Home » სოციალურ ქსელში უკრაინისა და საქართველოს ბიოლაბორატორიებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში უკრაინისა და საქართველოს ბიოლაბორატორიებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს  ლუგარის ლაბორატორიისა და უკრაინის ბიოლაბორატორიების შესახებ. ვიდეოს მიხედვით, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასა და უკრაინაში მსგავსი ტიპის ლაბორატორიებში ამერიკის შეერთებული შტატები საიდუმლო ბიოლოგიურ კვლევებსა და საქმიანობას ეწევა. აღნიშნულის არგუმენტებად სიუჟეტის ავტორს მოჰყავს ის მტკიცებები, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე წვდომა საქართველოში მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს (შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები) გააჩნდა; და რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინასთან აქტიურად თანამშრომლობს ბიოლოგიური მასალების გადატანის თაობაზე. რეალურად, აღნიშნული მტკიცებები ყალბია.

დეზინფორმაციული ნარატვები უკრაინასა და საქართველოში მოქმედი ბიოლაბორატორიების შესახებ უკვე წლებია რუსული საინფორმაციო ომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. პირველი გზავნილები საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ 2011 წელს ჩნდება. ბრალდების მიხედვით, რომელსაც რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი და ყოფილი მთავარი სანიტარი, გენადი ონიშჩენკო ავრცელებდა, აშშ-ის მიერ დაფინენსებული ლუგარის ლაბორატორიის საშუალებით, საქართველო რუსეთის სამხრეთში ღორის გრიპს განზრახ ავრცელებდა და ეკონომიკურ კრიზისს უწყობდა. რაც შეეხება უკრაინას, აქ არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციული ნარატივები 2015 წელს ჩნდება – 2014 რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამ შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის ლაბორატორიულ საქმიანობას ბიოლოგიურ საფრთხესთან აკავშირებდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე უკრაინასთან მიმართებით მსგავსი ნარატივი არ არსებობდა, მეტიც, როგორც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება, ამ დრომდე რუსეთიც მჭიდროდ თანამშრომლობდა უკრაინასთან საშიში პათოგენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რუსეთმა აღნიშნული დეზინფორმაცია უკრაინასთან კონვენციური ომის შემდეგ საინფორმაციო ომისთვის გამოიყენა. ამ შემთხვევაშიც, პირველი ბრალდებები გენადი ონიშჩენკოს ეკუთვნის, რომელიც ოდესაში არსებულ ლაბორატორიას აშშ-ის რუსეთის ირგვლივ საფრთხის შექმნის საშუალებად აცხადებდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბრალდებები  უკრაინისა და საქართველოს ბიოლაბორატორიების შესახებ არამხოლოდ რუსული გზავნილებში, არამედ პრო-რუსი პოლიტიკური აქტორების განცხადებებშიც იკითხება. მაგალითად, უკრაინული პარტიის – Український вибір – პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ვიქტორ მედვედჩუკმაც განაცხადა პარტიის ვებგვერდზე, რომ უკრაინის ლაბორატორიები უკანონო საქმიანობაში არიან ჩართული, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში. ამასთანავე, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მიერ მომზადებული მსგავსი შინაარსის რეპორტაჟიც სწორედ ამავე მესიჯს ატარებს – რომ აშშ უკრაინასა და საქართველოში აფინანსებს ლაბორატორიებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საშიშ საქმიანობას ახორციელებენ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და “КГБ-ს“ ყოფილმა თანამშრომელმა, იგორ გიორგაძემაც, რომელსაც დღესდღეობით რუსეთის მიერ ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული და რომელმაც რუსეთში პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“ დააფუძნა, განაცხადა 2018 წელს პრესკონფერენციაზე ლუგარის ლაბორატორიაში ფარულ აქტივობებზე, კერძოდ, ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში სდებდა ბრალს გიორგაძე ლაბორატორიას. თუმცა, როდესაც BBC-მ მტკიცებულებების წარდგენა სთხოვა, მას არანაირი დამამტკიცებელი ფაქტი არ აღმოაჩნდა. მეტიც, გიორგაძემ უარყო, რომ ანალიზი მას ეკუთვნოდა და საკუთარი ნათქვამი უბრალოდ სხვა წყაროების შეჯამებად წარმოაჩინა.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 6 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დასკვა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს უკრაინამ ლაბორატორიებში მიმდინარე პროგრამების კვალი დაუყოვნებლივ გააქრო. აღნიშნულ პოსტს მალევე კოორდინირებულად რამდენიმე განცხადება მოჰყვა რუსეთის სხვადასხვა ოფიციალური პირისგან: მარია ზახაროვამ (საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი) განაცხადა, რომ საფრთხის შემცველი პათოგენები სასწარაფო რეჟიმში განადგურდა, რათა აშშ-სა და უკრაინის მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის პირველი მუხლისს დარღვევა არ გაცხადებულიყო; 15 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ არალეგიტიმური ბიოლოგიური ქმედებების დარღვევებზე ისაუბრა სამხედრო ბიოლაბორატორიების გავრცელების მიზნით; ამავე პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა ისაუბრა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში არსებული ლაბორატორიების შესახებ და მათ მიერ ბიოლოგიური იარაღის შექმნის მცდელობებზე და ა.შ. მსგავი განცხადებების მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ აშშ რუსეთის ირგვლივ (პოსტ-საბჭოთა სივრცეში) ლაბორატორიებს აშენებს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. აღნიშნული კი მალევე იქცა უკრაინაში შეჭრის გასამართლებელ დამატებით არგუმენტად.

რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოში გამოთქმულ მტკიცებებს, მათი მიხედვით, ის ფაქტი, რომ ლუგარის ლაბორატორიის შიგნით არსებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს გააჩნიათ, ეჭვებს ბადებს მისი საქმიანობის შესახებ. ამასთანავე, ვიდეოში საუბარია იმაზეც, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უკრაინის ლაბორატორიების შესახებ მღელვარება დაიწყო – ვიქტორია ნულანდმა კი უკრაინაში ბიოლოგიური ობიექტების არსებობა და ამერიკა-უკრაინას შორის მასალების გადატანაზე თანამშრმოლობა აღიარა.

სინამდვილეში, ის ფაქტი, რომ ლუგარის ლაბორატორიის ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს გააჩნიათ, არ დასტურდება. სინამდვილეში, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საკუთრებაა და სწორედ მის დაქვემდებარებაშია დეპარტამენტის სტატუსით (ცენტრს სრულად საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებს, თუმცა სამეცნიერო კვლევებში აშშ-იც იყო ჩართული და საკუთარი დაფინანსებით სასწავლო ტრენინგებს ატარებდა სპეციალისტებისთვის. თუმცა, 2024 წელს აშშ-მა ცენტრს 95-მილიონიანი დახმარების პაკეტი შეუჩერა).  ცენტრის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობას ეხებოდა“. ლაბორატორიის ძალოვან სტრუქტურასთან კავშირი სწორედ ამაში გამოიხატება, თუმცა იგი ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარებაში არ იმყოფება არც ახლა და არც წარსულში. კერძოდ, Geofacts-მა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას გადაამოწმა და დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს გადმოეცა, იგი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება. შესაბამისად, მტკიცება ყალბია.

რაც შეეხება მტკიცებას უკრაინის ლაბორატორიებსა და ვიქტორია ნულანდის აღიარებასთან დაკავშირებით, მანიპულაციურია. კერძოდ, 2005 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში ბიოლაბორატორიები აშენდა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკრაინაში მიიღწა ბიოუსაფრთხოების მე-2 დონე. მტკიცების მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან ამერიკელებმა ბიოლოგიური ნიმუშები სასწრაფოდ გაიტანეს კვალის დასაფარად და აღნიშნულის მტკიცებულებად ვიდეოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, განცხადება მოჰყავთ. სინამდვილეში, აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ლაბორატორიის კვლევითი ნიმუშების გადასატანად რეალურია, თუმცა საიდუმლო ბიოლოგიური ნიმუშების გადატანას არ გულისხმობს. საიდუმლო კვლევების არსებობის მტკიცებულებად კი ვიქტორია ნულანდის გამოსვლის გამოყენება მანიპულაციურია და კონტექსტის გარეშე მიემართება მტკიცებას.  2022 წლის 8 მარტს (უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ) აშშ-ის სენატში ვიქტორია ნულანდის მოსმენა გაიმართა:

სენატორი მარკო რუბიო: აქვს თუ არა უკრაინას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი? (Does Ukraine have chemical or biological weapons?)

ვიქტორია ნულანდი: უკრაინას გააჩნია ბიოლოგიური კვლევითი ცენტრები. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის დაშვებით, რომ რუსეთმა შესაძლოა მათზე კონტროლის მოპოვება მოინდომოს. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინელებთან ერთად, რომ რომელიმე კვლევითი მასალის რუსეთის ძალების ხელში მოხვედრა თავიდან ავიცილოთ (Ukraine has biological research facilities. Which, in fact, we are now quite concerned Russian troops, Russian forces, maybe seeking to, gain control of, so we are working with the Ukrainians on how they can prevent any of those research materials from falling into the hands of Russian forces should they approach).

სენატორი მარკო რუბიო: დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, რომ რუსული პროპაგანდის ჯგუფები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსებმა აღმოაჩინეს უკრაინელების შეთქმულება ქვეყანაში ბიოლოგიური იარაღის გაშვების შესახებ NATO-სთან კოორდინაციით. თუ ბიოლოგიური ან ქიმიური ინციდენტი ან თავდასხმა მოხდება უკრაინაში, გაქვთ ეჭვი, რომ ამის უკან რუსები იქნებიან 100%-ით? (I’m sure you’re aware that the Russian propaganda groups are already putting out there all kinds of information about how they’ve uncovered a plot by the Ukrainians to release biological weapons in the country and with NATO’s coordination. If there’s a biological or chemical weapon incident, or, or attack inside of Ukraine, is there any doubt in your mind that 100% it would be the Russians that would be behind it).

ვიქტორია ნულანდი: ეჭვი არ მეპარება, სენატორო, და ეს არის რუსული კლასიკური ტაქტიკა, რომ დაადანაშაულონ სხვები იმაში, რის გაკეთებასაც თვითონ გეგმავენ (There is no doubt in my mind senator and it is classic Russian technique to blame on the other guy what they’re planning to do themselves).

საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი ბიოლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნისა და გავრცელებისთვის, არამედ, პირიქით, მათი პრევენციისთვის დაარსდა. ლაბორატორიების საქმიანობა მოიცავს ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული მონიტორინგის განხორციელებას, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკქვეშ ყოფნის დროულ აღმოჩენასა და კვლევებს. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოსა და უკრაინაში ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) ფარგლებშია შექმნილი, შესაბამისად, ბიოლაბორატორიები გაუვრცელებლობაზე მუშაობენ, და არა პირიქით. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმებები და ბიოლაბორატორიების საქმიანობა არასდროს ყოფილა გასაიდუმლოებული და ნულანდის მიერ ბიოლოგიური კვლევითი ცენტრების არსებობის „აღიარებაც“ თავისთავად მანიპულაციური ფორმულირებაა.

აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიის გამჭვირვალობა და ღია აქტივობები დასტურდება უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში მიღებული ანგარიშითაც. კერძოდ, 2018 წლის 14-15 ნოემბერს კრემლის დეზინფორმაციის საპასუხოდ, ოფიციალური თბილისის თხოვნით შედგა ექპერტთა ჯგუფი, რომელთაც ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობისა და ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის შესაბამისობა უნდა შეეფასებინათ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა ჯგუფი 22 დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტისგან შედგებოდა. 19 მათგანი ექსპერტ-დიპლომატს წარმოადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ავსტრია, ჩილე, იტალია, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ერაყი, მალი, გაერთიანებული სამეფო, უგანდა, უნგრეთი, მიანმანი, მონტენეგრო და სხვა. ხოლო 3 დამკვირვებელი მოწვეული იყო სამოქალაქო საზოგადოებიდან, კერძოდ, ევროპის საგარეო მოქმედების დიპლომატიური სამსახური (EEAS), ბიოლოგიური იარაღის კონვენციის იმპლემენტაციის მხარდამჭერი ჯგუფი და ლონდონის King’s College. ანგარიშის მიხედვით, ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა თავის საქმიანობაში და ლაბორატორიის საქმიანობა არ მოიცავს არც ერთ ისეთ კომპონენტს, რომელიც შეუსაბამობაშია პრევენციულ, დამცველობით და სხვა მშვიდობიან მიზნებთან და ბიოუსაფრთხოების ზომები თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის ოთხმა ექსპერტმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულა და შეამოწმა BSL-3 ლაბორატორიაც. ეს უკანასკნელი ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიას გულისხმობს, რომელიც ბიოლოგიური შეკავების უმაღლესი დონეა. აღნიშნული ლაბორატორიები გამოიყენება პოტენციურად ლეტალური ინფექციური აგენტების შესასწავლად და უმკლავდება ბიოლოგიურ საფრთხეებს. აქ მუშაობისას, აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა, მკაცრი წესებისა და შეკავების პროცედურების დაცვა. შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიაში BSL-3 დონის კვლევითი ცენტრიც კი არ არის სრულად დახურული სპეციალური ექსპერტებისთვის და მისი საქმიანობაც გამჭვირვალეა. ამავე წლის 4-5 დეკემბერს გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი-სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ხაზი გაესვა რუსული დეზინფორმაციის შეტევას უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიებზე და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებამ სრული მხარდაჭერა დაიმსახურა.

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ თბილისის მიერ ვიზიტში მონაწილეობის შეთავაზება გაეგზავნა რუსეთის მხარესაც, რომელმაც უარი განაცხადა რუსი ექსპერტების ჩართულობაზე მსგავს პროექტში, რაც რუსეთის რეალურ მოტივაციებსა და ლაბორატორიით ყალბ დაინტერესებას ააშკარავებს.

ამრიგად, ვიდეოში გამოთქმული მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება.

 

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]