სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თითქოს ალეკო ელისაშვილი სამი წლის წინანდელ „ღამის კურიერის“ ეთერში მისი და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას უყურებს და იცინის. ვიდეოს დამაჯერებლობას მატებს თავად ელისაშვილის სიტყვებიც – „ხომ იცი, წინასაარჩევნო ამბავი როგორია. ხან ამ ეთერში ხარ, ხან იმაში ხარ, ხან ეს უნდა თქვა, ხან ის უნდა თქვა. ათასი რამ იხარშება თავში, აჯაფსანდალია და ეგეთი რაღაცა ვთქვი. სასაცილოა [იცინის]“. ელისაშვილის ვიდეო რედაქტირებულია. რეალურად, ის სრულიად სხვა ვიდეოზე იცინის.
ორიგინალ ვიდეოში, რომელიც ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ტიკტოკ გვერდზე 3 ოქტომბერს თავად ატვირთა, პოლიტიკოსი საკუთარ საეთერო ჩართვაზე იცინის, სადაც სიტყვიერ შეცდომას უშვებს. „ყველას მინდა შევახსენო, ცხრა ნომერი არის ჩვენი და შემოხაზვა აღარ იქნება ეხლა 26-ში, გაფერადება იქნება და ცხრა ნომერი შემოხაზეთ…“ ამბობს ელისაშვილი იმ ვიდეოში, რომელზეც ორიგინალ ვიდეოში იცინის.
აქედან გამომდინარე, ელისაშვილის ვიდეო, სადაც ის თითქოს პარტია „ლელოს“ ლიდერთან წარსულ დაპირისპირებაზე იცინის, რედაქტირებული და ყალბია.