Home » რა ვიცით უკრაინის ქალაქ ჩერკასში მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარ შემთხვევაზე?
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

რა ვიცით უკრაინის ქალაქ ჩერკასში მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარ შემთხვევაზე?

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ვიდეოს, სადაც ეკლესიაში ხალხს შორის დაპირისპირების კადრებია აღბეჭდილი. ზოგიერთი პოსტის მტკიცებით, ეკლესიაში ზელენსკის მხარდამჭერები შეიჭრნენ და ისინი ხალხს ეკლესიიდან დევნიან (1; 2; 3; 4).

2024 წლის 17 ოქტომბერს 100-მდე შენიღბული პირი ჩერკასის სვიატო-მიხაილოვსკის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ეს ტაძარი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან (УПЦ МП), უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) საკუთრებაში გადავიდა. შემთხვევის დროს ღამის ლიტურგია მიმდინარეობდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, შემთხვევამდე, სამხედრო მოძღვარმა (კაპელანი) ვლადიმირ პედკომ განაცხადა, რომ უკრაინის უმსხვილესი მართლმადიდებლური ტაძარი – სვიატო-მიხაილოვსკის ტაძარი ქალაქ ჩერკასში, კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. შემდგომ მან მრევლი ეკლესიაში უკრაინულ ენაზე სალოცავად მიიწვია, თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მიტროპოლიტი თეოდოსი ტაძარში ჩაიკეტნენ და შიგნით არავის უშვებდნენ.

უკრაინულ მედია „Суспільне Черкаси“-სთან საუბარში ვლადიმირ პედკო ამბობს: „უკრაინის უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს კონტროლქვეშ იყო, დაუბრუნდა უკრაინის ეკლესიას. ამიერიდან, სვიატო-მიხაილოვსკის საკათედრო ტაძარი ყოველთვის ღია იქნება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინაიდან ის უკვე გახდა გარნიზონი“. გარდა ამისა, მან თქვა, რომ კენჭისყრა ტაძრის კიევის საპატრიარქოს მფლობელობაში გადასვლის შესახებ ადრე შედგა და იურიდიულადაც გაფორმდა. პედკოს თქმით, ტაძრის ტერიტორიაზე შედგება კაპელანების მომზადება, შეიქმნება ეროვნული-პატრიოტული აღმზრდელობითი ცენტრი და გაიხსნება საკვირაო სკოლა.  ჩერკასისა და ჩიგირინის მიტროპოლიტმა იოანემ ტელეარხ „Суспільне“-სთან განაცხადა, რომ  ტაძარი კიევის საპატრიარქოს კონტროლქვეშ ჯერ კიდევ 12 ივნისს გადავიდა.

„Суспільне Черкаси“ ასევე წერს, რომ მიტროპოლიტი თეოდოსის განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [მოსკოვს დაქვემდებარებული] არ დაუთმობს ტაძარს კიევის საპატრიარქოს.

„РБК-Украина“- ის ინფორმაციით, ტაძრის ტერიტორიაზე დაპირისპირება მოსკოვისა და კიევის საპატრიარქოების მრევლს შორის მოხდა.

უკრაინული გამოცემა „Украинская правда“ წერს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ასევე დააზიანეს შესასვლელი ჭიშკარი, დაამტვრიეს სკამები და ტაძარში შეიჭრნენ.

ჩერკასის რაიონის პოლიციის ცნობით, „ადამიანთა ჯგუფის ხულიგნური ქმედებების“ შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შედეგად, ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ჩერკასის რეგიონის უფროსმა სამხედრო მოძღვარმა (კაპელანმა) მამა ნაზარიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადგილობრივმა მლოცველებმა ტაძარი თავდაპირველად ღამით დაიკავეს, მაგრამ მოგვიანებით ისინი განდევნეს, როგორც ის უწოდებს, მოსკოვის საპატრიარქოს ლოიალურმა „რუსმა აქტივისტებმა“. საბოლოოდ, ტაძარში ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე წარიმართა.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ტაძარში ზელენსკის მხარდამჭერები შეიჭრნენ – არ დასტურდება. მედიის თანახმად, ცრემლსადენ გაზს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იყენებდა და ტაძრის საკუთრებას აზიანებდა.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად უკრაინის ავტოკეფალიას  კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, კვიპროსის და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ.

ამის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დეზინფორმატორთა ყურადღების ცენტრში კვლავ და უფრო მასშტაბურად მოექცა. მავნე აქტორები ცდილობდნენ, უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციული გზავნილებით, უკრაინის მთავრობა მართლმადიდებლობასთან მებრძოლად გამოეცხადებინათ, ხოლო უკრაინელები – ურწმუნოებად.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიის (УПЦ – МП) რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირების შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მაგალითად,  რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაახლოებით 70-მდე სისხლის სამართლის საქმე  აღძრა. მათ შორის 16 – მიტროპოლიტებს უკავშირდებოდა. გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის ღალატისა და კოლაბორაციონიზმის 20 ფაქტი. ეკლესიის ცალკეულ სასულიერო პირებს რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაშიც ადანაშაულებენ.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]