Home » დეზინფორმაცია: მოსახლეობის შემცირება 8 მილიარდიდან 500 მილიონამდე აიფონების აფეთქებით შეიძლება
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: მოსახლეობის შემცირება 8 მილიარდიდან 500 მილიონამდე აიფონების აფეთქებით შეიძლება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გაავრცელა აიფონის აფეთქების, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო და რეალური, მოჭრილი ვიდეო. აღნიშნულზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში პეიჯერების მსგავსად, აიფონების დისტანციურად აფეთქებაზე ექსპერიმენტები ტარდება , რათა მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდიდან 500 მილიონამდე ერთი დაწკაპუნებით შეამცირონ (არქივირებული ბმული). მოსახლეობის შემცირების გეგმის შესახებ შეთქმულების თეორიები  არაერთხელ გავრცელებულა, კერძოდ, სხვადასხვა გლობალურ მოვლენასთან დაკავშირებით როგორიცაა პანდემია, კლიმატური ცვლილებები, ლგბტქ თემი, ისრაელის მიერ პეიჯერების აფეთქება და სხვა.

რეალურად, პოსტში გამოქვეყნებული ვიდეოს სრულად ნახვის შემთხვევაში, ცხადი ხდება, რომ აიფონი დისტანციურად არ ფეთქდება და მომხმარებლის მიერ გავრცელებული პოსტი იმ შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომელიც ისრაელის მიერ ჰეზბოლას წევრების პეიჯერების აფეთქების შემდეგ გახდა აქტუალური.

17-18 სექტემბერს დღის საათებში ლიბანში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ჰეზბოლას (ლიბანში დაფუძნებული ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა) წევრების პეიჯერები და რაციები მიყოლებით ფეთქდებოდა, რამაც სულ ცოტა 32 ადამიანის სიკვდილი და ათასობით ადამიანის დაზიანება გამოიწვია. მოვლენამ მასშტაბურობიდან და „ორიგინალურობიდან“ გამომდინარე, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რაც მალევე გახდა კონსპირაციული თეორიების ჩამოყალიბების საფუძველი. როგორც ქართულენოვან, ისე უცხოენოვან სოციალურ მედიებში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია (1, 2), რომ ხელისუფლებებს პეიჯერებისა თუ სხვა მოწყობილობების დისტანციურად აფეთქება და მოსახლეობის რაოდენობის „ერთი დაწკაპუნებით“ შემცირება შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პოსტები სწორედ იმ ვიდეოს თანხლებით ვრცელდება, რომელიც Facebook-მომხმარებელს ჰქონდა გამოყენებული.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა მოსადმა ასაფეთქებელ საშუალებები  წინასწარ ჩაამონტაჟა იმ 5000-მდე პეიჯერში, რომლებიც ჰეზბოლას პირადი გამოყენებისთვის ჰქონდა შეკვეთილი. ჰეზბოლას მებრძოლები პეიჯერებსა და რაციებს საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდნენ. ჰეზბოლას წევრებისთვის განკუთვნილი რაციებისა და პეიჯერების წარმოებისას, მოსადმა მათში 3 გრამი იმგვარი ასაფეთქებელი მასალა მოათავსა, რომელიც სპეციალური კოდის მიღებისას ფეთქდება. როდესაც კოდირებული მესიჯი გაიგზავნა პეიჯერებზე,  ყველა მათგანში წინასწარ ჩამონტაჟებული დეტონატორები ერთდროულად გააქტიურდა და აფეთქება გამოიწვია.

ისრაელმა აღნიშნულ მეთოდს კონკრეტული მიზნისთვის, ჰეზბოლას მებრძოლების განადგურებისთვის მიმართა და ოპერაციამ მხოლოდ 5000 პეიჯერი მოიცვა. მტკიცება, რომ შესაძლებელია მსოფლიოს მოსახლეობის ხელთ არსებული ტელეფონებისა და ტექნოლოგიების მასობრივად აფეთქება, კონსპირაციული თეორიის ნაწილია. ერთი მხრივ, ლოჯისტიკურად შეუძლებელია ნებისმიერ მოწყობილობაში დეტონატორების ჩამონტაჟება და, მეორე მხრივ, ისეთი კომპანიები, რომლებიც საკომუნიკაციო საშუალებებს უშვებენ, წარმოებისა და პროდუქტის რეალიზებისას სამართლებრივ რეგულაციებს ექვემდებარებიან (მაგალითისთვის Samsung, Iphone). შესაბამისად, არარეალურია მტკიცება, რომ მსოფლიოს ხელისუფლებებს შეუძლიათ დეტონატორით დამუხტული ტექნოლოგიების მასობრივი წარმოება.

ამასთანავე, ვიდეო, რომელიც პოსტის ავტორმა აღნიშნული დეზინფორმაციის მტკიცებად გაავრცელა, რეალურად 13 წლის წინ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოდან ამოჭრილი კადრია. ვიდეოში ე.წ. The Geek Group-ის (ახალგაზრდების მოხალისეობრივი გაერთიანება) ერთ-ერთი წევრი აფეთქებს ძველი თაობის აიფონს. Facebook-პოსტში ვიდეოს კადრი იმგვარადაა მოჭრილი, რომ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს სმარტფონის აფეთქება დისტანციურად შესაძლებელია. რეალურად კი, სრულ ვიდეოში ცხადდება, რომ აიფონი ჯგუფის მიერ შექმნილი მოწყობილობის Thumper-ის საშუალებით ფეთქდება. კერძოდ, ვიდეოში აიფონს ალუმინის მავთულში ახვევენ და ათავსებენ Thumper-ში, რომელიც ორი ელექტრული კონდენსატორისგან შედგება. შემდეგ კი Thumper-ს კონტროლის პანელიდან 1600-ზე მეტ ვოლტსა და 880,000 ამპერზე მუხტავენ და დაგროვილ ელექტრული ენერგია აიფონზე გადააქვთ. შესაბამისად, ვიდეოში ტელეფონი არა დისტანციურად, არამედ შორი მანძილიდან სპეციალური დამუხტვისა და ელექტრული კავშირის შედეგად ფეთქდება.

 აღსანიშნავია, რომ კონსპირაციული თეორია, რომელიც ისრაელის მიერ პეიჯერების აფეთქების შემდეგ გახდა აქტუალური, ამ მოვლენამდეც ხშირად ვრცელდებოდა. თეორიის მიხედვით, ძალაუფლებისა და გავლენის მქონე პერსონებსა თუ მთავრობებს მსოფლიო მოსახლეობის ხელოვნური შემცირება და განადგურება სურთ. აღნიშნული კონსპირაციული თეორიის შესახებ დეზინფორმაცია  სხვადასხვა მედიაში არაერთხელ გავრცელებულა (1, 2, 3).

ამგვარად, მტკიცება, რომ მოსახლეობის შემცირება 8 მილიარდიდან 500 მილიონამდე „ერთი ხელის დაწკაპუნებით“, აიფონების აფეთქებით შეიძლება, მცდარია.