციურმა ტელევიზიამ POSTV – ანალიტიკამ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი მამუკა ხაზარაძეს ეკითხება: „რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას?… ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ?“. აღნიშნულ ვიდეოს დეზინფორმაციის გამავრცელებლებისგან მამუკა ხაზარაძის წარმომავლობის შესახებ (1, 2, 3, 4) სხვა ყალბი მტკიცებები მალევე მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მტკიცებები ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით იმაზე აპელირებით გავრცელდა, თითქოს სომხური წარმომავლობა სასირცხვილო იყოს. სწორედ ამის საპასუხოდ გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძემ პოსტი, რომელიც გაყალბებული სახით ვრცელდება. პოსტი სამჯერ არის დარედაქტირებული, თუმცა მის არც ერთ ვერსიაში არ არის სიტყვები ჰომოფობიური და ჰომოფობია ნახსენები. რეალურად, თავდაპირველ პოსტში ხაზარაძე ამბობს: „ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო… ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!!!“ – პოსტის ამ ვერსიაში ბოლო ნაწილია შეცვლილი და კავშირი არ აქვს აღნიშნულ ტერმინებთან. მეორე ვერსიაში ხაზარაძე წერს: „ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!!!“, ხოლო საბოლოო ვერსია ასეთია: „ბოლო ცილისწამებლური კამპანია კი, არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო… მე ვუხდი მათ ბოდიშს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო.  ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!!!“.

ამრიგად, მტკიცება მცდარია და ფოტო რედაქტირებულია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]