Facebook-სა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11) და TikTok-ზე (1, 2, 3, 4)„ალტ ინფოს“ მხარდამჭერი გვერდების და ანგარიშების მიერ ვირუსულად ვრცელდება „ფორმულას“ ჟურნალისტის, მათე კირვალიძის, მანიპულაციური ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს: „დიახ, მე ომი მინდა. ომი იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდეს ევროპაში და გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. თუ გგონიათ, რომ ეს ომი თქვენ არ გეხებათ, ძალიან ცდებით. თუ გგონიათ, რომ ამ ომში, თქვენს ნაცვლად, თქვენი შვილებისთვის სხვა იბრძოლებს, აქაც ძალიან ცდებით. თუ არ მეთანხმებით, საკუთარ სამზარეულოში ჩურჩულისას ონკანი დიდზე მოუშვით, რომ წყლის ჩხრიალმა იქნებ მოსასმენ აპარატურას ხმის აღებაში ხელი შეუშალოს. თუ რაღა თქმა უნდა, ამ დროისთვის ონკანში წყალი წამოვიდა”. მანიპულაციურად გავრცელებული ვიდეოს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ზოგიერთ ვიდეოს თან ერთვის აღწერა, რომელიც ამ შთაბეჭდილებას ამყარებს, მაგალითად, „ნახეთ ვის უნდა ომი! და ვის უნდა მშვიდობა“, „ომი გვინდაო მეტად პირდაპირ რანაირად გითხრან“, „უნდა ვიომოთ ევროპისთვის და ნატოსთვის” და სხვა. ვიდეო გააშუქა „ალტ-ინფოს“ ტელევიზიამაც გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“, სადაც ზურაბ მახარაძე „ფორმულას“ ჟურნალისტის უკონტექსტოდ ამოჭრილ ვიდეოს გამოეხმაურა, რომ „კოსმიური წესრიგის“ პირობებში კირვალიძე უკრაინის სანგარში უნდა აღმოჩნდეს, რადგან „ომი უნდა“. რეალურად, მათე კირვალიძე „ომის სურვილს“ სოციალური პრობლემების, კორუფციის, კლანური მართლმსაჯულებისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით გამოთქვამს და არ გულისხმობს სამხედრო მოქმედებებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უკონტექსტოდაა ამოჭრილი „ფორმულას“ 2022 წლის 23 მაისის გადაცემიდან „დროება“. აღნიშნულ გადაცემაში ჟურნალისტ მათე კირვალიძეს დაახლოებით 14-წუთიანი სიუჟეტი აქვს მომზადებული სახელწოდებით „ომი მინდა“. სიუჟეტი სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხს შეეხება. ჟურნალისტი 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს, აღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს და დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქციებზე საუბრობს. მოგვიანებით, სიუჟეტი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საკითხებსაც მოიცავს, მაგალითად, განიხილავს ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას და „სასამართლოს კლანურ სისტემაზე“ საუბრობს. სიუჟეტის ბოლოს კი აჟღერებს იმ პერიოდში გავრცელებულ სამთავრობო ნარატივს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა და ომი სურთ. სწორედ ამაზე საპასუხოდ მათე კირვალიძე ამბობს, რომ „ტრიუკების დიდოსტატი“ [ბიძინა ივანიშვილი] საზოგადოებას იმ ომით აშინებს, რომელიც რეალურად არავის სურს და აღნიშნულზე საპასუხოდ ამბობს: „აი, ის ომი კი, რომელიც ოლიგარქიულ მმართველობას დაასრულებს, მე პირადად მინდა. დიახ, მე ომი მინდა. ომი მინდა ოლიგარქიასთან, ომი მინდა კორუფციასთან, ომი მინდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიზებულ პროკურატურასთან, მოსამართლეთა კლანთან. დიახ, მე ომი მინდა. ომი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ დამარცხდეს შიმშილი და უმუშევრობა. ომი მინდა მე განათლების ისეთ სისტემასთან, სადაც პრიორიტეტი განათლება კი არა, გაუნათლებლობაა. დიახ, მე ომი მინდა გაზრდილ ფასებთან, ომი მინდა სოფლების და ქალაქების ხალხისგან დაცლასთან. დიახ, მე ომი მინდა ისეთ ბიზნესმენებთან, რომლებიც კორუფციულ გარიგებაში არიან ხელისუფლებასთან. დიახ, მე ომი მინდა, ომი იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდეს ევროპაში და გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. ვისაც გგონიათ, რომ ეს ომი თქვენი ომი არ არის, ძალიან ცდებით. ვისაც გგონიათ, რომ გვარამიას საქმე ერთი რიგითი საქმეა, ისინიც ძალიან ცდებით. როგორც ვერ უნდა იტანდეთ ახლა თქვენ გვარამიას, სააკაშვილს, ოპოზიციას და განსხვავებულ აზრს, გააცნობიერეთ, რომ 16 მაისს მოსამართლე ჩიკვაძის მიერ საქართველოს, ანუ თქვენი სახელით, გამოტანილი გადაწყვეტილებით ოლიგარქმა დიქტატურისკენ დიდზე დიდი ნაბიჯი გადადგა. თუ გგონიათ, რომ ეს ომი თქვენ არ გეხებათ, ძალიან ცდებით. თუ გგონიათ, რომ ამ ომში თქვენ ნაცვლად, თქვენი შვილებისთვის სხვა იბრძოლებს, აქაც ძალიან ცდებით. თუ არ მეთანხმებით, საკუთარ სამზარეულოში ჩურჩულისას ონკანი დიდზე მოუშვით, რომ წყლის ჩხრიალმა იქნებ მოსასმენ აპარატურას ხმის აღებაში ხელი შეუშალოს. თუ რაღა თქმა უნდა, ამ დროისთვის ონკანში წყალი წამოვიდა”.
სიუჟეტის სრულად ყურების შემდეგ ირკვევა, რომ „ფორმულას“ ჟურნალისტი მათე კირვალიძე საკუთარ მონოლოგში საუბრობს არა სამხედრო ოპერაციებზე, არამედ ბრძოლაზე ქვეყნის შიგნით არსებული სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ. კირვალიძეს „ომი სურს“ კორუფციის, კლანური სასამართლოს, ოლიგარქიისა და სისტემის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ციტატის სრულად წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ მისი ციტატა იმგვარად არის მანიპულირებული, რომ საკვანძო სიტყვები ამოღებულია და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მათე კირვალიძეევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის სამხედრო ომზე საუბრობს.
ამრიგად, ვიდეო მანიპულაციურად და კონტექსტის გარეშე ვრცელდება.