სოციალურ ქსელში ოპოზიციის მადისკრედიტებელი გვერდი „პოლიტ ოლოგი“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო თავდაპირველად ტელეკომპანია „პოსტვ“-ის როგორც Facebook, ასევე TikTok-გვერდებზე გავრცელდა (არქივირებული ბმული). ვიდეო იწყება კადრით, როცა მამუკა ხაზარაძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გიორგი მარგველაშვილს შემდეგი სიტყვებით წარადგენს: „პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი“. ვიდეოში გამეორებულია სიტყვა „უკომპრომისო“ და ჩასმულია გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი, სადაც ამბობს: „ისეთი ადამიანი ვარ რა, პლასტილინივით, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას იღებს“.
ვიდეოს კონტექსტის გარეშე გავრცელება, ქმნის წარმოდგენას, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ინტერვიუს მონაკვეთში მის პოლიტიკურ კარიერაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვების გადაწყვეტილებებს მარტივად ეთანხმება. რეალურად, მარგველაშვილმა ინტერვიუში მის კაბინეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაბინეტში არაფერი ცვლის, რადგან „პლასტილინივით ადამიანია, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას იღებს”.
მონაკვეთი ვრცელდება ინტერვიუდან, რომელიც Palitra TV-ის გადაცემისთვის „ემას შოუ“ 2013 წელს ჩაიწერა. 2013 წელს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იყო. ინტერვიუს მიმდინარეობისას, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ შეცვალა ინტერიერი იმ კაბინეტში შესვლისას, რომელსაც ადრე დიმიტრი შაშკინი იკავებდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არაფერი შეუცვლია, რადგან „პლასტილინივით ადამიანია, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს“.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. წარდგენისას, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი არის „პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი“.