Home » სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „საშინელი მდგომარეობაა ირგვლივ ყველა ახველებს,  ყურის ტკივილი. ყელის ტკივილი, სურდო, მაღალი სიცხე. ეს  კი ბარსელონა, ესპანეთია  დღემდე მაოცებს, რამდენმა ადამიანმა დაარწმუნა  საკუთარი თავი, რომ ცა ყოველთვის ასე გამოიყურებოდა. ეს არასწორია. კაცობრიობა საფრთხეშია“. ვიდეო კვამლიან ცის კადრს მოიცავს, რომელსაც პოსტისა და კომენტარების ავტორები ე.წ. „ქიმტრეილებად“ (ქიმიურ ბილიკად) წარმოაჩენენ და კაცობრიობისთვის საფრთხედ აცხადებენ. რეალურად, ვიდეოში თვითმფრინავების მიერ დატოვებულ „კვამლის ბილიკებია“ წარმოჩენილი, რომელსაც „ქიმიურ ბილიკთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და საფრთხეს არ წარმოადგენს.

ე.წ. „ქიმტრეილები“, რომლებსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები სხვადასხვა დაავადებასა და საფრთხეს აბრალებენ, რეალურად, თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კვამლის ბილიკებია“, იგივე „კონტრეილი“ (contrail). ეს უკანასკნელი თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული კონდენსაციის პროდუქტია – „კვამლის ბილიკია“, რომლის ხილვადობაც არეალის ტენიანობის ხარისხზეა დამოკიდებული. ის ჰაერში მტვრის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება კრისტალებად. დაბალი ტენიანობის პირობებში, აღნიშნული კრისტალები იშლება, თუმცა მაღალტენიანობის დროს ცაში ნარჩუნდება და თვალისთვისაც ხილული ხდება.

თვითმფრინავის ხილული „კონტრეილები“ არაერთი დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის წყარო გამხდარა. მაგალითად, წარსულში GeoFacts-მა გადაამოწმა კონსპირაციული მტკიცება, რომ „ქიმტრეილის“ გავრცელების მიზანი მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა და ტყუილად შეაფასა.

აღნიშნული აქტუალობის გამო „კონტრეილების“ ქიმიური საფრთხის შესაფასებლად კვლევაც ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტისა თუ ინსტიტუტის მეცნიერი მონაწილეობდა. 77-ივე მათგანი ატმოსფეროს კვლევებში სპეციალიზდება და მათი კვლევით დადასტურდა, რომ თვითმფრინავების „ქიმტრეილების“, ანუ ქიმიური ნივთიერებების გასავრცელებლად გამოყენება არარეალური მტკიცებაა. 77-დან 76-მა მეცნიერმა დაადასტურა, რომ მათ „ქიმტრეილის“ ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს და თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კონტრეილები“ მარტივი, ფიზიკასა და ქიმიაში კარგად ცნობილი მიზეზებით იხსნება. ის 1 კოლეგა, რომელიც თეორიის სიყალბეს არ დაეთანხმა, არც „ქიმტრეილის“ არსებობას არ ადასტურებდა. მისი თქმით, ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა ნამდვილად დაფიქსირდა, ამავე არეალში კი ხმელეთზე – დაბალი შემცველობა.

გარდა ამისა, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ანგარიშში განაცხადა, რომ „კონტრეილები“ ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეთ, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აენებს, თუმცა „კონტრეილებში“ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების არსებობა არ დასტურდება.

შესაბამისად, თვითმფრინავის გადაადგილებისას დატოვებული კვალი საწვავის წვისაა, აორთქლებული წყლის სახით წარმოიქმნება და ჰაერში მტვრის ნაწილაკებს ერწყმის, რაც კვამლის კრისტალებს  ქმნის. ეს უკანასკნელი თვალისთვის ხილული  სხვადასხვა არეალის ტენიანობის მიხედვით ხდება. ჰაერის ტენიანობას ჰაერის მასების მოძრაობა, ატმოსფერული ტემპერატურის ცვლილება და სხვა მარტივი და ნაცნობი პროცესები განაპირობებს. ამრიგად, ავტორის მტკიცება ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]