Facebook-ანგარიში სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით „ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა მონაწილეობდა P. Diddy-ის ,,სატანისტურ” წვეულებაში. მიშელ ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლეა“. რეალურად, მიშელ ობამას P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება.
2024 წლის 16 სექტემბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრეს ცნობილი მილიარდერი რეპერი და მუსიკალური პროდიუსერი შონ კომბსი, იგივე Diddy, რომელსაც სამი ბრალდება წაუყენეს: რეკეტი, სექსუალური ტრეფიკინგი იძულებით, ძალით ან მოტყუებით, ტრანსპორტირება პროსტიტუციის მიზნით. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, Diddy აწყობდა წვეულებებს სახელწოდებით Freak Off-ს (ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების არაკონსესუალური სქესობრივი აქტები). ბრალდების თანახმად, ბრალდებული და მისი პარტნიორები სავარაუდოდ ტყუილითა და მუქარით აუპატიურებდნენ ქალებს, რომლებიც, ასევე იძულებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შონ კომბსმა თავი უდანაშაულოდ ცნო, სასამართლო მას გირაოთი გათავისუფლების უფლებას არ აძლევს. კომბსს 15 წლიდან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთანავე, დანაშაულებრივი წვეულებების გარდა, პროკურატურა Diddy-ს არაერთ ქალზე ძალადობას ედავება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატი ტონი ბაზბის იურიდიულ ფირმაში 120-მდე კერძო საჩივარი შევიდა შონ კომბსის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების, გაუპატიურების მიზნით ნივთიერებების გამოყენებისა თუ სექსუალური ძაალადობის ბრალდებით, მათ შორის არასრულწლოვანებზეც. ადვოკატი საკუთარი კლიენტების სახელით შონ კომბსის წინააღმდეგ ამ მხრივ სარჩელის შეტანას გეგმავს.
რეპერის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ე.წ. სტუმართა სიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კომბსის დანაშაულებრივ წვეულებებს ჰოლივუდის სხვადასხვა ვარსკვლავი ესწრებოდა. ვარსკვლავები, რომლებიც აღნიშნულ სიაში მოხვდნენ, საზოგადოების მხრიდან არაერთი კონსპირაციული თეორიის ნაწილნი გახდნენ. თეორიის მიხედვით, ისინიც იმგვარად დამნაშავეები არიან, როგორც მასპინძელი Diddy.
რეალურად, სტუმართა სიები ასახავდა იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებიც ბრალდებულის ე.წ. White Parties-ის სტუმრები იყვნენ. White Parties მოიაზრებს ბევერლი ჰილსში გამართულ „ვარსკვლავურ“ წვუელებებს, რომელსაც ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი, ცნობილი და გავლენიანი სახეეები ესწრებოდნენ ხოლმე, მაგალითად, ჯენიფერ ლოპეზი, ეშტონ კაჩერი, დემი მური და სხვა. წვეულებები, რომლის დრეს კოდის ყოველთვის თეთრი ტანისამოსი იყო, არ არის მოხსენიებული შონ კომბსისთვის წაყენებულ სამ ბრალდებაში და არ წარმოადგენს დანაშაულებრივ ღონისძიებებს.
თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურატურმა გარკვეული დარღვევები White Parties-ის მიმდინარეობაშიც აღმოაჩინა უშუალოდ მომუშავე პერსონალის მიმართ. კერძოდ, 2000-იან წლებში აღნიშნული წვეეულებების დაქირავებული თანამშრომელი ადრია ინგლიში აცხადებს, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნარკოტიკული ნივთიერებით გაჟღენთილი სასმელი მისცეს და აიძულეს სხვადასხვა სტუმართან ჰქონოდა სექსუალური აქტი. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება ან დასაბუთებული ეჭვი, რომ White Parties-ის სტუმარი ვარსკვლავები რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში იყვნენ შემჩნეულნი.
რაც შეეხება უშუალოდ მიშელ ობამას მონაწილეობას „სატანისტურ“ წვეულებებში, აღნიშნული მტკიცება ვირუსულად ვრცელდება არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოენოვან პლატფორმებზეც (მაგალითისთვის იხ. 1, 2). მტკიცებულება, რომლითაც მიშელ ობამას Diddy-ს წვუელებებში მონაწილეობის დამტკიცებას ცდილობენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებლი, ჯერჯერობით მოიცავს 4 ივლისს Diddy-ს მიერ გამართული წვეულებიდან ვიდეოს, რომელშიც თეთრებში ჩაცმული ქალი მიშელ ობამად ჰყავთ დასახელებული. რეალურად ვიდეოში აღნიშნული ქალი არა მიშელ ობამა, არამედ მომღერალი ტეიანა ტეილორია.
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, მიშელ ობამას შესახებ, ტყუილია.