Home » სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის (არქივირებული პოსტის ბმული) თანახმად, COVID-19-ის წინააღმდეგ სამჯერ ვაქცინირებული ადამიანის ვაქცინაციის დოკუმენტში „კოდი 5G“ ჩანს. პოსტს თან ერთვის იტალიური კოვიდ-სერტიფიკატის ვიდეო და ფოტოები. რეალურად, გამოქვეყნებული ვიზუალური მასალა რედაქტირებულია.

გავრცელებული კადრების TinEye.com-ის მეშვეობით ძიებისას, დადგინდა, რომ ისინი ინტერნეტსივრცეში პირველად 2022 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ სხვადასხვა არასანდო ვებგვერდისა და ანგარიშის მიერ ვრცელდებოდა.

სერტიფიკატი მოიცავს ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ვაქცინაციის თარიღი, გამოყენებული ვაქცინა და ჯგუფის ნომერი. გავრცელებულ კადრებში, მეორე დოზის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ასევე მითითებულია „5G“, ცხრანიშნა კოდის მარჯვნივ, „Codice AIC“ გრაფაში.

„Codice AIC“ მედიკამენტის ავტორიზაციის ცხრაციფრა კოდია, რომელიც იტალიური მედიკამენტების სააგენტოს (A.I.F.A.) მიერ გაიცემა. იტალიის მედიკამენტების სააგენტომ Biontech/Pfizer ვაქცინას კოდი 049269018 (გავრცელებულ ფოტოებზე მითითებული კოდი) მიანიჭა, ხოლო დამატება „5G“ ცხრანიშნა კოდს არ მიეკუთვნება. ცხრაციფრიან კოდს 5G ახალი თაობის ინტერნეტთან საერთო არაფერი აქვს.

გარდა ზემოხსენებულისა, ფოტოზე დაბეჭდილი ციფრები და „5G” ჩანაწერი სხვადასხვა ფონტით არის შესრულებული, რაც, სავარაუდოდ, ჩანაწერის მოგვიანებით დამატებაზე მიუთითებს.

ინფორმაციის ვირუსულ გავრცელებას, ჯერ კიდევ 2022 წელს, ისეთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორებიცაა, გერმანული CORRECTIV, იტალიური Facta და Open.online.

CORRECTIV-თან კომუნიკაციისას სერტიფიკატის გამცემი კლინიკის, IRCCS Policlinico San Donato-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალა მანიპულირებულია.  მისი განცხადებით, მართალია გაცემული ეს დოკუმენტი ნამდვილი იყო, მაგრამ მას მოგვიანებით „5G“ დაამატეს.

აღსანიშნავია, რომ შეთქმულების თეორეტიკოსები ახალი თაობის ინტერნეტსა და კორონავირუსს ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ. მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს, 5G ინტერნეტი კორონავირუსის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რომ ახალი თაობის ინტერნეტს და ინფექციურ დაავადებებს შორის არანაირი კავშირი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ვირუსს რადიო ტალღების/მობილური ქსელების მეშვეობით გადაადგილება არ შეუძლია“ და აღნიშნა, რომ კორონავირუსი ბევრ ისეთ ქვეყანაში გავრცელდა, რომლებშიც 5G მობილურ ქსელებს საერთოდ არ ვხვდებოდით.

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 [email protected]