Home » ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული… ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე… ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად
გადამოწმებული ფაქტები ვერდიქტები სიმართლე

ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული… ესაა დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე… ამიტომ კეთდება ამდენი ბაღი ერთად

ზურაბ ნაკაიძე: [საბავშვო] ბაღები [მშენებლობა/რეაბილიტაცია] დაგეგმილია დიდი ხანია. ამ ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული. გრანტს ვერ აკონტროლებ, როდის მოიგებ. ესაა დასავლელ პარტნიორებზე განსაზღვრული, რომელიც დაემთხვა და ამიტომ გამოვიდა ამდენი ბაღი ერთად.

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ზურაბ ნაკაიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წლის ბიუჯეტით, სულ გათვალისწინებულია ორი ბაღის გამაგრება-რეაბილიტაცია, ხუთი ბაღის მშენებლობა და სამ ბაღზე ენერგოეფექტიანობის სამუშაოების ჩატარება. ენერგოეფექტიანობის სამუშაოები  KFW-ის (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი) მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება. გრანტის მოცულობა – 7 522 000 ევროს, ხოლო  ბათუმის მუნიციპალიტეტი საპარტნიორო თანამონაწილეობა 10%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის დანართის თანახმად, საერთაშორისო ტენდერის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ჯერზე არ შედგა, მეორედ 2022 წლის ბოლოს გამოცხადდა და 2023 წლის ივნისში დასრულდა. იმავე დანართში განმარტებულია, რომ ამ ტენდერის სრულად დასრულება, გამარჯვებულის გამოვლენა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მოსალოდნელია 2024 წლის პირველ კვარტალში, რის შემდგომაც დაიწყება სატენდერო პროცესი, ხოლო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსალოდნელია 2024 წლის მეოთხე კვარტალში. ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ზურაბ ნაკაიძის განცხადების ნაწილი ენერგოეფექტურობის პროექტთან მიმართებით, სიმართლეა. რამდენიმე საბავშვო ბაღის, კერძოდ, აეროპორტის გზატკეცილის №82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას ქ.№83-ში და ა. ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე კი ხელშეკრულება 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა. იმავე წლის აგვისტოს ბოლოს კი დაიწყო N4 საბავშვო ბაღის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა ამისა, 2023 წელს, რამდენიმე ბაღის მშენებლობის მიზნით, ორი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მუნიციპალური განვითარების ფონდს. ამასთანავე, საბავშვო ბაღების კაპიტალური რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა ბიუჯეტში ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში შეტანილი ცვლილებით გაიზარდა. მოცემული არგუმენტების გათვალისწინებით, ზურაბ ნაკაიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ნაკაიძემ განაცხადა: „[საბავშვო] ბაღები [მშენებლობა/რეაბილიტაცია] დაგეგმილია დიდი ხანია. ამ ბაღებიდან რამდენიმეზე გრანტია მოპოვებული. გრანტს ვერ აკონტროლებ, როდის მოიგებ. ესაა დასავლელ პარტნიორებზე განსაზღვრული, რომელიც დაემთხვა და ამიტომ გამოვიდა ამდენი ბაღი ერთად.“ აღნიშნული განცხადება იყო პასუხი ოპოზიციონერი დეპუტატის რიტორიკულ კითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში ბაღების მშენებლობა  და სხვა პროგრამა/პროექტები რომ მას განეხორციელებინა, ჩაუთვლიდნენ, თუ – არა ამომრჩევლის მოსყიდვად.

„ჯეოფაქტსი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ზურაბ ნაკაიძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. „ჯეოფაქტსმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი ტენდერები შეისწავლა. ასევე ყურადღებით გავეცანით ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელ (ცვლილებამდე) და  ცვლილების შემდგომ დადგენილებებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერებს აცხადებს ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. მიმდინარე წლის ბიუჯეტის დასაწყისში, ბიუჯეტის დანართს მიხედვით, დაიგეგმა ერთი შენობის რეაბილიტაცია, სამის მშენებლობა (აეროპორტის გზატკეცილი N82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას ქ. N83-ში და ალექსანდრე ნანეიშვილის ქ. N12-ის მიმდებარედ) და სამი ბაღის ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზება. მაისში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დაემატა კიდევ ორი ბაღის მშენებლობა (ივანე მესხის I ჩიხი N7-ის მიმდებარედ და ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ). აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას ქ.№83-ში და ა. ნანეიშვილის ქ.№12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში გამოცხადდა, მაგრამ არ შედგა. განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში შპს „დს კონსტრაქშენმა“ გაიმარჯვა. სახელშეკრულებო ღირებულება 13 540 020 ლარს შეადგენს.  ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად რეკონსტრუქცია-ადაპტაცია და თამარ მეფის ქ. № 20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები. ბაღების მშენებლობის საბოლოო ვადა იყო 2024 წლის 30 აგვისტო.  ბოლო ცვლილებით, კომპანიას მშენებლობის ვადა მიმდინარე წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა. გაჭიანურდა მელიქიშვილის ქ. N8-ში მდებარე №4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც. სამუშაოები 2024 წლის 30 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო, კომპანიას ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა.  ასევე, არ შედგა მიმდინარე წლის მაისში გამოცხადებული ტენდერი და მეორედ გამოცხადდა სექტემბერში ივანე მესხის პირველი ჩიხის N7-ის მიმდებარედ და ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე.  წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდება.

ბათუმში სამი საბავშვო ბაღის (N18, N23 და N29) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით, 2023 წლის ბოლოს 12 190 000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა  მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ლაგი კაპიტალს“ შორის. პროექტი უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ოც თვეში. ამ ეტაპზე, კომპანიისთვის ანაზღაურებულია 2 635 998 ლარი (მთლიანი ღირებულების 22%), საიდანაც 2 438 000 ლარი ავანსის სახით ჩაერიცხა. იმავე პერიოდში, იმავე შემსყიდველსა და ამხანაგობა CIC & KK-ის შორის გაფორმებულია 13 710 410 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ბათუმის N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით. ამ შემთხვევაში, პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა. მიმწოდებლისთვის გადარიცხულია მხოლოდ ავანსი – 4 113 123 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება დასავლური გრანტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯერ კიდევ 2019 წელს გაავრცელა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო დაფინანსებას უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მეშვეობით. გრანტის მოცულობა 5.722 მილიონ ევროს შეადგენს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საპარტნიორო თანამონაწილეობა კი 10%-ია.  ბიუჯეტის დანართის მიხედვით, პირველ კლასტერში შემავალი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2022 წელს გამოცხადებული იყო საერთაშორისო ტენდერის პირველი ეტაპი – წინასაკვალიფიკაციო შერჩევა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ახალი წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც დასრულდა 2023 წლის ივნისში. იმავე დანართში ვკითხულობთ, რომ ტენდერის სრულად დასრულება, გამარჯვებულის გამოვლენა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მოსალოდნელია 2024 წლის პირველ კვარტალში, რასაც მოჰყვება სატენდერო პროცესი შემდგომი ლოტებისთვის, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსალოდნელია 2024 წლის მეოთხე კვარტალში. ეს ჩანაწერი მიუთითებს, რომ ზურაბ ნაკაიძემ სიმართლე თქვა, როცა დასავლური გრანტით ბაღების რეაბილიტაციის საკითხს შეეხო.

„ჯეოფაქტსი“ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმში ჯერ კიდევ არაერთი აღსაზრდელი საბავშვო ბაღში ვერ დადის, რადგან ქალაქში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ სწვდება და ეს უკიდურესად ართულებს მოქალაქეების მდგომარეობას. თუმცა ზურაბ ნაკაიძის განცხადება გულისხმობს იმას, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა ან რეაბილიტაცია დაიგეგმა არა წინასაარჩევნოდ, არამედ 2024 წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, რამდენიმე ბაღი უცხოური გრანტის ფარგლებში უნდა რეაბილიტირდეს, რაც გარკვეულ პროცედურებს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.