სოციალურ ქსელ Facebook-ზე მომხმარებლებმა გამოაქვეყნებს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს.
„გუშინ მიიღეს კანონი უკრაინაში მართლმადიდებლობის აკრძალვის შესახებ….რუსულიაოოო“, – ვკითხულობთ აღწერაში. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს.
სინამდვილეში, უკრაინის რადამ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს იმ უცხოური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა მართვის ცენტრი უკრაინის გარეთ, ისეთ სახელმწიფოში მდებარეობს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებდა ან აწარმოებს სამხედრო აგრესიას. ამ კრიტერიუმებში ჯდება უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (Українська Православна Церква Московський Патріархат (УПЦ – МП) .
თუმცა ამ ეკლესიის გარდა უკრაინაში ასევე მოქმედებს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (Православна Церква України – ПЦУ), რომელიც 2018 წელს კიევის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისა (УПЦ-КП) და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის (УАПЦ) გაერთიანების შედეგად შეიქმნა. 2019 წლის 5 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტომოსი გამოსცა, რითაც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (Православна Церква України – ПЦУ) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან დამოუკიდებლობა მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა (54%) 2022 წლის ივლისის მონაცემებით, თავს სწორედ ამ ეკლესიას მიაკუთვნებს, მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებულ] უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი – 4%. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე, 2021 წლის ივნისში, ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება კანონს, ის უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს 2023 წლის იანვარში წარედგინა, 2023 წლის 19 ოქტომბერს პირველი მოსმენით, 2024 წლის 20 აგვისტოს კი საბოლოო მოსმენით მიიღეს, ხოლო პრეზიდენტს ხელმოსაწერად 23 აგვისტოს გადაეგზავნა.
კანონპროექტის – სახელწოდებით „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“ (კანონპროექტი No 8371) – საბოლოო ვერსიაში ნათქვამია, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი არალეგალური ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული და საჯარო უსაფრთხოებისთვისა და უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.
კანონით იკრძალება იმ უცხოური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც იმ სახელმწიფოში მდებარეობენ, რომელმაც აღიარებულია, რომ განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინის ან/და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების წინააღმდეგ; ასევე იკრძალება იმ უცხოური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. ამასთანავე, იმ უცხოურ რელიგიურ ორგანიზაციად, რომელიც მდებარეობს ისეთ სახელმწიფოში, რომელმაც აწარმოვა უკრაინის ან მისი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ აგრესია, ითვლება ისეთი უცხოური რელიგიური ორგანიზაციები (რელიგიური ადმინისტრაციები, ასოციაციები, ცენტრები), რომელთა სახელმძღვანელო ცენტრი (მენეჯმენტი) მდებარეობს უკრაინის გარეთ შესაბამის აგრესორ სახელმწიფოში.
ამავე კანონის მე-3 პუნქტში, რომელიც ისეთ უცხოურ რელიგიურ ორგანიზაციებს ეხებათ, რომელთა აქტივობები უკრაინაში აკრძალულია, მითითებულია, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აგრესორი სახელმწიფოს რეჟიმის „იდეოლოგიურ გაგრძელებას“ წარმოადგენს და მისი აქტივობები უკრაინაში იკრძალება.
ეს ჩანაწერი კანონპროექტის ძირითად სამიზნედ მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებულ] უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქცევს.
უკრაინის ვერხოვნა რადას მიერ Telegram-ში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიზანია უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა.
განცხადებაში ამასთანავე აღნიშნულია, რომ „დღეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსული გავლენისა და პროპაგანდის ინსტრუმენტია. კანონის მიღებით უკრაინა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს მოსახლეობის ტერორისტული მტრული პროპაგანდისგან დასაცავად“. „აკრძალულია „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა და რელიგიური ორგანიზაციების გამოყენება ამ იდეოლოგიის პოპულარიზაციისთვის აკრძალულია“ – ვკითხულობთ გაცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ – МП) ფორმალურად არ აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოზე დამოკიდებულებას და 2022 წლის 27 მაისს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსებმა მოსკოვისგან ეკლესიის სრული დამოუკიდებლობაც გამოაცხადეს, მათ ხაზი იმასაც გაუსვეს, რომ ეს ნაბიჯი არ წარმოადგენდა მოსკოვთან ფორმალური კავშირების გაწყვეტის აქტს. მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ – МП) სინოდალური საინფორმაციო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ისიც განაცხადა, რომ „საბჭომ [ამ ქმედებით] მხოლოდ ხაზი გაუსვა [ამ სტატუსს] კიდევ ერთხელ… და ჩვენ ვაგრძელებთ სულიერი ერთობის შენარჩუნებას არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთანაც“.
ამასთანავე, მიუხედავად 2022 წლის 27 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ – МП) მიერ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოცხადებული დამოუკიდებლობისა, უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მიერ 2023 წლის იანვარში რელიგიური გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც წერია, რომ „ადმინისტრაციული წესდების ახალი ვერსიის მიღებამ და საბჭოს დადგენილებამ არ გამოიწვია [მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიების საეკლესიო-კანონიკური კავშირის შეწყვეტა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიასთან. უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი – როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურული ქვედანაყოფის, რომელიც სარგებლობს დამოუკიდებლობის გარკვეული უფლებებით, თუმცა არ შეადგენს ავტოკეფალიურ ეკლესიას – უცვლელი რჩება“.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2024 წლის მასამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაახლოებით 70-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ – МП) წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომელთა შორისაც არის ღალატისა და კოლაბორაციონიზმის 20 ფაქტი. ეკლესიის ცალკეულ სასულიერო პირებს რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ხშირად ადანაშაულებენ.
შესაბამისად, უკრაინაში მიღებული კანონით არა ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესია ან მართლმადიდებლობა იკრძალება (იმის გამო რომ „ის რუსულია“), არამედ კანონი ეხება მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მისი კავშირის გამო მიიჩნევა. ეს გამოიკვეთა იდეოლოგიურ თანხვედრაში და ომის დროს მტრის – რუსეთის, პროპაგანდის გავრცელების ხელშეწყობაში და ეკლესიის წარმომადგენლების ღალატისა და კოლაბორაციონიზმის დანაშაულებში მხილებაში. ამასთანავე, უკრაინის სახელმწიფო სამსახურების ცნობით, ეკლესიას არ გაუწყვეტია საეკლესიო-კანონიკური კავშირები რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მის ქვედანაყოფს წარმოადგენს. უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიის (Православна Церква України – ПЦУ) საქმიანობას, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის 52% უკავშირებს თავს, საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება. ამდენად, მანიპულაციურია მტკიცება, რომ „[უკრაინაში] მიიღეს კანონი მართლმადიდებლობის აკრძალვის შესახებ“.