Home » სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი და „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს: „ასეთი ამერიკის არ მწამს. ასეთი ამერიკის არ მჯერა. არასდროს არავინ არ არის აპრიორი მართალი, არც ამერიკის ელჩი, არც ამერიკის პრეზიდენტი“. ვიდეო თავდაპირველად ოპოზიციის მადისკრედიტებელი TikTok-ანგარიშის „spacegubo”-ს მიერ გავრცელდა. ვიდეოს ქვედა ნაწილში ჩასმულია აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის 2024 წლის 4 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება. ვიდეოს ასევე დართული აქვს წარწერა :„გვარამია დღეს“. შესაბამისად, მთლიანობაში ვიდეოდან გამომდინარეობს, რომ თითქოს ნიკა გვარამია აღნიშნული მიმართვით ელჩი დანიგანის განცხადებას ეხმიანება. რეალურად,  გვარამიას სიტყვა, რომელიც მან გადაცემაში  „მთავარი აქცენტები“ 2020 წელს წარმოთქვა, რობინ დანიგანსა და მის განცხადებას არ მიემართება.

ნიკა გვარამიამ გადაცემაში, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში 2020 წლის 14 დეკემბერს გავიდა, აშშ-ის მაშინდელი ელჩი, კელი დეგნანი  გააკრიტიკა და აღნიშნა: „თქვენ ვერ ფლობთ სიტუაციას საქართველოში – თქვენ არ იცნობთ საქართველოს არც ისტორიას და არც დღევანდელობას. თქვენ ვერ ფლობთ სიტუაციას საქართველოში.  თქვენ არ იცით, რა ხდება საქართველოში. თქვენ არ იცით, რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში,  უფრო სწორად იცით, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს, მაგრამ ამაზე დუმხართ და პოლიტპატიმრების გამოშვების სანაცვლოდ ოპოზიციის შესვლა [პარლამენტში] ნორმად მიგაჩნიათ (…). საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა. დიდი უმრავლესობა თვლის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ უნდა შევიდეს. ვის აზრს გამოხატავს ქალბატონი დეგნანი, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტში ოპოზიცია უნდა იჯდეს?! საკუთარს! და ეს აზრი ქართველი ხალხის ნებასთან წინააღმდეგობაშია. რატომ უპირისპირდება იგი თავისი განცხადებებით ქართველი ხალხის ნებას?!“, – აცხადებს გვარამია და განაგრძობს „მე არ მჯერა კელი დეგნანის ამერიკის. მეტიც, ეს არ არის ამერიკა“.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს  საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც  1%-იანი ბარიერი გადალახა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ნიკა მელიამ, რომელიც მაშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, განაცხადა, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას თავისუფალ გარემოში ახალი არჩევნების ჩატარება წარმოადგენდა. იმ პერიოდში,  მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორი  აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იყო. თავის მხრივ,  აშშ-ის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოვლენილი ხარვეზები არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ იყო. აშშ-ის საელჩოს მიმართ კრიტიკაც სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა.

გავრცელებული ვიდეოს ქვედა ნაწილში რობინ დანიგანის,  საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელი ელჩის, ციტატაა წარმოდგენილი. აღნიშნული განცხადება ელჩმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთან ღია კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას: „ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით“, – განაცხადა ელჩმა.

ამდენად, ნიკა გვარამიას მიერ ეთერში წარმოთქმული სიტყვები რობინ დანიგანის განცხადებას არ უკავშირდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]