Home » სოციალურ ქსელში თურქული კაფეს ბანერის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში თურქული კაფეს ბანერის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომელიც ანტიუკრაინული შინაარსისა და დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად ავრცელებს (123), ამჯერად თურქეთის ერთ-ერთ კაფეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და წერს „რა დღეში არიან თურმე თურქები, როგორ ეპათხალიმებიან რუსებს“. პოსტი ქმნის წარმოდგენას, რომ ფოტო ახალია და თურქეთში რუს ტურისტებს მსგავსი ბანერით ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ხვდებიან. რეალურად, ფოტო ძველია და ინტერნეტში 2016 წლიდან ვრცელდება.

„ბორში, ქაშაყი, არაყი. რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყველაფერი კარგად იქნება. ვოვა მართალია, ვოვა ძლიერია, ვოვა იქნება სამყაროს მამა”, – წერია  დაწესებულების შესასვლელთან.

უკრაინული გამოცემის „ობოზრევატელის“ თანახმად,  2016 წელს ერთ-ერთი თურქული კაფე სწორედ ამ ფორმით  ცდილობდა რუსი ტურისტების მოზიდვას. გამოცემის თანახმად, იმავე წელს თურქეთის საკურორტო სოფელ კირიშის ერთ-ერთ მაღაზიაში უკრაინის მხარდამჭერი წარწერაც გაჩნდა: „დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“.

ამდენად, გავრცელებული ფოტო ძველია და მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, თურქეთში ტურისტებს მსგავსი ბანერით ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ხვდებიან.