2024 წლის საპარლამენტო არჩევნები (და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც) სრულად პროპორციული წესით ტარდება. თუმცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საარჩევნო კოდექსში ცვლილება შეიტანა და პარტიულ სიაში დელეგატის კომპონენტი დაამატა, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა კრიტიკულად შეაფასა. მათი ვარაუდით, მოქმედმა ხელისუფლებამ დელეგატებად ისეთი პირების განწესება განიზრახა, რომლებსაც, თავიანთი ფულითა და გავლენებით, ამომრჩეველთა ხმების მობილიზება შეუძლიათ. საკითხი განხილულია „ჯეოფაქტსის“ სტატიაშიც. ცვლილებიდან მოკლე დროში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დელეგატები წარადგინა. მათ შორისაა ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ქობულეთელი ამომრჩევლის ხმა უნდა იყოს.
გიორგი ჭყონიას კომპანია შპს „გზას“ აჭარის (და არა მხოლოდ) მუნიციპალიტეტებში, 2011 წლიდან მოყოლებული, არაერთი მრავალმილიონიანი ხელშეკრულება აქვს მიღებული, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვითა და სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზეც. მაგალითად, მიმდინარე წლის აგვისტოში ის ჩაერთო შპს „ბათუმის წყლის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 16 244 288 ლარია. პროექტი ბათუმში, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. შესყიდვით სხვა კომპანიაც დაინტერესდა და შემსყიდველს სამუშაოების განხორციელება უფრო დაბალ ფასად შესთავაზა, თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამდენად, სავარაუდოდ, ხელშეკრულება შპს „გზასთან“ გაფორმდება. აღნიშნული კომპანია გამოცხადდა გამარჯვებულად საერთაშორისო ტენდერში, რომელიც აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტს, რომლის ღირებულებაც 62 მლნ ევროა, ახორციელებს „აჭარის წყლის ალიანსი“. ის სახელმწიფო კომპანიაა და მის აქციებს ფლობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტი.
ერთი წლის წინ შპს „გზის“ შესახებ „ფაქტ-მეტრმაც“ დაწერა. კერძოდ, 2023 წლის ივნისში კომპანიასთან 15 658 999-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. შპს „გზას“, ავანსის სახით, 4 697 699 ლარი ჩაერიცხა. მიმწოდებელს სამუშაოები იმავე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩაებარებინა. თუმცა პროექტი 2024 წლის ზაფხულშიც გაგრძელდა. ხელშეკრულებაში შეცდომა ექვსჯერ გასწორდა, ხოლო სახელშეკრულებო პირობები შვიდჯერ შეიცვალა. საბანკო გარანტია გაცემულია „ქართუ ბანკის“ მიერ.
2023 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გიორგი ჭყონიას შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ბიზნესმენის კომპანიებს, სახელმწიფო შესყიდვების გზით, მიღებული ჰქონდა, ჯამში, 335 638 719 ლარი. როგორც აღვნიშნეთ, მრავალმილიონიან ტენდერებში შპს „გზა“ მონაწილეობს. ამ კომპანიასთან 228 557 300 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერებისა და სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შედეგად გაფორმდა. ამასთან, „გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, ჭყონიას კომპანია „შატო კვირიკეს“ რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეს მიმდებარედ, 26,870 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სახელმწიფო ტყის ფონდი), სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა. გარდა ამისა, ჭყონიას კომპანიებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა მიიღო. მაგალითად, 2020 წლის 4 მარტს ბანკმა „ქართუმ”, უძრავი ქონების ურთიერთგაცვლის საფუძველზე მიღებული მიწის ნაკვეთი, რომელიც მცხეთაში მდებარეობს, მოგვიანებით გიორგი ჭყონიას მიჰყიდა. ასევე, შპს „შალე კვირიკემ“, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო „აწარმოვე საქართველოდან”. რამდენიმე წლის წინ სწორედ „აწარმოვე საქართველოს” თანადაფინანსებით გაიხსნა „შატო კვირიკეს” კომპლექსი, რომელიც ასევე გიორგი ჭყონიას საკუთრებაა.
სიახლე, რომელსაც „ჯეოფაქტსმა“ ყურადღება მიაქცია, არის ის, რომ გიორგი ჭყონიას ახალი ბიზნესპარტნიორი ჰყავს. კერძოდ, 2024 წლის მაისში დაფუძნდა შპს „თაუერ გრუფი ურეკი“, რომლის დირექტორიც და 60% წილის მფლობელიც არის კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. მან თანამდებობა და პარლამენტარის მანდატი 2021 წლის ბოლოს დატოვა. სწორედ მასთან ერთად ფლობს და მართავს ახლად დაფუძნებული კომპანიის წილის 40%-ს გიორგი ჭყონია. კახაბერ კუჭავა „ქართული ოცნების“ შემწირველია – 2016 წელს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 55 000 ლარი გაიღო.
რაც შეეხება გიორგი ჭყონიასა და მისი სხვა ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დონაციას: შპს „გზის“ დირექტორია მალხაზ დუმბაძე, რომელსაც პირველი შემოწირულება 2012 წელს განუხორციელებია, იმჟამინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული პარტიისთვის 15 000 ლარი გადაურიცხავს. ამის შემდეგ, 2016 წლიდან, დუმბაძემ, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ჯამში 145 000 ლარი გადარიცხა. ზუსტად იმავე თანმიმდევრობით, იმავე პერიოდში პოლიტიკური დონაცია გააკეთა გიორგი ჭყონიამაც, ჯამში 470 000 ლარის ოდენობით, საიდანაც 60 000 ლარი წინა ხელისუფლების სასარგებლოდ გაიღო, ხოლო დანარჩენი – „ქართული ოცნებისა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.
გიორგი ჭყონიას სახელს უკავშირდება (წილი – 10%) შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი“ რომელიც 2018 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იური მარტინოვი, რომელიც 51%-ს ფლობს. რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი მოქალაქე ვიქტორია რომანოვა 19%-ის მესაკუთრეა, ხოლო 10% ალა კახნიაურს, „ქართუ ჯგუფის” იურიდიული სამსახურის ყოფილ უფროსს, ეკუთვნის, რომელსაც „ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 85 000 ლარი გადაურიცხავს. ჭყონია წილის 50%-ს ფლობს შპს „მობილია ბათუმში“, რომლის ერთ-ერთ დირექტორს, ლევან მჟავანაძეს, ასევე მმართველი პარტიისთვის 120 000 ლარი შეუწირავს. რაც შეეხება კომპანიას „სახლი ძველ ბათუმში“, ჭყონია მის 100%-იან წილს ფლობს, დირექტორია ჯიმშერ ზოიძე. მას „ოცნებისთვის“ გადარიცხული აქვს 25 000 ლარი, ხოლო თვითონ კომპანიას – 50 000 ლარი. ჭყონიას კუთვნილი შპს „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპის“ დირექტორს, სოფიო წულაძეს, კი ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის 40 000 ლარის გადარიცხვა აქვს გაკეთებული. ჭყონიას კიდევ ერთ ბიზნესპარტნიორს, ზურაბ კიკნაძეს, გაკეთებული აქვს 150 000 ლარის დონაცია. აქედან 5 000 ლარი – 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ხოლო დანარჩენი ამჟამინდელი მმართველი პარტიისთვის. 100 ათასი ლარი „ოცნებას“ კიკნაძის კომპანია „ზიმომ“ გადაურიცხა. საერთო ჯამში, მათ მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული თანხის მოცულობა მილიონ ლარს აღემატება.
გიორგი ჭყონიას სახელი კიდევ არაერთ კომპანიას უკავშირდება, ან უკავშირდებოდა. თუმცა ზემოთ ნახსენები ფაქტები, კომპანიები და პარტნიორებიც საკმარისია იმის დასტურად, რომ ბიზნესმენი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია და მმართველი პარტია მისგან მნიშვნელოვან ბენეფიტებს ელოდება.