Home » კონსპირაცია, თითქოს კესარია აბრამიძის მკვლელობა დასავლეთის მოწყობილია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

კონსპირაცია, თითქოს კესარია აბრამიძის მკვლელობა დასავლეთის მოწყობილია

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით კონსპირაცია (1, 2, 3, 4). მტკიცების მიხედვით, კესარია აბრამიძის მკვლელობა „საკრალური მსხვერპლის“ შეწირვა იყო დასავლეთის მიერ, როგორც კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებაზე პასუხი. მკვლელობა პრაქტიკული ნაბიჯია დასავლეთის მიერ მაიდანის მოწყობისა“. რეალურად, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეში დასავლეთის „დაკვეთა“ არ დასტურდება და ავტორების მტკიცება კონსპირაციის ნაწილია.

 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, რომლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა კონსპირაციული თეორიის საფუძველი გახდა. კერძოდ, კონსპირაციულმა თეორიამ, რომ დასავლეთი საქართველოში მაიდანის მოწყობას გეგმავს, ახალი სახე მიიღო და ამტკიცებს, რომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა მაიდანის გეგმის ერთ-ერთი პრაქტიკული ნაბიჯი იყო.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონის მიღების „მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა“.

აღნიშნული თეორია შესაძლოა, იმის ფონზე განვითარდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონს დასავლელი პარტნიორებიც ნეგატიურად გამოეხმაურნენ. მაგალითად, პლატფორმა X-ზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა დაგმო კანონი და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის ინიციირების შემდეგ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნაც. დასკვნაში ვენეციის კომისიამ მწუხარება გამოთქვა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხებს შეეხება, გამოჩნდა მძლავრი და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, მძლავრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის პირობებში, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, და „უგულებელყო რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ გამოხატულ შეშფოთება“.

რეალურად,  ქალის განზრახ მკველობის საქმეზე პროკურატურა კესარია აბრამიძის ყოფილ პარტნიორს, ბექა ჯაიანს ედავება. დასაბუთებული ეჭვი რამდენიმე მტკიცებულებაზეა დაფუძნებული.

კესარია აბრამიძის ახლობლების მონათხრობის მიხედვით, მას და ბექა ჯაიანს ორწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ტოქსიკურობით ხასიათდებოდა. მათი ერთად ცხოვრების პერიოდში, მეზობლების თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა და ფიქსირდებოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც. მაგალითად, კესარიას ტვინის შერყევის დიაგნოზიც კი დაუსვეს. კესარია აბრამიძე ჯაიანთან დაშორების შემდეგ უცხოეთში იყო წასული, თუმცა ბრალდებული იქაც ემუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ მიმოწერებს მოკლულის უახლოესი მეგობარი თამუნა მუსერიძე ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, მას მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მან დანა, რომლითაც პარტნიორი ქალი მოკლა, რამდენიმე საათით ადრე შეიძინა და მსხვერპლი შეხვედრაზე მოტყუებით დაითანხმა.

კონსპირაციის ნაწილად ვრცელდება ასევე იმგვარი დეზინფორმაციაც, რომ ბრალდებული ბექა ჯაიანი ოპოზიციის, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. სინამდვილეში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის კავშირებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მტკიცებულება არ არსებობს და არც პროკურატურას, არც მოკლულის მეგობრებს და არც სანდო მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ მსგავსი ამბავი.

ამრიგად, კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე პროკურატურა მის ყოფილ პარტნიორს ბექა ჯაიანს ედავება და ბრალს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით უყენებს. მტკიცება, რომ კესარია აბრამიძის მკლელობა დასავლეთის „დაკვეთით“ განხორციელდა, მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]