Home » სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება, თითქოს მასში საქართველოში ომის დაწყების მომხრეები არიან
გადამოწმებული ფაქტები საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება, თითქოს მასში საქართველოში ომის დაწყების მომხრეები არიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (დაარქივებული ბმული) შემდეგი წარწერებით: „დიახ, ომი მინდა!“ და „ვის უნდა ომი საქართველოში“. ვიდეოში მოცემულია უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ამოჭრილი ციტატები. ვიდეო ამტკიცებს რომ  მასში ნაჩვენებ ადამიანებს საქართველოში ომი სურთ.

უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივნის, ალექსეი დანილოვისა და უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს სამ ციტატაში მართლაც არის საუბარი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე:

  • ალექსეი დანილოვი (2022 წლის 27 მარტი): „თუ დნესტრისპირეთი და საქართველო – დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე – ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსეთს ექნება რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა. როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება. საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“. განცხადების კონტექსტი ვიდეოში დამახინჯებული არაა.
  • ალექსეი არესტოვიჩი (2022 წლის 26 აპრილი): „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს. არც მოლდოვასა და არც მით უმეტეს საქართველოს ხელმძღვანელობა არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის, რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. ისინი არ არიან ამისთვის მზად, არ არიან ომის ადამიანები. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ალექსეი არესტოვიჩი (2022 წლის 27 აპრილი) აღნიშნულ ინტერვიუში არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ ის მის პირად, არაოფიციალურ პოზიციას აჟღერებდა): „ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“

განცხადებების კონტექსტი ვიდეოში დამახინჯებული არაა.

  • ალექსეი გონჩარენკო (2022 წლის 26 თებერვალი): „ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია – იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ“. განცხადების კონტექსტი ვიდეოში დამახინჯებული არაა. ვიდეოში მოცემული გონჩარენკოს კიდევ ერთი ციტატა პირდაპირ ომზე არ მიუთითებს, თუმცა ზემოხსენებულ ციტატასთან ერთად შესაძლებელია იქნას აღქმული: „მინდა ვიკითხო, ქართველ მოსახლეობას სურს ცხინვალისა და სოხუმის ქუჩებში გაიაროს?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არესტოვიჩი და დანილოვი უკრაინაში ოფიციალურ პოზიციებს აღარ იკავებენ. მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უკრაინის წარმომადგენლებს ასევე განუცხადებიათ, რომ ისინი რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და სამხედრო დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ არა ომში ჩართვას. ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებაში, რომელიც საქართველოში უკრაინის დანგრეული შენობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოლიტიკურ რეკლამებზე გამოჩენის პასუხად გაკეთდა, ნათქვამია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა რუსულ აგრესიას უმკლავდება. აღნიშნულით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა არ სურს და უკრაინის რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა საქართველოში მშვიდობის ერთ-ერთ გარანტად მიაჩნია.

უკრაინული მხარიდან ვიდეოში ასევე ნაჩვენებია უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია, რომელიც აცხადებს: „თქვენი აზრით, ახლა როდესაც, რუსეთი უკვე უკრაინას დაესხა თავს, საქართველომ უკრაინას ნორმალურად უპასუხა? გთხოვთ, ქართველო ხალხო, თქვენი მჯერა, გაარკვიეთ თქვენს ხელისუფლებასთან, გაარკვიეთ ეს საკითხი, რადგან ასეთი ღალატისა და ზურგში ჩარტყმული დანის ხილვას ქართველი ხალხის მხრიდან არ ვისურვებდით. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ. დღეს ნამდვილად მრცხვენია“. რეალურად, არახამია არ საუბრობდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა-არჩართვაზე, არამედ ის გამოეხმაურა ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას. ამავე განცხადებაში ის რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს უკრაინის რეაქციაზე საუბრობდა და აღმოჩენილ დახმარებაზე მიუთითებდა, მათ შორის შეიარაღების მიწოდებაზე, თუმცა არ უხსენებია ომში ჩართვა. შესაბამისად, არახამიას განცხადების წარმოჩენა, როგორც საქართველოს ომში ჩართვის სურვილისა და მოწოდებისა ფაქტობრივად არასწორია.

საჯარო პირების განცხადებები საქართველოდან

ჟურნალისტ თენგიზ გოგატიშვილის განცხადება

ვიდეოში ნაჩვენებია გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ 2022 წლის 5 ივნისის გადაცემიდან, ჟურნალისტ თენგიზ გოგოტიშვილის მონოლოგიდან ამოჭრილი ნაწილი: „ამ პირობებში და ამ მთავრობაში ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს, ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება“. სინამდვილეში, თენგო გოგოტიშვილის სრულ მონოლოგში ჩანს, რომ ის საქართველოს ომში ჩართვაზე საერთოდ არ საუბრობს, არამედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებზე მსჯელობს. მისი თქმით: „საქართველოს აქვს კონკრეტული საშინაო დავალება ევროკავშირისგან, რაც ასახულია ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მიღებულ 2021 წლის გეგმაში“ და გამოყოფს 5, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა შორის ომი არაა, ესენია: გამჭვირვალე, ინკლუზიური და სანდო არჩევნების ჩატარება; მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა; გავლენისგან თავისუფალი პროკურატურა და სისხლის სამართლის გამოძიება; მედია პლურალიზმი, გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა; მედიის მუშაკთა დაცვის გაძლიერება და მათ მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება.

აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას გოგატიშვილი ასკვნის, რომ „ამ პირობებით და ამ მთავრობაში, ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება, ყველა სხვა შემთხვევაში, ბრიუსელი კი არა მუხასრანსკი (ქალაქი რუსეთში) დაგვრჩება გვერდზე“. ჟურნალისტის მოსაზრებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთადერთი გზა უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვება იყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცეოდა. შესაბამისად, ვიდეოში ნაჩვენებ ციტატაში ის საუბრობდა არა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე როგორც გამოსავალზე, არამედ უკრაინის ომში გამარჯვების მნიშვნელობაზე. ამ შემთხვევაშიც გავრცელებულ ვიდეოში მოცემული მტკიცება, რომ აღნიშნული განცხადება საქართველოს ომში ჩართვას ეხება და ამაზე დაყრდნობით, თენგო გოგატიშვილს საქართველოს ომში ჩართვა სურს – ტყუილია.

„საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს“ დირექტორის ეკა გიგაურის განცხადება

ვიდეოში ასევე მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის, ციტატა: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“.

აღნიშნულ განცხადებაში ეკა გიგაური საქართველოს ომში ჩაბმას არ ითხოვს და ამ განცხადების ომის სურვილად წარმოჩენა ფაქტობრივად არასწორია. რეალურად, ეკა გიგაური საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას რუსეთთან ომის საფრთხით არ უნდა აშინებდეს, რადგან რუსეთს ახალი ომის დასაწყებად საჭირო რესურსები არ აქვს: „დაშინება და შეშინება ადამიანების არის არასწორი, ეს საფრთხე დღეს არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში და შესაბამისად, იქ არ ყოფნის რესურსები, ამიტომ ის ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დღეს სწორი მიმართულებით უნდა წავიყვანოთ დისკუსია და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ასევე ყველანაირად ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ“. დამატებითი კონტექსტისთვის იხილეთ გიგაურის ვრცელი ციტატა:

„უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოში, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი დასუსტდეს და განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის საქართველოს ევროპასთან და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, ამიტომ როცა ეს შესაძლებლობა გვაქვს, ამ დროს მნიშვნელოვანია, სწორი ნაბიჯები გადავდგათ. სწორი ნაბიჯები არის ის, რომ აუცილებლად უნდა ვიდგეთ დასავლეთის გვერდით. ჩვენი მთავრობა, ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს, ასევე უნდა დავგეგმოთ რეფორმები, ნაბიჯები, რომელიც დადებით შეფასებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ფაქტობრივად, პოზიტიურად დაგვირგვინდება ეს სვლა. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო, რათა ეს საფრთხეები მოვაგვაროთ. ამისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური ფორმატები, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაფართოებული, სადაც ყველა იქნება დამსწრე, იქნებიან ოპოზიციური პარტიები, იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ასევე მმართველი პარტია, რათა მათ ერთად იმსჯელონ, რას ვაკეთებთ უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ნაწილში და ეკონომიკის კუთხით ვიცოდეთ, ხელისუფლების პოზიცია. ხელისუფლებამ უნდა დააწყნაროს საზოგადოება, მიაწოდოს ინფორმაცია, რა შეიძლება მოხდეს, როცა ეს სანქციები იმოქმედებს რუსეთზე და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რათა ჩვენზე ნაკლებად უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამ ყველაფერმა.

მე მგონია, რომ ყველანაირი დისკუსია, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ რაღაცნაირად არ დავდგეთ დასავლეთის გვერდით, ეს არის რუსული ნარატივი რუსეთის ინტერესი. დღეს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, რადგან ჩვენ გამოვხატავთ პოზიციას ამ ბრძოლაში დასავლეთის გვერდით. ჩვენ დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა, როგორც პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. ვფიქრობ, საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომელზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო. ჩვენი მთავარი საფრთხე არის ის, რომ ეს შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება ვერ გამოვიყენოთ, რადგან არასწორ დისკუსიებს ვატარებთ არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკე ხალხს და არ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“.

ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადება

ვიდეოში ასევე მოცემულია ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, ციტატა: „ალბათ, დგება მომენტი, რომ შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, ჰო, რაც თუნდაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ალბათ, ძალიან ბევრმა ქართველმა ვიგრძენით“.

რეალურად აღნიშნულ განცხადებაში, რომელიც ნინო ლომჯარიამ 2022 წლის 26 თებერვალს „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, იმდროინდელი სახალხო დამცველი საქართველოს ომში ჩართვაზე არ საუბრობს, რაც სრული ციტატიდან და კონტექსტიდან გამომდინარე ცხადია:

„მე გუშინ ძალიან შემრცხვა. ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. მე კარგად მესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ის საფრთხეებიც მესმის, რომ შესაძლებელია სანქციების შეერთებით ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწიოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუშინ პრემიერმა, შეგნებულად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გააკეთა ეს განცხადება. მას უნდოდა, რომ ეს გაეგოთ მათ, ვისაც ესიამოვნებოდათ. ამის გაგონება, დარწმუნებული ვარ, მძიმე იყო უკრაინელებისთვის, ამიტომ თუ ვერ ვეხმარებით, გული მაინც არ უნდა ვატკინოთ ამ ადამიანებს“.

სრული ციტატიდან ჩანს, რომ ნინო ლომჯარია ეხმიანება იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით.განცხადებიდან ჩანს, რომ ლომჯარია რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ფორმას აკრიტიკებს და უკრაინისადმი მორალური მხარდაჭერის მნიშვნელობას უჭერს მხარს. ნინო ლომჯარია არ ითხოვს ომს და მეტიც, აღნიშნავს იმასაც, რომ სანქციების დაწესებას შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ახლდეს და შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სანქციების არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. ამდენად, ვიდეოს მტკიცება, რომ ლომჯარიას აღნიშნული განცხადება ნიშნავს, რომ მას საქართველოში ომი უნდა, ფაქტობრივად არასწორია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება

ვიდეოში ასევე მოცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება: „როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ – ომი მინდა! – ჭიაბერაშვილი“. ჭიაბერაშვილის ეს მონაკვეთი ამოჭრილია 2022 წლის 5 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერიდან, სადაც ის ამბობს: „პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ილაპარაკონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარული რეჟიმების დანგრევას სჭირდება. პირველი, მთავარი არის გამართული მესიჯი. როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა თავის საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებაზე პასუხის გაცემით… იმ წუთას ოპოზიციის ამომრჩეველი არ გრძნობს, რომ ძალა მოდის. … სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს, შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“.

განცხადების სრული ვერსიიდან ჩანს, რომ ჭიაბერაშვილს არ განუცხადებია, რომ მას საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა სურს, და ვიდეოში აღნიშნულის დაბრალება ფაქტობრივად არასწორია. რეალურად, ჭიაბერაშვილი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს და რა საპასუხო გზავნილები უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. ამ კონტექსტში ის აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხალხს ასევე უნდა აუხსნას, რომ თეორიულად (ჰიპოთეტურ სცენარში, რადგან ის არ ასახელებს ომს და არ ითხოვს მასში ჩართვას), როდესაც ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იქნება საჭირო, ქვეყანას, შესაძლებელია, ბრძოლაც მოუწიოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადება

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადება: „დამიძახონ ომის პარტია, ჩემი ქვეყნისთვის კი ომიც მოსულა კი, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგეთ“. ციტატა ამოჭრილია TV Georgian Times-ის გადაცემიდან – „დროული კითხვები“. სრულ მონაკვეთში უგულავას განცხადება შემდეგნაირად გამოიყურება: „ეს ოპოზიციის კეკლუცი რომ ვაიმე ის არ დამიძახონ, რაც გინდა ის დაგიძახონ. საარჩევნო პერიოდი… არჩევნები არ იქნება თუ რუსი მოვიდა. და რაა მერე, ომის პარტიას დაგიძახებენ, დამიძახონ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება, დამიძახონ რაც უნდათ“. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გიგი უგულავა არ გამოთქვამს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის ან საქართველოში ომის სურვილს, არამედ ჭიაბერაშვილის მსგავსად ისიც ასევე მმართველი პარტიის ბრალდების კონტექსტში საუბრობს და თეორიულად განიხილავს, რომ ქვეყნის დაცვისთვის ომიც შესაძლოა იყოს საჭირო.

ლევან ბერძენიშვილის განცხადება

ვიდეო სრულდება ლევან ბერძენიშვილის ციტატით, რომელსაც ის ერთ-ერთ YouTube-არხთან საუბრისას აკეთებს: „სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და [იტყვის:] ომი გინდათ? ერეკლემაც მაგი თქვა“. სრულ ვერსიაში ბერძენიშვილი ამბობს: „ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?”. რეალურად, არც სრულ და არც ვიდეოში ამოჭრილ ვერსიაში არ ჩანს, რომ ბერძენიშვილი საქართველოს ომში ჩაბმას ითხოვს და ამის მტკიცება ფაქტობრივად არასწორია. მოცემულ განცხადებაში ბერძენიშვილი აკრიტიკებს ირაკლი ღარიბაშვილს მისი რიტორიკისთვის, რომელსაც აღწერს რიტორიკული ფრაზით – „ომი გინდათ?!“ და ამას ადარებს ერეკლე II-ის პოზიციას, რომელსაც ღალატად აფასებს. აღნიშნული შეფასება მეტად სადავოა და ისტორიკოსების ნაწილი მას არ იზიარებს, თუმცა ციტატაში არსად ვხვდებით ომში ჩართვის მოწოდებას ან საქართველოში ომის სურვილს.

საბოლოო ჯამში, გავრცელებულ ვიდეოში გაერთიანებულია უკრაინელი და ქართველი საჯარო პირების ციტატები, რომელთაგან უკრაინელების მიერ გაკეთებულ განცხადებათა ნაწილი პირდაპირ ან ირიბად საქართველოს ომში ჩაბმის სურვილს ან მოწოდებას შეიცავს, ხოლო ნაწილი არა; ქართველების განცხადებების შემთხვევაში კი ყველა ციტატა დამახინჯებულად და არასწორი კონტექსტით არის ნაჩვენები – რეალურად არც ერთი ვიდეოში ნაჩვენები პირი შესაბამის განცხადებებში საქართველოს ომში ჩაბმის ან საქართველოში ომის სურვილს არ გამოხატავს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]