ამინდის მანიპულირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია GeoFacts-ს წარსულშიც გადაუმოწმებია, ავრცელებს კიდევ ერთ მტკიცებას. პოსტის (დაარქივებული ბმული) მიხედვითაც, 1996 წელს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის ხელისუფლებას ამინდის კონტროლი და მისი იარაღად გამოყენება. დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც პოსტის ავტორი ასკვნის, რომ აშშ-ის ხელისუფლება ამინდს აკონტროლებს და იარაღად იყენებს, რეალურად, უნივერსიტეტის კვლევით ნაშრომს წარმოადგენს, რომელიც ფიქციურ სიტუაციებს აღწერს.
მტკიცება უკავშირდება 1996 წლის საჰაერო უნივერსიტეტის კვლევით ნაშრომს სახელწოდებით ამინდი, როგორც გამაძლიერებელი: ამინდის ფლობა 2025 წელს“ („Weather as a Force Multiplier: Owning the Weather in 2025”). ნაშრომში, რომელიც ათეულობით წლის წინ შეიქმნა, აღნიშნულია, რომ კვლევა შეიცავს გამოგონილ სიტუაციებს/სცენარს მომავლის შესახებ და მასში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს აშშ-ის საჰაერო ძალების (US Air Force) პოლიტიკას და/ან პოზიციას.
მსგავსი მტკიცება უცხოენოვან პლატფორმებზეც გავრცელდა და ინფორმაცია უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს, მათ შორის ამერიკულმა Leadstories. ორგანიზაცია Leadstories აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს დაუკავშირდა. გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მათ აღნიშნეს, რომ დოკუმენტი სტუდენტის კვლევით ნაშრომს ასახავს და არა საჰაერო ძალების პოლიტიკას. ამრიგად, აღნიშნული მტკიცება ყალბია.