Home » ზვიად გამსახურდიას ვიდეოებში თარგმანი გაყალბებულია
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

ზვიად გამსახურდიას ვიდეოებში თარგმანი გაყალბებულია

ტიკტოკ-ანგარიშმა presidentgamsakhurdia ზვიად გამსახურდიას ვიდეოები გაავრცელა, რომელშიც თითქოს საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991-1992 წლების ზამთარში საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებას აშშ-ს აბრალებს, ხოლო დასავლეთს „ერთიანი მსოფლიო კონგლომერატის“ შექმნასა საქართველოს ეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში სდებს ბრალს. ვიდეოებში გამსახურდიას სახელით სხვა ანტი-დასავლური ნარატივებიც ჟღერდება (1, 2). აღნიშნული ვიდეოები Facebook-ზეც გავრცელდა (1, 2) და ათასობით ნახვა და გაზიარება დააგროვა (არქივირებული ბმულები – 1, 2). რეალურად, ვიდეოს კადრები 1991 წლის ტელეხიდ „მოსკოვი-თბილისის“ ჩანაწერიდან არის აღებული, სადაც ზვიად გამსახურდია რუსულ ენაზე სრულიად სხვა საკითხებზე საუბრობს. ქართული თარგმანი, რომელიც ორიგინალი ვიდეოს აუდიოს გადაადეს, ყალბია.

პირველ გაყალბებულ ვიდეოში შემდეგი ყალბი თარგმანია: „ჩვენ მივესწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, არ დავემორჩილეთ დასავლური სახელმწიფოების დიქტატს, არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დავუშვით რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო, დასავლეთს კი მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ეს იქცა ერთ-ერთ მიზეზად სამხედო გადატრიალებისა და ხელისუფლებაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცრუ აგენტებისა და ევრო-ამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტების პირდაპირი მოსვლისა. მაგრამ, დასავლეთის წყრომას ჩვენს მიმართ კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა – სახელმწიფოს სათავეში მოსულნი, ჩვენ ვესწრაფოდით ეროვნული კულტურის აღორძინებას, ხალხის შეკავშირებას ეროვნული სულისკვეთებით, რათა მას მთელი სიყრმით გაეცნობიერებინა, რომ მას გაცილებით ძველი ისტორია აქვს, ვიდრე ბევრ ევროპელ ხალხს. ჩვენი პოლიტიკის ეს ეროვნული ორიენტაცია არ იწვევდა სწორედ საერთო ევროპული სახლის მესვეურთა აღტაცებას, რადგან ოფიციალური დასავლეთი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგუროს ერის ნება საერთოდ და შექმნას ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ძალები, რომელთაც ეკისრებათ მსოფლიო ხელისუფლების ბატონობის შემზადება, სხვა ქვეყნებს განიხილავენ მხოლოდ რესურსების თვალსაზრისით. მათი მიზანია ეს ქვეყნები თავიანთი ხალხებით, მთავრობებით, კულტურებით აქციონ უბრალო ტერიტორიად, საადაც მოსახლეობას დატოვებენ მხოლოდ მსოფლიო ელიტისთვის საჭირო რაოდენობით.“ (ტრანსკრიპტი მომზადებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ).

მეორე გაყალბებულ ვიდეოში შემდეგი ყალბი თარგმანია: „ზოგადად, მე მას ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გადაღმიდან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით. ბეიკერმა პირდაპირ მოუწოდა პუტჩისადმი საქართველოს ბანდიტურ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ ოპოზიცია საქართველოში კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პატროკრატებისგან შედგებოდა. ბეიკერმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაფრით დაეხმარებოდა მას. სცენარი გადატრიალებისა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოაწყო საქართველოში, ადრე არაერთგზის გამოუყენებია ამ ქვეყანას.“ (ტრანსკრიპტი მომზადებულია „ჯეოფაქტსის“ მიერ).

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ორიგინალი ჩანაწერი, რომლის კადრებიც გამოყენებული არის ყალბ ვიდეოებში, 1991 წლის 10 ნოემბრით არის დათარიღებული, ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების დაწყებიდან 1 თვით და 11 დღით ადრე. შესაბამისად, ზვიად გამსახურდია წინასწარ ვერ ისაუბრებდა აშშ-ის და დასავლეთის მიერ მის წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაზე, რაც ვიდეოებზე ქართული თარგმანების სიყალბეს ამტკიცებს.

„ჯეოფაქტსმა“ ორიგინალი ვიდეო მაინც გაანალიზა. 1991 წლის ჩანაწერში საქართველოს პირველი პრეზიდენტი საერთოდ არ ახსენებს სიტყვებს „ევროპა“, „ამერიკა“,შეერთებული შტატეები“, „მსოფლიო ხელისუფლება“ „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო“, „ევრო-ამერიკული იმპერიალიზმი“, „ჯეიმს ბეიკერი“ და ა.შ. ტელეხიდ „მოსკოვი-თბილისში“ ზვიად გამსახურდია ძირითადად საქართველოს შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე, დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველოს ეკონომიკასა და საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს. გადაცემის მიმდინარეობისას გამსახურდია დასავლეთს სულ სამჯერ ახსენებს:

ვიდეოში 19:27 წუთზე გამსახურდია ეკონომიკური პროგრამის საფუძვლების შესახებ საუბრობს, რა დროსაც ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ რეფორმებს თან სდევს მრავალი სირთულეები, რის გამოც თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლა და ქონების პრივატიზაცია გართულებულია. გამსახურდია ამბობს, რომ თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლა დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებზეც, რომლებსაც ჯერ არ გამოუჩენიათ საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართვის სურვილი.

37:03 წუთზე, გამსახურდია საუბრობს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსისა და ეროვნების მქონე ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებრივ მდგომარეობაზე. გამსახურდია ყურადღებას ამახვილებს, რომ იმ ოსების ლტოლვილებად მოხსენიება, რომლებმაც საქართველო დატოვეს და რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, იგივე იქნებოდა რომ დასავლეთში ემიგრაციაში წასული რუსეთის მოქალაქეები მოიხსენიონ ლტოლვილებად.

39:20 წუთზე, კითხვაზე საპასუხოდ, თუ რატომ იკავებს თავს დასავლეთი საქართველოს აღიარებისგან, ზვიად გამსახურდია პასუხობს, რომ დასავლეთს არ გადაუწყვეტია თუ როგორი ურთიერთობები ექნება არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან.

აქედან გამომდინარე, ორიგინალ ჩანაწერში ზვიად გამსახურდია ანტი-დასავლურ ნარატივებს არ აჟღერებს, რაც ადასტურებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების სიყალბეს.

აღსანიშნავია, რომ ციტატები, რომლებიც დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა ზვიად გამსახურდიას ვიდეოს დაადეს, 1992 წელს გაზეთ „ნაროდნაია პრავდაში“, საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ინტერვიუს სახით გამოქვეყნდა სათაურით – „ცხოველს ეროვნება არა აქვს“.

არ არსებობს რაიმე სახის მტკიცება, რომელიც აღნიშნული ინტერვიუს ნამდვილობას დაამტკიცებდა. მეორე მხრივ, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ამტკიცებს, რომ ინტერვიუ ყალბია, რომლის მიზანიც საქართველოს პრეზიდენტის რადიკალ, ანტიდასავლურ ფიგურად წარმოჩენა არის. „ისტერიულად ვრცელდება ფეიკ-ინტერვიუ, რომელიც გროზნოში ფეესბეს მიერ მივლინებულმა პეტერბურგელმა ჟურნალისტებმა შეთხზეს. (გაზეთი „ნაროდნაია პრავდა“) ამ ინტერვიუში ზვიად გამსახურდია რაღაც ევრო-ამერიკულ იმპერიალიზმზე საუბრობს და ვითომ ადანაშაულებს საქართველოში მომხდარი ამბების წარმართვაში. პირველად ეს ინტერვიუ 10 წლის გამოჩნდა ქსელში“, ვკითხულობთ კონსტანტინე გამსახურდიას 2021 წლის 17 მარტით დათარიღებულ Facebook-პოსტში.

იმავე პოსტის ბოლოს ვკითხულობთ – „ახლახანს აუღიათ რაღაც სხვა ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტი ინგლისურად საუბრობს საჭირბოროტო საკითხებზე და თარჯიმანის ხმა ისე დაადეს, რომ არ ისმის, რას ამბობს ინგლისურად, ფარავს ფაქტობრივად. არადა თარჯიმანი პირდაპირ კითხულობს „ნაროდნაია პრავდას“ გაყალბებული ინტერვიუდან ადგილებს – ვითომ ამას საუბრობს პრეზიდენტი (15.03.2023 წ-ს მინაწერი)“.

აქედან გამომდინარე, არ დასტურდება თავად ციტატების სინამდვილეც.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]