Home » დეზინფორმაცია: ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ უკრაინისთვის გადასაცემი აღარაფერი გააჩნია
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ უკრაინისთვის გადასაცემი აღარაფერი გააჩნია

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის (არქივირებული პოსტის ბმული) თანახმად, „ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ მეტი გადასაცემი უკრაინისთვის აღარ გააჩნია“. სინამდვილეში, პოლონეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ოფიციალური წყაროების ვებგვერდებზე, არც ერთ საძიებო სისტემაში ან სანდო მედიასაშუალებებზე არ იძებნება.

პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა ომის პირობებში. 2024 წლის 5 აპრილს პოლონეთმა შექმნა უკრაინასთან თანამშრომლობის საბჭო, რათა უკეთ გამკლავებოდა გამოწვევებს და კოორდინაცია გაეწია უკრაინის აღდგენისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მცდელობებისთვის.

2024 წლის 8 ივლისს პოლონეთსა და უკრაინას შორის ახალ ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მოეწერა ხელი. პოლონეთმა 4 მილიარდი ევროს ღირებულების 44 სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე მიაწოდა უკრაინას და პირობა დადო, რომ მიმდინარე წელს და მომდევნო ათწლეულში უკრაინას კიდევ რამდენიმე დახმარების პაკეტს გადასცემს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, უკრაინასა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლონეთი უპრეცედენტო პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სამედიცინო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასა და დახმარებას ახორციელებს უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე, 2014 წლიდან და 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, უკრაინის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში, ასევე ნათქვამია, რომ პოლონეთის დახმარება უკრაინისთვის უწყვეტად მაღალ დონეზე რჩება.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]