Home » დეზინფორმაცია: უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და რეალურად, რუსეთის ნაწილია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და რეალურად, რუსეთის ნაწილია

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ „ხელოვნურად შექმნილი უკრაინა“ რუსეთს უნდა დაუბრუნდეს. რეალურად, აღნიშნული მტკიცება კრემლის გამოგონილი, ისტორიის შერჩევითი მიდგომით შექმნილი ნარატივების ნაწილია, რომელიც უკრაინაში ომის გასამართლებლად პროპაგანდისტულად გამოიყენება.

მტკიცება, რომ უკრაინა თავისთავად არ არის ქვეყანა, არამედ რუსეთის ისტორიული ნაწილი, უკვე დიდი ხანია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პროპაგანდისტულად ჟღერდება.  ჯერ კიდევ  2008 წლის აპრილში ნატოს ბუქარესტში გამართულ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინა სახელმწიფოც კი არ არის! რა არის უკრაინა? მისი ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთ ევროპაშია, მაგრამ მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანი, ჩვენგან საჩუქარი იყო!” 2014 წლის 18 მარტს თავის გამოსვლაში ყირიმის ანექსიის აღსანიშნავად, პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“.

რუსეთის პრეზიდენტმა იგივე ნარატივი ამერიკელი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან 2024 წლის 8 თებერვალს ინტერვიუს დროს გაავრცელა. პუტინი რუსეთის სახელმწიფოებრიობის განუწყვეტელ ტრადიციას, რასაც, მისი აზრით, მე-9 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველიუპირისპირებს უკრაინას, რომელიც, მისივე მტკიცებით, მე-20 საუკუნეშიშეიქმნა“. პუტინისთვის რუსული იდენტობის წარმოშობა კიევის რუსეთს უკავშირდება, სამთავროების კონფედერაციას, რომელიც მე-9 საუკუნის ბოლოდან მე-13 საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა.

სერგეი რადჩენკო, ჯონს ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის ისტორიკოსი, გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას და მას  „სრული სიცრუე“ უწოდა: „ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ნარატივი უკუღმა ააგოს და დაამტკიცოს, რომ რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ თავისი განვითარება მე-9 საუკუნეში დაიწყო. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ მე-9 საუკუნეში დაიწყო განვითარება, ზუსტად იგივე მტკიცებულებებითა და დოკუმენტებით.

რეალურად, პოლიტიკური და კულტურული ტრადიციის მიხედვით, კიევის რუსეთი მართლაც არის რუსეთისა და უკრაინის, ისევე, როგორც თანამედროვე ბელორუსის აკვანი. თუმცა მე-11 საუკუნის შუა წლებში კიევის რუსეთმა ნახევრად ავტონომიურ სამთავროებად დაშლა დაიწყო (იხ. რუკა 1). მათ შორის იყო გალიცია-ვოჰინია, რომელიც მოიცავდა თანამედროვე უკრაინისა და ბელორუსიის ნაწილებს, ნოვგოროდი – თანამედროვე რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და ვლადიმერ-სუზდალის სამთავრობო – თანამედროვე დასავლეთ რუსეთის ტერიტორიას.

რუკა 1

1240 წელს მონღოლთა იმპერიამ კიევი დაიპყრო და ის ნაწილი, რაც ერთიანი კიევის რუსეთისგან იყო დარჩენილი, საბოლოოდ გაანადგურა.

როდესაც მე-14 საუკუნეში მონღოლთა იმპერიამ და მისმა მემკვიდრეებმა დასუსტება დაიწყეს, აღმოსავლეთში ძალაუფლება საბოლოოდ მოსკოვში დაგროვდა და შედეგად, მოსკოვის დიდი სამთავრო შეიქმნა. დასავლეთით პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი საჰერცოგო ჩამოყალიბდა, რომლებმაც ერთად 1569 წელს შექმნეს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა (რეჩპოსპოლიტა).

1648 წელს აღნიშნულ თანამეგობრობას კაზაკები, სტეპის მაცხოვრებლები რომლებიც სამხედრო გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ, აუჯანყდნენ. აღნიშნულმა ხელი შეუწყო კაზაკთა სახელმწიფოს, ჰეტმანატის ჩამოყალიბებას. ბევრი უკრაინელი ჰეტმანატს მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდენტობის სათავედ მიიჩნევს (იხ. რუკა 2).

რუკა 2

მართლაც, თავდაპირველ კაზაკთა მიწებს ხშირად უწოდებდნენ „უკრაინას“, სლავურ სიტყვას, რაც „საზღვრისპირს“ ნიშნავს. მოსკოვის სამთავროსგან განსხვავებით, კაზაკთა ადრეული მებრძოლები მართვისას დემოკრატიის გარკვეულ ლიმიტირებულ ფორმებს იზიარებდნენ.

კაზაკთა სახელმწიფოს მალევე საგარეო გამოწვევები გაუჩნდა. მათ როგორც პოლონელები (თანამეგობრობა), ისე ოსმალები ემუქრებოდნენ. აღნიშნულის გამო, კაზაკთა ლიდერებმა ერთგულება მოსკოვის მეფეს აღუთქვეს. მათ მეფეს წარუდგინეს ტექსტი, რომელიც „სლავო-რუსული“ ერის საფუძველს ასახავს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაარწმუნებდნენ მეფეს, დაეცვა ისინი, არა მხოლოდ მათი საერთო ისტორიისა და მართლმადიდებლური რელიგიის გამო, არამედ ეთნო-ეროვნული ერთიანობის სახელითაც. აღსანიშნავია, რომ პუტინმა ტაკერ კარლსონს ინტერვიუს დროს ამ ტექსტის ასლი წარუდგინა.

მე-17 საუკუნის ბოლოს ჰეტმანათის ტერიტორია ორად გაიყო: მოსკოვმა აიღო კონტროლი მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ დაიკავა მისი დასავლეთი. 1708 წელს ივან მაზეპა, კაზაკთა ლიდერი, მეფე პეტრე დიდის წინააღმდეგ წარუმატებელ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მაზეპას მოღალატედ მიიჩნევს, უკრაინაში კი ის გმირია. პეტრე გახდა რუსეთის პირველი იმპერატორი 1721 წელს.

მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიამ, ავსტრიისა და პრუსიის დახმარებით, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის წინააღმდეგ იბრძოლა. რუსებმა ოსმალებსაც წაართვეს ტერიტორია, რომელიც ახლანდელი სამხრეთ უკრაინაა. ეს მოიცავდა ყირიმს, რომელიც ეკატერინე დიდმა რუსეთს 1783 წელს შეუერთა. კაზაკთა ჰეტმანატის საბოლოო დაშლას სწორედ ეკატერინე ხელმძღვანელობდა.

1917 წელს ომით დასუსტებულმა რუსეთმა ორი რევოლუცია განიცადა. პირველმა დაამხო რომანოვების დინასტია. მეორე უკავშირდება ლენინისა და ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. პირველი რევოლუციის შემდეგ კიევში ოფიციალურმა პირებმა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დააარსეს. მეორე რევოლუციის შემდეგ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საბოლოოდ, ლენინმა რესპუბლიკა ძალით დაიმორჩილა. თუმცა, როგორც გამოცემა „ეკონომისტი“ წერს, უკრაინის ეროვნული იდენტობის სიძლიერემ აიძულა იგი, შეექმნა უკრაინის სოციალისტური რესპუბლიკა და დაეშვა უკრაინული ენის გამოყენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი ინტერვიუს დროს ლენინის გადაწყვეტილებას „გაურკვეველი მიზეზებს“ მიაწერს: „გაურკვეველი მიზეზების გამო, მან [ლენინმა] გადასცა უკრაინის ახლად დაარსებულ საბჭოთა რესპუბლიკას მიწების ნაწილი იქ მცხოვრებ ხალხთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწებს არასოდეს ერქვა უკრაინა და მაინც ისინი გახდნენ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი“.

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს არანაირი ისტორიული კავშირი უკრაინასთან არ ჰქონდა. მისთვის ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწები ფაქტობრივად სამართლიანად რუსულია. მოგვიანებით, პუტინი მათ მოიხსენიებს მე-18 საუკუნის ტერმინით „ნოვოროსია“ – ახალი რუსეთი (ე.წ. ნოვოროსია მოიცავს ყირიმს, ხერსონის, მარიუპოლის და ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიებს). რეალურად, აღნიშნული ტერიტორიები ოსმალეთის ნაწილს წარმოადგენდა, რაც რუსეთის მმართველმა ეკატერინე დიდმა მე-17 საუკუნეში დაიპყრო. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მიწების მცხოვრებნი მე-17 საუკუნეში არ იყვნენ არც რუსები და არც უკრაინელები, არამედ ოსმალები, თათრები ან კაზაკები – სლავი გლეხები. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად სწორედ ამ მტკიცებას იყენებს.

1922 წელს უკრაინა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ოთხი დამფუძნებელი წევრიდან ერთ-ერთი იყო.

BBC-სთან ინტერვიუს დროს, ისტორიკოსი სერგეი რადჩენკო უარყოფს პუტინის მტკიცებას, რომ უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა, რადგან ის თანამედროვე სახით მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა. რადჩენკო აცხადებს, რომ „ნებისმიერი ქვეყანა არის ყალბი ქვეყანა, იმ გაგებით, რომ ქვეყნები იქმნება ისტორიული პროცესის შედეგად“. ისტორიკოსის თქმით, თუ უკრაინა ყალბი ქვეყანაა, მაშინ ასეა რუსეთიც, რადგან რუსეთი შეიქმნა რუსეთის მეფეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, ციმბირის კოლონიზაცია.

საბჭოთა პერიოდში უკრაინის ტერიტორია გაფართოვდა. საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტის მიხედვით, ნაცისტურ გერმანიასთან, რომელიც 1939 წელს გაფორმდა, ორმა ქვეყანამ აღმოსავლეთ ევროპა გაინაწილა. მომდევნო ბრძოლებში საბჭოთა უკრაინას დაემატა უკრაინელებით დასახლებული პოლონეთის ნაწილი, ხოლო 1954 წელს საბჭოთა კავშირმა ყირიმის ადმინისტრაცია საბჭოთა რუსეთიდან უკრაინას გადასცა. თუმცა, ამავდროულად, უკრაინამ სსრკ-ში უდიდესი ტანჯვაც გადაიტანა ჰოლოდომორის სახით. კერძოდ, 1930-იან წლებში იოსებ სტალინის პოლიტიკამ, განეხორციელებინა სოფლის მეურნეობის იძულებითი კოლექტივიზაცია, უკრაინაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევამ დამოუკიდებლობა მოუტანა მის 15 შემადგენელ რესპუბლიკას. პუტინმა ამ მოვლენას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა.

უკრაინა მოულოდნელად, მსოფლიოში, ბირთვული არსენალის მქონე, სიდიდით მესამე სახელმწიფო გახდა.

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი საზღვრებში, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღემდე უცვლელია. იმავე დღეს გაერომ ცნო უკრაინის დამოუკიდებლობა და უკრაინა მისი წევრი გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ამჟამად განსაზღვრულ საზღვრებში ცნო რუსეთის ფედერაციამაც 1991 წლის 29 აგვისტოს.

1994 წლის 5 დეკემბერს რუსეთმა კიდევ ერთხელ ცნო უკრაინის დამოუკიდებლობა დადგენილ საზღვრებში, როდესაც ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, რითაც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დროს მის ტერიტორიაზე განთავსებულ ბირთვულ იარაღზე, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა. 1998 წლის 14 იანვარს უკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების გაგრძელება იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სახელმწიფო საზღვარზე არსებული შეთანხმებაა, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ დასახლებებზე, სადაც ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამინდელ რუსეთის ფედერაციაში არის დიდი რაოდენობით ტერიტორია, რომელიც ისტორიულად არ არის რუსული. რუსეთის ტერიტორიებში შედის ფინური (კარელია), გერმანული (კალინინგრადი), ჩერქეზული (კუბანი, კრასნოდარის ტერიტორია), ასევე ციმბირი, თათარსტანი, ბაშკორტოსტანი და მრავალი სხვა. შესაბამისად, რუსული ლოგიკით, რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის რუსეთი.