8 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ძირითადად პრო-სახელისუფლებო მედიამ (რეპორტიორი, რუსთავი 2, ipress, xnews, ლიდერი, infopostalioni, nsp, პოსტვ, exclusivetv, იმედი, Georgian Times, პრაიმტაიმი) კოორდინირებულად გამოაქვეყნა ინფორმაცია აქამდე ქართული აუდიტორიისთვის უცნობი „თანმიმდევრული განვითარების ინდექსის“ შესახებ, რომელშიც მედიის თანახმად, „საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში, მე-12 პოზიციამდე დაწინაურდა“ და „რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ 28 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას“, ხოლო „ინდექსის ისეთ წაყვან ინდიკატორში, როგორიცაა „დემოკრატიული წინსვლა“, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 80 დაიმსახურა და მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით, საქართველომ გაასწრო დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს, ევროკავშირის და მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, სამხრეთ კორეას და ა.შ.“. მედიის მტკიცებით, „ანგარიშს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „კოორდინატორი“ ესპანეთში აწარმოებს. ინდექსს ევროკომისია აქვეყნებს“.
პრო-სახელისუფლებო მედიის მიერ აქამდეც გამოქვეყნებულა სხვადასხვა აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი ინდექსი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტექნიკურია, ზედაპირული ან შეცდომაში შემყვანიც კია. შესაბამისად, „ჯეოფაქტსი“ დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენს თანმიმდევრული განვითარების ინდექსი და როგორ იზომება ის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მხოლოდ ინდექსის სათაურის დასახელება მკითხველს მის შინაარსზე არსებით წარმოდგენას არ უქმნის.
თანმიმდევრული განვითარების ინდექსს (ინგლისურად – Coherence Index) „ესპანური განვითარების არასამთავრობო ორგანიზაცია კოორდინატორი“ (Spanish Development NGO Coordinator, La Coordinadora) აწარმოებს, რომელიც 1986 წელს დაარსებულ განვითარების, სოლიდარობის, ჰუმანიტარული ქმედების, გლობალური მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ეროვნული ორგანიზაციებისა და სოციალური პლატფორმების ეროვნულ ქსელს წარმოადგენს. ინდექსს აღნიშნული ორგანიზაცია ცალკე ვებგვერდზე აქვეყნებს – ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემები 2023 წლით თარიღდება.
რაც შეეხება უშუალოდ თანმიმდევრული განვითარების ინდექსს, ის სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. ინდექსის ვებგვერდის თანახმად, ის გლობალურად მრავალი კრიზისის ფონზე აუცილებელი ტრანსფორმაციის გზამკვლევს გვთავაზობს და ორი სვეტისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება ტრანზიციებს, რაც ცდილობს, შეაფასოს ძირითადი ცვლილებები საჯარო პოლიტიკაში, რომლებიც შესაბამისობაშია მდგრად განვითარებასთან და ხელს უწყობს და შეესაბამება ტრანზიციას შემდეგ ოთხ სფეროში: დემოკრატიაში, ფემინიზმში, სოციალ-ეკონომიკურ სფეროსა და ეკოლოგიურში. მეორე სვეტი კი პლანეტაზე ზეწოლის ინდექსი (planetary pressure index), რომელიც ზომავს პლანეტისადმი ქვეყნის მიერ მიყენებულ ეკოლოგიურ გავლენასა და ზეწოლას.
ორივე სვეტის – ტრანზიციის და პლანეტაზე ზეწოლის – დასაანგარიშებლად, თავის მხრივ, ცალკეული კრიტერიუმები გამოიყენება. ტრანზიციისთვის ესენია:
- დემოკრატიული ტრანზიცია (რომელიც, თავის მხრივ, ითვლება ქვემოთ მოცემული ქვეკრიტერიუმების მიხედვით)
- სამოქალაქო საზოგადოება და გამჭვირვალობა:
- Civicus Monitor-ის (სამოქალაქო მონიტორის) მონაცემი,
- ღია მმართველობის ინდექსი.
- ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობისადმი პოლიტიკური ერთგულება:
- სიკვდილის დასჯის აკრძალვა,
- გაერო-ს ადამიანის უფლებების ხელშეკრულებების რატიფიკაცია,
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიკაცია,
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციების რატიფიკაცია,
- შეიარაღების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებში მონაწილეობა,
- სამართალზე ქალებისთვის წვდომა,
- გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325-ის [თემატიკაზე: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება] შესრულების გეგმის არსებობა.
- მილიტარიზაცია:
- სამხედრო ხარჯები (მშპ-ის %)
- ბირთვული და მძიმე შეიარაღების შესაძლებლობები
- მთავარი კონვენციური შეიარაღების ექსპორტი და იმპორტი (ითვლება 100 ათას მაცხოვრებელზე მუდმივ დოლარში)
- ფემინისტური ტრანზიცია (რომელიც, თავის მხრივ, ითვლება ქვემოთ მოცემული ქვეკრიტერიუმების მიხედვით):
- სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო:
- ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის რატიფიკაცია,
- ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობა,
- აბორტის ლეგალიზაცია,
- სექსუალური ორიენტაციის შესახებ კანონმდებლობა,
- LGBTI ოჯახების სამართლებრივი აღიარება,
- კანონი, რომელიც ავალდებულებს ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი ღირებულების სამუშაოს გაწევისთვის თანაბარ ანაზღაურებას,
- ადგილობრივ მშრომელთა კონვენციის (2011 (C-189)) რატიფიკაცია,
- ქალებსა და კაცებს სამუშაო ადგილზე აქვთ თანაბარი სამართლებრივი უფლებები და შესაძლებლობები,
- ქალებსა და კაცებს აქვთ თანაბარი უფლებები, როგორც მოქალაქეებს, და აღნიშნული უფლებების გამოყენების შესაძლებლობა.
- ქალების სოციალური სიტუაცია:
- ქალთა პროცენტი, რომელთაც მათი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადეს,
- ქალების განათლების მიღების წლების საშუალო რაოდენობა,
- მოსახლეობის (ქალების) პროცენტი მინიმუმ სკოლის განათლებით,
- დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი,
- შობადობის მაჩვენებელი მოზარდებს შორის.
- პოლიტიკური მონაწილეობა:
- ეროვნულ პარლამენტში ქალების მიერ დაკავებული ადგილების პროცენტი,
- ქალთა წილი მინისტრების პოზიციებზე.
- გენდერული სხვაობები:
- გენდერული სხვაობა სამუშაო ძალაში მონაწილეობის მასშტაბებს შორის (კაცების % – ქალების %),
- საფინანსო ინსტიტუტებსა ან მობილურ ფულის სერვისის მიმწოდებლებში ანგარიშების მფლობელები (კაცების % – ქალების %),
- განათლების მიღების საშუალო წლების რაოდენობა: განსხვავება კაცებისა და ქალების პროცენტს შორის.
- სოციო-ეკონომიკური ტრანზიცია: (რომელიც, თავის მხრივ, ითვლება ქვემოთ მოცემული ქვეკრიტერიუმების მიხედვით):
- სოციალური სიტუაცია:
- სასკოლო განათლების დასრულების პროცენტი,
- ჯანმრთელი ცხოვრების მოსალოდნელი წლები დაბადებისას,
- ექიმების რაოდენობა საშუალოდ 10 ათას ადამიანზე გადაანგარიშებით,
- მოსახლეობის პროცენტი, რომელიც ცხოვრობს გარემოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ სარეფერენსო ზღვარს – PM2.5-ს აღემატება[ჰაერის დაბინძურების საზომი]
- საჯარო დანახარჯები სოციალურ დაცვაზე (მშპ-ის პროცენტი),
- მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც ერთ-ერთ სოციალური დაცვის ბენეფიტს მაინც იღებს.
- დასაქმება:
- უმუშევრობის დონე,
- მოწყვლადი დასაქმების პროცენტული წილი სრულ დასაქმებაში.
- დაბეგვრა:
- მთავრობის შემოსავალი (მშპ-ის პროცენტი),
- Gini-ს ინდექსის [ზომავს უთანასწორობას] ვარიაცია გადასახადებსა და ტრანსფერებამდე და გადასახადებისა და ტრანსფერების შემდგომ,
- ფინანსური საიდუმლოების ინდექსი.
- საბაზისო სერვისები:
- ელექტროენერგიაზე წვდომა (მთლიანი მოსახლეობის პროცენტი),
- ინტერნეტის მომხმარებელი (საშუალო რაოდენობა ყოველ 100 ადამიანში),
- მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელსაც აქვს წვდომა წყლის წყაროებზე; სოფლის სექტორი
- უთანასწორობა:
- Palma-ს ინდექსი.
- ეკოლოგიური ტრანზიცია:
- ეკოლოგიური:
- გარემოს შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობა,
- სახმელეთო და საზღვაო დაცული ტერიტორიები (მთლიანი ტერიტორიის პროცენტი),
- წყლის სტრესის (water stress) დონე: მტკნარი წყლის მოპოვების წილი ხელმისაწვდომის მტკნარი წყლის რესურსის პროპორციის მიხედვით,
- ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი ენერგიის გამოყენებით (ჰიდროენერგიის გამოკლებით).
პლანეტაზე ზეწოლის ინდექსი კი ანგარიშდება ორი სტატისტიკით: ერთ სულ მოსახლეზე მატერიალური კვალი (მოხმარება) და ნახშირორჟანგის ემისიები მოხმარების თვალსაზრისით (მეტრული ტონა ერთ ადამიანზე).
საინტერესოა, რომ ქართული მედია მხოლოდ პირველი სვეტის ერთ-ერთ კომპონენტზე – დემოკრატიულ ტრანზიციაზე – აკეთებს აქცენტს, ხოლო არ ახსენებს, თუ სხვა რომელ კრიტერიუმებზე დაფუძნებით ანგარიშდება თანმიმდევრული განვითარების ინდექსი. დემოკრატიული ტრანზიციის გარდა, კრიტერიუმები შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასა და გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობისადმი პოლიტიკურ ერთგულებას, მილიტარიზაციას (უარყოფით კონტექსტში, ე.ი. მაღალი მილიტარიზაცია უარყოფითად ფასდება); ფემინიზმს – კერძოდ, ფემინიზმისთვის შესაბამის სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოს, ქალთა სოციალურ სიტუაციას, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, გენდერულ სხვაობებს; დასაქმებას, დაბეგვრას, საბაზისო სერვისებს, უთანასწორობას; ეკოლოგიას და მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევით გამოწვეულ მატერიალურ კვალს და ნახშირორჟანგის ემისიებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ინდექსში საქართველო დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას და ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 28 სახელმწიფოს უსწრებს. აღნიშნული მტკიცება შეცდომაში შემყვანია, რადგან მას თან არ ახლავს კონტექსტი. რეალურად, თანმიმდევრული განვითარების ინდექსი იმგვარად ანგარიშდება, რომ რიგ კრიტერიუმებში განვითარებული ქვეყნები, პირიქით, უფრო დაბალ შედეგს დააფიქსირებენ. კერძოდ, პლანეტაზე ზეწოლის სვეტი ანგარიშდება მოსახლეობის მიერ პროდუქციის მოხმარების შედეგად გამოწვეული მატერიალური კვალით და ნახშირორჟანგის ემისიებით. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა უფრო მდიდარია და ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი მეტ საქონელსა და სერვისებს მოიხმარენ. შესაბამისად, განვითარებული ქვეყნები და მათი საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები გაცილებით მეტ პროდუქციას მოიხმარენ და დედამიწაზე/გარემოზე მეტ კვალს ტოვებენ, ვიდრე განვითარებადი, შედარებით ღარიბი, ქვეყნები, რადგან მათ მოქალაქეებს იმავე რაოდენობის პროდუქციისა და სერვისების მოხმარების საშუალება არ აქვთ.
ასევე საინტერესოა, რომ მილიტარიზაციის მაღალი მაჩვენებელი თანმიმდევრული განვითარების ინდექსში უარყოფითად არის განხილული. ე.ი. მაღალი სამხედრო დანახარჯები ქვეყნისთვის თანმიმდევრული განვითარების ინდექსს ამცირებს. ასევე, ბირთვული და მძიმე შეიარაღების ქონაც ამცირებს თანმიმდევრული განვითარების ინდექსს, რაც აისახება, მათ შორის, დიდი შვიდეულის წევრ ბირთვულ სახელმწიფოებზე – აშშ-ზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთზე, ხოლო მძიმე შეიარაღება სხვა დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებსაც აქვთ. სამხედრო შესაძლებლობების უარყოფითად განხილვა, შეიძლება ითქვას, რომ ხდება, რადგან ინდექსი მას ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარებისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს. მილიტარიზაციის კრიტერიუმის შესახებ ინფორმაცია ასევე გამოტოვებულია ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მაშინ როდესაც ეს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ინდექსს აუარესებს, ხოლო საქართველოსას ზოგიერთ მათგანთან შედარებით აუმჯობესებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ინდექსი 2023 წელს მოიცავს და შესაბამისად, მასში ასახული არ არის საქართველოში 2024 წელს არსებული განვითარებები, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და LGBTI თემის უფლებების კუთხით, რასაც ინდექსი ითვალისწინებს, მდგომარეობის გაუარესება. ვენეციის კომისიის შეფასებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის შესახებ შესაბამის სფეროებში არსებული უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს, თუმცა ეს 2023 წლის ინდექსში ვერ აისახებოდა. ასევე, ინდექსის ერთ-ერთი ქვეკრიტერიუმია ეროვნულ პარლამენტში ქალთა რაოდენობა – საქართველოს პარლამენტი 2020-2024 წლებში გენდერული კვოტირების მიხედვით იყო დაკომპლექტებული, ხოლო აღნიშნული კანონის გაუქმება პოტენციურად შესაძლოა 2024 წელს პარლამენტში ნაკლები ქალის მოხვედრაში აისახოს.
ზოგადად, თანმიმდევრული განვითარების ინდექსი მემარცხენე (ეკონომიკური) იდეების პერსპექტივით განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის ინდექსის შემადგენელ ეკოლოგიისა (ეკოლოგიური ტრანზიციის ქვეშ) და მილიტარიზაციის (დემოკრატიული ტრანზიციის ქვეშ) კრიტერიუმებს. აქედან გამომდინარე, თანმიმდევრული განვითარების ინდექსის ზოგ (ქვე)კრიტერიუმში მაღალი შეფასება მემარჯვენე-მემარცხენე შეხედულებების მიხედვით პოზიტიურად ან ნეგატიურად შეიძლება იქნას აღქმული. მაგალითად, თანმიმდევრული განვითარების ინდექსი მით მეტია, რაც უფრო მეტია მთავრობის შემოსავლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რამდენად დიდია სოციალური დანახარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში და ა.შ. აღნიშნული მემარცხენე ეკონომიკური გადმოსახედიდან პოზიტიურია, თუმცა მემარჯვენე ეკონომიკური გადმოსახედიდან – პირიქით, უარყოფითი სტატისტიკებია, რადგან მემარჯვენე ეკონომისტები უპირატესობას მცირე მთავრობას, ეკონომიკაში კერძო სექტორის, და არა – სახელმწიფოს, მაღალ წილს და სოციალური დახმარებების ნაკლებ საჭიროებას ანიჭებს.
კრიტერიუმებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ისინი მეტად ზედაპირულად გამოითვლება. მაგალითად, დემოკრატიის ტრანზიციის დასათვლელად გამოიყენება ფაქტობრივად მხოლოდ სხვადასხვა ხელშეკრულებების ხელმოწერა და რატიფიკაცია. აქცენტი არ კეთდება დასახელებული კონვენციების აღსრულებაზეც კი. ეს ბუნებრივია, ქვეყნებში დემოკრატიის დონის გასაზომად საკმაოდ არაზუსტი მაჩვენებელია. ბევრ ქვეყანას, რომლებშიც მაღალი დემოკრატიის ხარისხი არაა, ჩამოთვლილიდან ბევრი ხელშეკრულება რატიფიცირებული აქვთ, მაგრამ ეს მათში დემოკრატიის გარანტი არაა. აღნიშნული ქვეკრიტერიუმების ზედაპირულობის მხრივ საგულისხმოა, რომ ის ითვალისწინებს მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1325-ის შესრულების გეგმის ქონას და არა მისი შესრულების შედეგებს. შესაბამისად, თანმიმდევრული განვითარების ინდექსის ნაწილი დემოკრატიული ტრანზიციის შესახებ მეტად ტექნიკური და ზედაპირული და შესაბამისად, არაზუსტია ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობის შესაფასებლად.
ინდექსის ნაკლოვანებებზე, მათ შორის, ზედაპირულობასა და უზუსტობაზე, მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკების შედარება. მაგალითად, ბელარუსის ინდექსის ქულა არის 50.5, რითაც ის უსწრებს, მაგალითად, ფინეთს, რომელსაც 41 ქულა აქვს; ასევე რუსეთი 31.7 ქულით უსწრებს ირლანდიას, რომელსაც 29.8 ქულა აქვს, ბურკინა ფასო 42.3 ქულით უსწრებს კანადას (27.4) და ავსტრალიას (20.9), ხოლო მონღოლეთს ყველა ჩამოთვლილზე მეტი – 51.8 ქულა აქვს. მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ პორტუგალიასა და ხორვატიას, მაშინ როდესაც ისინი ევროკავშირს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით არ გამოირჩევიან. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ სხვადასხვა შემფასებელს, მათ შორის ევროკავშირს, რომ მოლდოვას საქართველოზე კარგად აფასებენ, როდესაც, მათი მტკიცებით, ეს რეალობას არ შეესაბამება. თანმიმდევრული განვითარების ინდექსით კი მოლდოვას მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 67.2 (საქართველოზე 13.4 ქულით მეტი) – აქვს.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულ ინდექსს საქართველოს განვითარებისა და დემოკრატიული წინსვლის მტკიცებულებად წარმოაჩენს, რაც შეცდომაში შემყვანია. მაგალითად, ინდექსის თანახმად, აშშ-სა და საფრანგეთის დემოკრატიის კრიტერიუმი უარესდება მათი მაღალი მილიტარიზაციის მაჩვენებლისა და ბირთვული და მძიმე შეიარაღების ფლობის გამო. თანმიმდევრული განვითარების ინდექსში მაღალი პოზიციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას დამატებითი კონტექსტის გარეშე მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ინდექსის და მისი დაანგარიშების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების გარეშე მკითხველს არასწორი და/ან არასრული შთაბეჭდილება ექმნება, თუ რას ასახავს ის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის მედიაში აქამდე ფართოდ გაშუქებულ ან საზოგადოებისთვის ცნობილ ინდექსს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ ინდექსს ევროკომისია აქვეყნებს, ის ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულია, თუმცა როგორც ერთ-ერთ მონაცემებს მის ინდიკატორებისა და სტატისტიკების ბაზაში (Composite Indicators & Scoreboards Explorer), რომელშიც ამჟამად 100-ზე მეტი ინდექსი და რეიტინგი შედის და დაგეგმილია ამ რიცხვის შემდგომი ზრდაც.
აღნიშნულის იმგვარად წარმოჩენა, რომ ინდექსის მთავარი გამომქვეყნებელი ევროკომისიაა და ამიტომ, ის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან სტატისტიკას წარმოადგენს, არასწორია. აღნიშნული სტატისტიკა არაა გამოყენებული და არც ნახსენები ევროკომისიის მიერ საქართველოსთან (და არც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან, მაგალითად, მოლდოვასა და უკრაინასთან) დაკავშირებით მომზადებულ არც ერთი დოკუმენტში: საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოების შესახებ კომისიის ანალიტიკურ ანგარიშში, 2023 წლის გაფართოების ანგარიშში და ასევე არ იყო გათვალისწინებული წევრობის აპლიკაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ კითხვარში (ნაწილი 1, ნაწილი 2).
ამდენად, აღნიშნული სტატისტიკა ევროკავშირისთვის არსებითად მნიშვნელოვან მონაცემს არ წარმოადგენს და მისი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულად დასახელებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ევროკომისიის შეფასებისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს.