Home » დეზინფორმაცია: კლაუს შვაბმა 2030 წლისთვის მანქანის ფლობის აკრძალვა გამოაცხადა
გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: კლაუს შვაბმა 2030 წლისთვის მანქანის ფლობის აკრძალვა გამოაცხადა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის (არქივირებული პოსტის და ვიდეოს ბმული) თანახმად, 2030 წლისთვის ადამიანები აღარ ისარგებლებენ მანქანით. ინფორმაციის გამავრცელებლის მტკიცებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა, კლაუს შვაბმა, „ავტომობილის მფლობელობის მსოფლიო შეწყვეტა“, კერძო მანქანების აკრძალვა და „მაგისტრალების პარკებად გადაქცევა“ გამოაცხადა. რეალურად, კლაუს შვაბს „ავტომობილების მფლობელობის მსოფლიო შეწყვეტა“ არ გამოუცხადებია.

გამოქვეყნებული ვიდეოკადრები 2015 წელს მსოფლიო მთავრობების სამიტზე კლაუს შვაბის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან არის ამოჭრილი (იხილეთ სრული ჩანაწერი 13:21-დან). მისი გამოსვლა შეეხებოდა ახალ გლობალურ კონტექსტსა და მის გავლენას მთავრობის როლზე.

გამოსვლისას კლაუს შვაბმა აღნიშნა, რომ თვითმართვადი მანქანების გამოჩენა ქალაქებში დატვირთულ საავტომობილო მოძრაობას და შესაბამისად, მაგისტრალების აუცილებლობას შეამცირებდა, რაც მათ სოციალურ სივრცეებად გადაქცევის საშუალებას გააჩენდა. კლაუს შვაბს კერძო ავტომობილების ფლობის აკრძალვის შესახებ არაფერი უთქვამს:

„თქვენ გამოიყენებთ აპლიკაციას, როგორიცაა Uber, მაგრამ აღარ დაუკავშირდებით მძღოლს, არამედ ავტომატურად მართვად მანქანას. თვითმართვადი მანქანა მოვა თქვენს სასტუმროში ან სადაც არ უნდა იყოთ და მიგიყვანთ აეროპორტში. ლოს-ანჯელესი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საავტომობილო მოძრაობის მქონე ქალაქი, 2030 წელს ლოს-ანჯელესში იქნება კერძო ავტომობილებისგან თავისუფალი და ეს საშუალებას მისცემს ავტომაგისტრალებს გადაიქცენ პარკებად და სხვა საჯარო სივრცეებად“.

კლაუს შვაბის სიტყვის ამონარიდი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ძირითადად არასანდო ანგარიშების მიერ (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8). ინფორმაციის გავრცელებას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact-იც გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე, კლაუს შვაბს, კერძო ავტომობილების ფლობის აკრძალვის უფლება არსად, მით უმეტეს მსოფლიოს მასშტაბით, არ აქვს.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.