Home » ანონიმური გვერდი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების შესახებ დაუდასტურებელ მტკიცებებს ავრცელებს
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

ანონიმური გვერდი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების შესახებ დაუდასტურებელ მტკიცებებს ავრცელებს

სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედი გვერდი „Pოლიტიკა“ გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, შესახებ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც დეზინფორმაციული და კონსპირაციული შინაარსის მტკიცებებს აჟღერებს. იდენტური მტკიცების პოსტი გვერდმა AVOE.GE TikTok-ის პლატფორმაზეც გამოაქვეყნა.

ვიდეოში ნათქვამია, რომ „გახარია საქართველოსთვის“ „გადაბირებული აგენტების მიერ დაკომპლექტებული პარტიაა“ და მათ გადაბირებაზე სპეცსამსახურები სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ, მათ შორის, სექსუალურ კავშირს მათ აგენტებთან.

ვიდეოში რამდენიმე პოლიტიკოსია ნახსენები, კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და ამ პარტიის წევრები – ზვიად ძიძიგური, ლევან გოგიჩაიშვილი და კახა ქემოკლიძე.

ვიდეოში გიორგი გახარიაზე ნათქვამია: „გიორგი გახარია ამერიკელების გამოცდილმა აგენტმა თამარ ჩუგოშვილმა ინტიმური ურთიერთობების გზით ჯერ გადაიბირა, ხოლო შემდეგ გამზადებული მასალა გადააბარა საკუთარ პატრონებს“. მსგავსი შინაარსის მტკიცება ვრცელდება ზვიად ძიძიგურსა და ნინო გოგუაძეზე. თამარ ჩუგოშვილი და ნინო გოგუაძე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები იყვნენ. მათ უმრავლესობა 2019 წლის ბოლო „ქართული ოცნების“ წევრების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებული კონსტიტუციური პროექტის ჩაგდების გამო დატოვეს.

სინამდვილეში, მასალა მთლიანად კონსპირაციულ მტკიცებებზეა აგებული და ვიდეოში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც მასში წარმოდგენილ ბრალდებებს, მათ შორის, სპეცსამსახურების მიერ გადაბირებების საკითხს დაადასტურებდა. ამასთან, ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს თავად გამავრცელებელი გვერდების არასანდოობა.  ორივე მათგანი ანონიმურად მოქმედი ანგარიშია (დეტალურად, იხილეთ ქვემოთ).

რაც შეეხება კახა ქემოკლიძეს, მასზე ვიდეოში ნათქვამია: „ნაცმოძრაობის ხერხემლის, ვანო მერაბიშვილის კადრი. ქემოკლიძემ კარიერა პოლიციაში სწორედ მის დროს დაიწყო, აგენტად გაფორმდა და ამის შემდეგ ღალატობს საქართველოს.“

საგულისხმოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, კერძოდ, 2011-2012 წლებში ქემოკლიძე ნამდვილად იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანალიტიკოსის თანამდებობას. ვანო მერაბიშვილი ამ პერიოდში შსს მინისტრი იყო, თუმცა მან ეს თანამდებობა 2012 წლის ივლისში დატოვა. ქემოკლიძემ შსს-ში მუშაობა მერაბიშვილის მინისტრობის დროს დაიწყო, თუმცა მერაბიშვილის წასვლის შემდეგ დაწინაურდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში ის 2015 წლამდე მუშაობდა, და არაერთხელ დაწინაურდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2015-2018 წლებში ქემოკლიძე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელიც იყო და საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2012 წლის ივნისიდან – 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი / გალი). 2021 წელს ის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებდა. ამდენად, კახა ქემოკლიძის ბიოგრაფიის მხოლოდ 2011-2012 წლების სამუშაო გამოცდილებას მითითება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მისი მუშაობის უგულებელყოფა. მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია და პოლიტიკოსს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში მყოფად მცდარად წარმოაჩენს.

ვიდეოში ასევე საუბარია ლევან გოგიჩაიშვილზე, რომელზეც ნათქვამია, რომ ის „ვიკა ბუკიამ გადაიბირა“ და ამის შემდეგ „ერთ დროს ნაცმოძრაობასთან ხმალამოღებულად მებრძოლი ადამიანი ნაცმოძრაობის რიგით წევრად გააფორმა“.  გოგიჩაიშვილი 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი. მან პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წელს დატოვა მოსამართლეების საკითხზე მმართველ გუნდთან უთანხმოების გამო და ოპოზიციაში გადაინაცვლა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ის 2024 წელს შეუერთდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. მეტიც, წინა ხელისუფლების დროს ის დაპატიმრებულიც იყო და სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წელს დატოვა.

ამ შემთხვევაშიც, ვიდეოს ავტორები არ წარმოადგენენ არანაირ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ  სპეცსამსახურებმა ჯერ ვიკა ბუკია „გადაიბირეს“ და შემდგომ მისი დახმარებით, ლევან გოგიჩაიშვილის „გადაბირებაც“ მოახერხეს.

წყაროს შესახებ:

Pოლიტიკა ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდია, რომელიც, ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ავრცელებს სხვადასხვა შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას. პროფილის ფოტოს მიხედვით, აღნიშნული Facebook-გვერდი შესაძლოა დაკავშირებული იყოს გვერდებთან – „Politics – პოლიტიკა“ და „Politics“. ორივე გვერდი 2021 წელს შეიქმნა. 2024 წლის 10 ოქტომბრის მონაცემით, გვერდმა Politics ბოლო პოსტი 2024 წლის 3 სექტემბერს გამოაქვეყნა, ხოლო გვერდი „Politics -პოლიტიკა” 2021 წლის 20 ნოემბრის შემდეგ აღარ აქტიურობს. „სამართლიანი არჩევნების“ პლატფორმის Disinfoobserver-ის მიხედვით აღნიშნული გვერდები ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებენ. დისკრედიტაციისთვის, სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებენ, მადისკრედიტებელი მიზნებისთვის კი პოსტებს ფეისბუქის გაყალბებული დეკლარაციით ასპონსორებდნენ.

გვერდი „Pოლიტიკა“ 2024 წლის 6 ივნისს შეიქმნა. პროფილის ფოტოსა და გვერდზე განთავსებული პოსტების შინაარსის მიხედვით ის ზემოაღნიშნულ ორ გვერდთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება TikTok-გვერდს AVOE.GE, ის ხშირად აქვეყნებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ფოტო-ვიდეო მასალას (იხ. ბმული 1; 2; 3; 4).

 

 

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]