სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ირაკლი ზაქარეიშვილი პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ თბილისის ქუჩებში დასავლეთის დაფინანსებული პლაკატები გამოჩნდა, რომლებზეც დატანილია წარწერა: „ნუ გეშინია გამჭვირვალობის და შევიწროვების პრორუსი ხელისუფლებისა და მღვდლების მხრიდან!.. COMING OUT!..“. Facebook-ანგარიში წერს, რომ პლაკატი ისეთი ორგანიზაციების ავტორობით შეიქმნა, როგორიც არის: „ევროკავშირი საქართველოსთვის; „გაეროს განვითარების პროგრამა“;
„საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“. პლაკატზე დატანილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „GrlzWave”-ის ლოგო. ფოტო/ვიდეო მასალა თავდაპირველად რუსულენოვანი ტელეგრამ არხის მიერ გავრცელდა.
რეალურად, აღნიშნული პლაკატები, რომ „ევროკავშირი საქართველოსთვის“, „გაეროს განვითარების პროგრამის“, „საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა“ და „GrlzWave”-ის მხარდამჭერით შეიქმნა, არ დასტურდება. როგორც ჩანს, პლაკატები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით, განზრახ შეიქმნა.
ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ვებგვერდებზე მსგავსი ფოტო ან პროექტი არ იძებნება და მხოლოდ აღნიშნულ Facebook და ტელეგრამ არხზეა ხელმისაწვდომი.
დამატებით, „ჯეოფაქტსი“ „საქართველოს შემეცნებით ცენტრის“, „გაეროს განვითარების პროგრამისა“ (UNDP) და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პლაკატის ავტორები ან მხარდამჭერები მათი ორგანიზაციები არ არიან. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ჭიჭინაძემ უარყო, რომ აღნიშნული პლაკატი მათი ორგანიზაციის დაფინანსებით შეიქმნა.
ამავდროულად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ჯეოფაქტს“ ელფოსტით განუმარტა, რომ „ევროკავშირი არ აფინანსებს არავითარ აქტივობას „ბავშვების „ქამინგაუთის“ დასახმარებლად“ და აღნიშნული პლაკატები ყალბია, შექმნილია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის მიერ მხარდაჭერის დისკრედიტაციისთვის“.
სავარაუდოდ, პლაკატის შაბლონი საქართველოს შემეცნებითი ცენტრის და GrlzWave-ის ერთობლივი პროექტის „Queer Resilience“-ის ფარგლებში აქტივისტებისთვის გამართული დებატ-აკადემიიდან არის აღებული (იხ. ფოტო).
ნიშანდობლივია ვიზუალური დეტალებიც, კერძოდ, გაუმართავი ფორმატი, პლაკატი თაბახის ფურცლის მხოლოდ შუა ნაწილშია წარმოდგენილი. ასევე, პრობლემურია თავად წარწერები. გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება პლაკატის ქვედა ნაწილში არსებულ წარწერაში: „11 ოქტომბერს გახადე შენი თავი გსმენია!“.
ამდენად, გავრცელებული პლაკატები ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს არ უკავშირდება და როგორც ჩანს, მათი დისკრედიტაციის მიზნით, განზრახ შეიქმნა.