სოციალურ ქსელში სატირული Facebook-გვერდი „ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality“ პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, “მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, არჩევნების ჩატარება მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის, ამიტომ 26 ოქტომბერი ხაშურსა და სურამში უქმე დღედ გამოცხადდება”. ამავდროულად, პოსტის ავტორი პოსტის ბოლო ნაწილში გამოგონილ ციტატასაც ურთავს: “რაში გვჭირდება ზედმეტი ალიაქოთი?! ხალხმა თქვა, რასაც ვფიქრობდით 4 წლის წინ, იგივე აზრზე ვართო, ამიტომ, ხაშურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში წინა არჩევნების შედეგებით ვიხელმძღვანელებთ”. რეალურად, პოსტი სატირული შინაარსის არის და სინამდვილეს არ შეესაბამება, ხაშურის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
აღნიშნული გვერდი სატირული და იუმორისტული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს, თუმცა გვერდის სახელიდან გამომდინარე, მომხმარებელმა შეიძლება პოსტები შეცდომით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-გვერდს დაუკავშიროს და ჩათვალოს, რომ ინფორმაციას სწორედ მერიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. იხილეთ სატირული გვერდის მიერ გავრცელებული პოსტები (1, 2, 3, 4 ,5).
პოსტში არსებული მტკიცებები არ დასტურდება, ხაშურის მერს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. თანაც, საქართველოში მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 წლის ვადით აირჩევა ,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ. შესაბამისად, ყოველ 4 წელში მუნიციპალიტეტში არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერია მსგავს გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები არ ჩაატაროს, ვერ მიიღებს.
ამდენად, გავრცელებული პოსტი იუმორისტულ გვერდს ეკუთვნის და სინამდვილეს არ შეესაბამება.