სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის (არქივირებული პოსტისა და ვიდეოს ბმული) თანახმად, ვაქცინირებული ადამიანების სისხლი ბიოლოგიური იარაღით მოწამლული, დაბინძურებული და სახიფათოა. ინფორმაციის სანდოობისთვის, იგი ასევე აქვეყნებს დოქტორი ბენ მარბლის ვიდეოს. რეალურად, მტკიცება, რომ ვაქცინირებულთა სისხლი ტრანსფუზიისთვის გამოუყენებელია, სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დასტურდება.
ინფორმაცია, თითქოს ვაქცინირებულთა სისხლი დაბინძურებული და ტრანსფუზიისთვის გამოუყენებელია, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ამჯერად, გავრცელებულ ინფორმაციას საფუძვლად დოქტორი ბენჯამინ მარბლის ვიდეო დაედო. ადგილობრივმა ექიმმა, რომელმაც ტელეჯანმრთელობის ვებგვერდი შექმნა კოვიდ-19-ის შესახებ კონსულტაციებისთვის, გავრცელებული ვიდეო პლატფორმა X-ზე თავად გამოაქვეყნა. პოსტი ამჟამად ხელმისაწვდომი არაა, რადგან მარბლს აღნიშნულ პლატფორმაზე აქტივობის უფლება აქვს შეზღუდული.
მარბლი მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, American Frontline Doctors-ის წევრია. ჯგუფმა პოპულარობა 2020 წლის ზაფხულში, მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი ზოგიერთი წევრი ვირუსულ ვიდეოში გამოჩნდა, რომელშიც Covid-19-ის დაუდასტურებელი მედიკამენტებით მკურნალობის სასწაულებრიობას ამტკიცებდნენ. ბენჯამინ მარბლის ტელეჯანმრთელობის გვერდიც ვაქცინის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდა და უკავშირდებოდა ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც Covid-19-ის დაუდასტურებელი მეთოდებითა და პრეპარატებით მკურნალობას უწყობდნენ ხელს (მაგალითად, ისეთით, როგორიცაა პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი ივერმექტინი).
ინფორმაციის გამავრცელებლის მტკიცებით, ვაქცინირებულთა სისხლი რომ სახიფათოა ამას წითელი ჯვრის გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, ვაქცინირებულ ადამიანებს სისხლის პლაზმის დონაცია არ შეუძლიათ. მტკიცებას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის სისხლს „აბინძურებს“ და შესაბამისად, ტრანსფუზიისთვის (სისხლის გადასხმისთვის) გამოუყენებელს ხდის. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დაუსაბუთებელი და მცდარია.
წითელ ჯვართან დაკავშირებით, მსგავსი დეზინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ 2021 წელს გავრცელდა. ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებს სისხლის ან პლაზმის დონაცია არ შეეძლოთ. პლაზმა – სისხლის თხევადი ნაწილია, რომელიც უჯრედების ამოღების შემდეგ რჩება – მდიდარია ანტისხეულებით, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ინფექციის დროს გამოიმუშავებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
თუმცა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, 2023 წლის იანვარში, სისხლისა და ბიოთერაპიის გაუმჯობესების ასოციაციის, ამერიკის სისხლის ცენტრებისა და ამერიკული წითელი ჯვრის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სისხლის დონაცია იმ პირებისგან, რომლებმაც მიიღეს COVID-19 ვაქცინა აშშ–ში, ნებადართული და უსაფრთხოდ მიჩნეულია ტრანსფუზიისთვის“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ვაქცინირებული დონორებისგან შეგროვებული სისხლის გამოყენების შემთხვევაში არასასურველ, უარყოფით შედეგების არსებობას დაადასტურებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არ არსებობს სამედიცინო საფუძველი, სისხლის დონაციისას, COVID-19-ის ვაქცინით აცრილ და აუცრელ ადამიანთა სისხლის გასაცალკევებლად.
Health Feedback-ისა და სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების განმარტებით, წითელი ჯვარი არა მხოლოდ იღებდა, არამედ ფაქტობრივად აახალისებდა სისხლისა და პლაზმის შემოწირულებას COVID-19-ის ვაქცინის მიმღებებისგან. მართალია, ორგანიზაციამ გამოჯანმრთელებულთა პლაზმის შეგროვება შეწყვიტა, თუმცა ამას მხოლოდ მარაგის საკმარისობა განაპირობებდა და არა უსაფრთხოებასა და არაეფექტურობასთან დაკავშირებული ეჭვები.
გავრცელებულ ინფორმაციას გარდა Health Feedback-ისა, ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორებიცაა: Open.online, FactCheck.org, Lead Stories. Lead Stories-თან წითელი ჯვრის სპიკერმა დანიელ პარამ 2024 წლის 21 თებერვალს ელექტრონული წერილით განაცხადა, რომ წითელმა ჯვარმა, აშშ-ის სისხლის შეგროვების ყველა სხვა ორგანიზაციასთან ერთად, უნდა დაიცვას საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დადგენილი კრიტერიუმები. დანიელ პარას განცხადებით, FDA სისხლის დონაციის ნებას რთავს პირებს, ლოდინის პერიოდის გარეშე, COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ, თუ ისინი თავს კარგად გრძნობენ და სიმპტომების გარეშე არიან. მათ, ვინც იტყობინება, რომ მიიღო COVID-19 ვაქცინა, სთხოვენ მიუთითონ მწარმოებლის სახელი, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის FDA-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინა. ხოლო თუ დონორს არ ახსოვს მწარმოებლის სახელი, სთხოვენ, რომ ვაქცინაციიდან ორკვირიანი პერიოდის გასვლას დაელოდონ.
დანიელ პარამ ასევე განაცხადა, რომ სისხლის დონაციამდე, სხვადასხვა ვაქცინის შემთხვევაში, FDA განსხვავებულ ლოდინის პერიოდს მოითხოვს. ლოდინის პერიოდი შეიძლება განსხვავდებოდეს 2-დან 4 კვირამდე, ვაქცინაზე დაყრდნობით. ვაქცინათა ჩამონათვალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება წითელას, ყბაყურას და წითურას, ჩუტყვავილას, პოლიომიელიტის, ყვითელი ცხელების, B ჰეპატიტის და სხვ. აცრებით. ამის გამო, წითელი ჯვარი და ყველა სისხლის შემგროვებელი თითოეულ პოტენციურ დონორს ვაქცინაციის ისტორიის შესახებ ეკითხება, რათა დაადგინოს უფლებამოსილება და კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვროს მოცდის პერიოდი.
ამდენად, წითელი ჯვრის ორგანიზაცია ვაქცინირებულთა სისხლის ჩაბარებაზე უარს არ ამბობს, ხოლო მტკიცება, რომ ვაქცინირებულთა სისხლი ტრანსფუზიისთვის გამოუყენებელია, სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დასტურდება.